ქართული კომერციული ბანკების რეიტინგი 2013 წლისთვის

ქართული კომერციული ბანკების რეიტინგი 2013 წლისთვის

საქართველოს საბანკო სექტორი ყოველთვის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ავანგარდშია და როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ბიზნესსაზოგადოების ქებას იმსახურებს დინამიკური განვითარებისა და სტაბილურობისთვის. ამავდროულად, მოსახლეობის ფართო მასებთან პირდაპირი კონტაქტისა და მათზე გავლენის მოხდენის უნარის გამო, საბანკო სექტორი დიდ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ინტერესს იწვევს და მის მიმართ სხვადასხვა ბრალდებაც ხშირად გაისმის. ამ სტატიაში განვიხილავთ 2013 წელს საქართველოს საბანკო სექტორში არსებულ ძირითად ტენდენციებს და შევეცდებით გავაანალიზოთ, თუ როგორ გაუმკლავდა თითოეული ბანკი არასტაბილური მაკროეკონომიკური და პოლიტიკური გარემოს გამოწვევებს. სტატია მომზადებულია EY საქართველოსა და Forbes Georgia-ს მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებსა და სტატისტიკურ მონაცემებზე, ასევე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საჯარო სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით. კომერციული ბანკების ფინანსური მონაცემები წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშგებისა და აღრიცხვის დირექტივების თანახმად და შეიძლება არ შეესაბამებოდეს კომერციული ბანკების მიერ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გაცხადებულ ფინანსურ ინფორმაციას.

მაკროეკონომიკური მიმოხილვა

2013 წელს მთელ მსოფლიოში შეინიშნებოდა ეკონომიკური სირთულეების დაძლევის მცდელობები. მესამე და მეოთხე კვარტალის საერთო შედეგები დამაიმედებელი იყო: გლობალური რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 3% შეადგინა, და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2014 წელს 3,7%-იანი, ხოლო 2015 წელს 3,9%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. აშშ-მ შეძლო სახელმწიფო სესხის ლიმიტის გაზრდასთან დაკავშირებული დაპირისპირებით გამოწვეული ფისკალური კრიზისის დაძლევა, თუმცა ეს მოხდა ეკონომიკური ზრდისა და მომხმარებელთა ნდობის დაკარგვის ხარჯზე. 2014 წლის ბოლო ორ კვარტალში ევროკავშირს უმძიმესი კრიზისიდან გამოსვლის ნიშნები დაეტყო, რის შედეგადაც რეალური მშპ მხოლოდ 0,4%-ით შემცირდა. ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2014 წელს 1%-იანი, ხოლო 2015 წელს 1,5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. 2013 წლის განმავლობაში საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში – თურქეთსა და უკრაინაში ეკონომიკური ვითარება არასტაბილურობით გამოირჩეოდა და ეს ტენდენცია 2014 წელსაც გრძელდება. თურქეთის ეკონომიკა კვლავაც ფინანსური დისბალანსის მდგომარეობაშია, რამაც 2013 წელს მისი ვალუტის 20%-ით გაუფასურება და ინფლაციის 8%-მდე ზრდა გამოიწვია. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2013 წელს თურქეთის ეკონომიკა 3,2%-ით გაიზარდა, ხოლო 2014 და 2015 წლებში, შესაბამისად, 2,5%-ინი და 3%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. რაც შეეხება უკრაინას, ინვესტიციების შემცირების გამო მოთხოვნის კლების, ფოლადსა და ძირითადი სავაჭრო პარტნიორების სხვა საქონელზე დაბალი მოთხოვნისა და არსებული პოლიტიკური დესტაბილიზაციის გამო, სავარაუდოდ, კიდევ უფრო შემცირდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2014 წლისთვის პროგნოზირებული მშპ-ის 1,5%-იანი ზრდის ტემპი.

