მსოფლიოს უდიდესი საკვებისა და სასმლის კომპანია აცხადებს, რომ საქონლისა და ტრანსპორტირების ხარჯების გაზრდის გამო, პროდუქციაზე ფასები კიდევ უფრო მოიმატებს. Nestle ყველაზე დიდი საკვების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა სახის პროდუქციას აწარმოებს. მათი განცხადებით თანახმად, წარმოების ფასების ზრდას კომპანია წლის მეორე ნახევარში პროდუქციაზე ფასების მომატებით უპასუხებს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ შნაიდერის თქმით, ინფლაცია თითქოს წლების განმავლობაში არ ჩანდა. ახლა კი მისმა მზარდმა ტემპმა პროდუქციის ფასებზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. შნაიდერი იმედოვნებს, რომ ინფლაცია დროებითია. თუმცა Nescafe-ს, Gerber-ისა და Cheerios-ის მფლობელმა განაცხადა, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით ფასები 2%-დან 4%-მდე გაიზრდება. 2021 წლის პირველ ნახევარში Nestle-მ ფასები უკვე 1.3%-ით გაზარდა.
მარკ შნაიდერმა ასევე აღნიშნა, რომ კომპანია მდგრადია ისეთი ცვლილებების მიმართ, როგორიც მაგალითად, ყავის ღირებულების ზრდაა. თუმცა ტრანსპორტირების ხარჯების ზრდა კომპანიაზე დიდ ზეგავლენას ახდენს.
Nestle მიმდინარე წელს 17.5%-იან ზღვრულ მოგებას ელის. 2021 წელს კომპანიამ უკვე 5-6%-იანი ზრდა აჩვენა. Nestle-ს გარდა ფასების გაძვირების შესახებ განცხადება სხვა კომპანიებმაც გააკეთეს. მსოფლიო ეკონომიკების პანდემიის შემდგომი აღდგენის პროცესის პარალელურად საწარმოო ხარჯები იზრდება, რაც პროდუქციის ფასზეც ახდენს გავლენას. გარდა ამისა, კოვიდშეზღუდვების მოხსნის პარალელურად იზრდება პროდუქციაზე მოთხოვნაც, თუმცა მიწოდების ტემპები აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს, რაც ასევე ზრდის ფასს.