სერბეთისა და რუსეთის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ სერბეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი აღარ შედგება. მოსკოვი დასავლეთს რუსეთის წარმომადგენლების თვითმფრინავისათვის საჰაერო სივრცის დაბლოკვაში ადანაშაულებს.
აღნიშნული ამბის გავრცელების შემდეგ, მომხდარი ბულგარეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ და მონტენეგრომაც დაადასტურეს. მათ სერგეი ლავროვის თვითმფრინავს სერბეთში ჩასაფრენად საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარი უთხრეს.
თავად სერგეი ლავროვი აღნიშნულ ინციდენტს მკაცრად აფასებს. მისი განცხადებით, სუვერენულ სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის წარმოების უფლება ჩამოერთვა. ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსულ ორბიტაზე სერბეთის საერთაშორისო საქმიანობა დაბლოკილია.
მომხდარიდან მალევე სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ქვეყანაში რუსეთის ელჩს შეხვდა, რომელმაც პრეზიდენტს ლავროვის ვიზიტის გაუქმების მიზეზად ნატოს წევრი სახელმწიფოების ქმედებები დაუსახელა.
თავად პრეზიდენტმა აღნიშნულ გარემოებაზე უკმაყოფილება გამოთქვა და დასძინა, რომ მიუხედავად ყველაფრისა სერბეთი შეინარჩუნებს დამოუკიდებელ და სუვერენულ პოლიტიკას საგარეო პოლიტიკის წარმოებაში.
ცნობისათვის, ფორმალურად სერბეთი ევროკავშირში გაწევრებას კვლავ ცდილობს. თუმცა, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე სერბეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გამყარდა. შეგახსენებთ, რომ სერბეთი უარს ამბობ დასავლეთის მიერ რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებზე მიერთებაზეც. სერბეთში ბევრი რუსეთის ფედერაციას ქვეყნის მთავარ მოკავშირედ მიიჩნევს.
საინტერესოა, რომ ბრალდებაზე საუბრისას სერგეი ლავროვმა მინიშნება ნატოს წევრობაზე გააკეთა. მისი განმარტებით, მონტენეგრომ, ჩრდილოეთ მაკედონიამ და ბულგარეთმა რუსულ თვითმფრინავს საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლება სწორედ ამ მიზეზით არ მისცა.