 
მშპ-ის რეალური ზრდა მსოფლიოში

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი, World Economic Outlook Update, იანვარი, 2014

2013 წლის პირველ სამ კვარტალში მომხმარებლებისა და ბიზნესების ნდობის დაკარგვამ, ინვესტიციების კლებამ და საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცამ, რაც ძირითადად განპირობებული იყო 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მთავრობის ცვლილებასთან დაკავშირებული გაურკვევლობით, უარყოფითად იმოქმედა საქართველოს ეკონომიკაზე. ამ გარემოებების გამო ეკონომიკის ზრდა 2013 წლის პირველ სამ კვარტალში მხოლოდ 1,5-2,5%-ს შეადგენდა. ამის მიუხედავად, 2013 წლის მეოთხე კვარტალში ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდა და 7,1%-იანი ზრდა აჩვენა, რისი მიზეზიც მთავრობის ცვლილებით გამოწვეული გაურკვევლობის აღმოფხვრა და საბიუჯეტო ხარჯების ზრდა იყო. ზემოაღნიშნული ფაქტორების ერთობლიობამ 2013 წელს მშპ-ის 3,2%-იანი ზრდა განაპირობა. მოკრძალებული წლიური ზრდის ტემპის მიუხედავად, 2013 წელს საქართველოს ეკონომიკაში დამაიმედებელი სტრუქტურული ცვლილებებიც შეიმჩნეოდა. საბიუჯეტო ხარჯებისა და ინვესტიციების შემცირების (12%-ით) პირობებში, ქვეყნის შიდა მოთხოვნის შესუსტების კომპენსირება მოხდა ექსპორტის საგრძნობი ზრდით. 2013 წელს საქონლისა და მომსახურების ექსპორტი 22%-ით გაიზრდა და, წინა წლებისგან განსხვავებით, ექსპორტის აბსოლუტურმა ზრდამ მნიშვნელოვნად გაუსწრო იმპორტისას. ჯანსაღი ზრდა დაფიქსირდა ექსპორტზე ორიენტირებულ ისეთ სექტორებში, როგორიცაა მინერალური და არაალკოჰოლური სასმელებისა (27%) და ალკოჰოლური სასმელების (29%) წარმოება. ამის ძირითადი მიზეზი რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის განახლებაა. რუსეთის ბაზარზე ექსპორტის წილი ქვეყნის მთლიან ექსპორტში 2012 წლის 2%-იანი მაჩვენებლიდან 2013 წელს 7%-მდე, ხოლო 2014 წლის პირველ კვარტალში 10%-მდე გაიზარდა. 2013 წელს 9,8%-იანი ზრდა აჩვენა სოფლის მეურნეობის სექტორმაც, რაც შთამბეჭდავი შედეგია 2012 წლის 3,7%-იანი კლების მაჩვენებელთან შედარებით. სოფლის მეურნეობის ზრდაზე დიდი გავლენა მოახდინა ამ სექტორისთვის 2012 და 2013 წლებში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულმა სტიმულირების პროგრამებმა.

ზემოაღნიშნული ტენდენციების გამო, 2013 წლის პირველი სამი კვარტალი 1,5-2%-იანი დეფლაციით ხასიათდებოდა, ხოლო 2013 წლის ბოლო კვარტალში მზარდი ეკონომიკური აქტივობის გამო ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 2,4% შეადგინა. ლარის კურსი 2013 წლის განმავლობაში სტაბილური იყო და აშშ დოლარის მიმართ მხოლოდ წლიური 5%-ით გაუფასურდა, აქედან 4,4%-ით – 2013 წლის ბოლო კვარტალში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, რეალური მშპ 2014-2015 წლებში 5%-ით გაიზრდება, ხოლო ინფლაცია ამავე წლებში, შესაბამისად, 4%-სა და 4,6%-ს გაუტოლდება. აღნიშნული საპროგნოზო მაჩვენებლებისთვის დამახასიათებელი ძირითადი რისკები და გაურკვევლობები უკავშირდება უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული პოლიტიკური ვითარების შესაძლო გავლენას მსოფლიოსა და რეგიონის ეკონომიკაზე, და ასევე რუსეთთან უწყვეტი სავაჭრო ურთიერთობის გაგრძელებას.

