Nasdaq საფონდო ბირჟაზე რეკორდულად მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა

Nasdaq საფონდო ბირჟაზე რეკორდულად მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა

იმისდა მიუხედავად, რომ აშშ-ის საფონდო ბირჟისათვის საკმაოდ მძიმე ორშაბათი იყო, ტექ-კომპანიების აქციების მზარდმა ტენდენციამ Nasdaq საფონდო ბირჟაზე მორიგი რეკორდი დაამყარა.

Apple-სა და Salesforce-ის აქციები დღეს 1%-ით გაიზარდა. ბაზრის ტენდენციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მიკროჩიპების ცნობილმა მწარმოებელმა Nvidia-მაც, რომლის ზრდამ 5% შეადგინა.

დადებითი ტენდენცია არ შეინიშნებოდა თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია Boeing-ის შემთხვევაში. მისი აქციების ფასი დღეს 3%-ით დაეცა რეგულატორების მიერ ახალი ავიამზიდისათვის სერტიფიცირების გადავადების გამო.

Bryn Mawr Trust-ის მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა, ჯეფ მილსმა, განაცხადა, რომ ტექ-კომპანიების ამგვარი მზარდი ტენდენცია გარკვეული ფაქტორებითაა განპირობებული. მისი თქმით, ეს ტენდენცია ციკლური აქციების წლის დასაწყისიდან მოყოლებულ აღმავლობას უკავშირდება.

საინტერესოა, რომ კომპანიათა აქციების ფასების ზრდა აშშ-ში მიმდინარე რეკორდულ ინფლაციას ემთხვევა. როგორც ჩანს, ინვესტორები სულ უფრო მეტად რწმუნდებიან იმაში, რომ შეერთებულ შტატებში არსებული ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი ეკონომიკის მზარდი განვითარებისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს და მხოლოდ დროებითი რყევაა.

საფონდო ბირჟის ტენდენციებზე დიდ გავლენას ახდენს დებატები საგადასახადო კანონის შესახებ, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც ინდივიდუალურ ინვესტორებსა თუ დიდ ჰეჯ-ფონდებს სახელმწიფოსათვის დიდი რაოდენობით თანხის გადახდა მოუწევთ.

ეკონომისტები ივნისის მონაცემებზე დაყრდნობითა და უმუშევრობის დონის შემცირების გამო საფონდო ბირჟებზე მსგავსი ტენდენციის შენარჩუნებას ვარაუდობენ.