საქართველოს საბანკო სექტორის ზოგადი მიმოხილვა

საერთო ჯამში, საქართველოს საბანკო სექტორისთვის 2013 წელი დადებითად შეიძლება შეფასდეს. ამ სექტორის ზრდამ ისევ გაუსწრო ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპს, თუმცა, წინა წლებთან შედარებით, უფრო მოკრძალებით. საბანკო სექტორის შესახებ Forbes Georgia-ს მიერ 2011 წლის სექტემბრის შედეგებზე დაყრდნობით გამოქვეყნებული წინა მიმოხილვის შემდეგ საქართველოს ბაზრიდან გავიდა ერთი კომერციული ბანკი (HSBC ბანკი საქართველო) და გაიცა სამი ახალი ლიცენზია (ფინკა საქართველო, პაშა ბანკი, თურქული „იშ ბანკის“ ბათუმის ფილიალი), რის შედეგადაც კომერციული ბანკების მთლიანი რაოდენობა 21-ს გაუტოლდა.

2013 წელს საქართველოს კომერციული ბანკების ჯამური აქტივები 20%-ით გაიზარდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ზრდის დიდი ნაწილი წმინდა სესხებზე მოდიოდა. სასესხო პორტფელის გაზრდას ძირითადად განაპირობებდა სამომხმარებლო, იპოთეკური სესხებისა და მომენტალური განვადებების მატება. გაცემული სესხების ზრდასთან ერთად დადებითი როლი ითამაშა სასესხო პორტფელის ხარისხის გაუმჯობესებამაც. კონკურენციისა და ჭარბი ლიკვიდურობის მიუხედავად, ახალი სესხების გაცემამ არ გამოიწვია სასესხო პორტფელის ხარისხის გაუარესება. გარდა ამისა, 2012 წელს გარკვეული მსხვილი მსესხებლებისთვის სპეციფიკური, არასისტემატური რისკების გამო დარეზერვებული სესხები 2013 წელს ამოღებული იქნა. კაპიტალზე უკუგებამ 2013 წელს 14,6% შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელზე მაღალი იყო. ეს განაპირობა სასესხო პორტფელის ზრდის ტემპის დაჩქარებამ, საპროცენტო და საკომისიო შემოსავლის მატებამ, ასევე 2012 წლის სესხების შედარებით მაღალი დარეზერვებისა და შემდეგ 2013 წელს მათი ამოღების გავლენამ. 2013 წლის ბოლოსთვის საქართველოს საბანკო სექტორი კვლავაც მაღალი კაპიტალიზაციით ხასიათდებოდა: პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 13%-ს აღემატებოდა (ბაზელ I-ის მიხედვით 18,29%), ხოლო საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტი 17,2%-ს აღწევდა (ბაზელ I-ის მიხედვით 25,22%), რაც სავალდებულო მინიმუმს, შესაბამისად, 5% და 5,2%-ით აღემატებოდა.

სრული აქტივები 

ქართული ბანკების სრული აქტივების აგრეგირებული მაჩვენებელი 2013 წლის განმავლობაში 20%-ით გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია – 17 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ლარში გამოხატული სრული აქტივების ყველაზე დიდი ზრდა – 577 მილიონ ლარამდე საქართველოს ბანკზე მოდიოდა, ხოლო ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი (166%) პროგრეს ბანკმა აჩვენა. ვერც ერთმა ბანკმა ვერ შეძლო თავისი რეიტინგის ერთ პოზიციაზე მეტით ამაღლება. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს ბანკების პირველი ხუთეულიდან პოზიციის გაუმჯობესება მხოლოდ ლიბერთი ბანკმა შეძლო, ხოლო ბაზისბანკი წამყვანი ბანკების ათეულში მოხვდა. პროკრედიტ ბანკი ერთადერთი ბანკია პირველ ათეულში, რომელმაც 2013 წელს უარყოფითი ზრდა აჩვენა, რის შედეგადაც ორი პოზიციით ჩამოქვეითდა.

2013 წლის განმავლობაში ბანკებმა აქტივების მარტივი სტრუქტურა შეინარჩუნეს: აქტივების 23% ფულად სახსრებსა და სხვა ბანკებში განთავსებულ ანაბრებზე მოდიოდა, 57% – გაცემულ წმინდა სესხებზე, ხოლო 20% – სხვა აქტივებზე. მთლიანი აქტივების ზრდის 60% სასესხო პორტფელის ზრდაზე მოდიოდა, რაც უფრო დაწვრილებით ქვემოთაა განხილული.

გაცემული სესხები

როგორც ზემოთ აღინიშნა, სასესხო პორტფელის მკვეთრ ზრდას არ გამოუწვევია მისი ხარისხის საგრძნობი გაუარესება. ხარისხის გაუარესების უარყოფითმა კონტრიბუციამ წმინდა პორტფელის ზრდაში 1,2% შეადგინა, რაც საგრძნობლად გადაწონა მთლიანი პორტფელის 23%-იანმა მატებამ და შედეგად გამოიღო წმინდა სასესხო პორტფელის 21%-იანი ზრდა. სესხის ხარისხის ცვლილებას არსებითი გავლენა აგრეგირებულ მაჩვენებელზე არ ჰქონია, მაგრამ მაინც იმოქმედა რამდენიმე ბანკის ბალანსზე; მაგალითად, სესხის ხარისხის ცვლილების შედეგად პრივატბანკის წმინდა სასესხო პორტფელი 10,9%-ით გაიზარდა, ხოლო ბანკ ქართუს ზრდის მაჩვენებელი 11,2%-ით შემცირდა. თიბისი ბანკმა წმინდა გაცემული სესხების 350-მილიონიანი ზრდა აჩვენა, რაც ბანკებს შორის საუკეთესო შედეგია. ლიბერთი ბანკს 63%-იანი ზრდის ტემპი ჰქონდა, რაც ბანკების პირველ ათეულში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბაზისბანკის 96%-იანი ზრდა საკმარისი არ აღმოჩნდა წამყვანი ბანკების ათეულში მოსახვედრად. პირველი 10 ბანკიდან პროკრედიტ ბანკი ერთადერთი იყო, რომელსაც ზრდის თვალსაზრისით უარყოფითი მაჩვენებელი ჰქონდა.

ეკონომიკის შედარებით სუსტი ზრდის პირობებში, სასესხო პორტფელის მნიშვნელოვანი ზრდისა და სხვა ფაქტორების გამო საპროცენტო განაკვეთების დაღმავალი ტენდენცია 2013 წელსაც გაგრძელდა.

 

 

საკრედიტო პორტფელის თვის განმავლობაში გაცემულ სესხებზე არსებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი სეგმენტების მიხედვით (ბანკთაშორისი სესხების გარდა):

 

ვალდებულებები და ანაბრები

2013 წელს მთლიანი აქტივების ზრდა თანაბრად იყო დაფინანსებული მთლიანი ვალდებულებებისა (20%) და სააქციო კაპიტალის (21%) ზრდით. არც ვალდებულებების სტრუქტურა შეცვლილა საგრძნობლად. ანაბრები მთლიანი ვალდებულების 71%-ს შეადგენს (2012 წ. – 68%), ხოლო ნასესხები სახსრები – 25%-ს (2012 წ. – 28%). ანაბრების სტრუქტურაც საკმაოდ სტაბილური დარჩა: საბანკო ანაბრებზე 6% მოდიოდა (2012 წ. – 7%), ხოლო ფიზიკური პირების ანაბრების წილი მთლიან ანაბრებში 2013 და 2012 წლებში 47% იყო. ნასესხები სახსრებიდან ანაბრებზე გადანაცვლება შეიძლება აიხსნას ანაბრებზე განაკვეთების კლების უწყვეტი ტენდენციის გამო მათი მიმზიდველობითა და გარკვეული ადგილობრივი ბანკებისთვის საერთაშორისო სასესხო კაპიტალზე ნაკლები ხელმისაწვდომობით. აღსანიშნავია, რომ კომერციული ბანკების დეპოზიტებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 2013 წელს 13%-ით შემცირდა, და თუ 2012-ში საშუალოდ 8,4%-ს შეადგენდა, 2013 წელს ეს მაჩვენებელი 7,3%-მდე დაეცა. საპროცენტო განაკვეთების შემცირების მიუხედავად ბანკებმა მაინც მიაღწიეს ანაბრების 25%-იან ზრდას, რაც რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: საქართველოს საბანკო სექტორის სტაბილურობის მიმართ ნდობის განმტკიცებამ, უფრო განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებთან შედარებით კონკურენტუნარიანმა განაკვეთებმა და საქართველოს მოსახლეობისთვის ინვესტირების ალტერნატიული ინსტრუმენტების არარსებობამ.

საქართველოს ბანკმა მოახერხა ყველაზე მეტი მოცულობის – 421 მილიონი ლარის დამატებითი ანაბრების მოზიდვა, მაგრამ ხუთი წამყვანი ბანკიდან მხოლოდ ლიბერთი ბანკმა შეძლო სექტორის საშუალო ზრდის ტემპზე მაღალი მაჩვენებლით (53%) გაზრდა. ლიბერთი ბანკის ანაბრების მკვეთრი ზრდა მათი აგრესიული მარკეტინგული კამპანიების, პროდუქტების დივერსიფიცირებისა და შეთავაზებული ფასების დამსახურებაა. ეს გასაგებიცაა, რადგან ანაბრები 2013 წელს ლიბერთი ბანკის დაფინანსების ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა. ზრდის თვალსაზრისით 2013 წელს პირველობას არავის უთმობენ პროგრეს ბანკი და ბანკი ქართუ, რომლებმაც 2013 წელს ანაბრების ბაზის, შესაბამისად, 619%-იანი და 182%-იანი ზრდა აჩვენეს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს საზოგადოების ნდობის გამყარება ამ ბანკების მიმართ მათი აქციონერთა სტრუქტურის გამო. მას შემდეგ, რაც ბაზისბანკის აქციონერი ჩინური კომპანია გახდა, ბანკმა ექსპონენციური ზრდა განიცადა ყველა, მათ შორის დეპოზიტების, მიმართულებით. წამყვანი 10 ბანკიდან ზრდის ყველაზე არასახარბიელო მაჩვენებელი პროკრედიტ ბანკს ჰქონდა. როგორც ჩანს, პროკრედიტ ბანკს თავის ტრადიციულ სეგმენტში, რომელიც მიკრო- და საშუალო ზომის კლიენტებს მოიცავს, სიმწიფის ეტაპი დაუდგა, და მისთვის უცხო – მსხვილ კორპორაციულ და, განსაკუთრებით, სამომხმარებლო სეგმენტებში ფეხი ვერ მოიკიდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პროკრედიტ ბანკში ბოლო ორი წლის მანძილზე მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებები სწორედ მისი სტრატეგიის შეცვლისკენ არის გამიზნული, რისი შედეგების შეფასებაც 2014 და 2015 წლებში იქნება შესაძლებელი.

კაპიტალი

როგორც ზემოთ აღინიშნა, სააქციო კაპიტალის გაზრდა ვალდებულებების ზრდის პროპორციულად მოხდა, სტრუქტურაში საგრძნობი ცვლილების გატარების გარეშე. დამატებითი შენატანების შედეგად სააქციო კაპიტალის ზრდაზე მთლიანი ზრდის 45%, ანუ 227 მილიონი ლარი მოდის, დანარჩენი ძირითადად გამოცხადებული დივიდენდებით შემცირებული წლიური მოგებითაა განპირობებული. კაპიტალის ყველაზე დიდი ზრდა ბაზისბანკმა (126%), პრივატ ბანკმა (113%) და ბანკმა ქართუმ (80%) აჩვენეს. ჩინური კომპანიის მიერ ბაზისბანკის შეძენის შემდეგ ბანკის კაპიტალი გაიზარდა როგორც პირდაპირი შენატანების, ისე გაზრდილი მოგების შედეგად. პრივატ ბანკისა და ბანკ ქართუს წმინდა მოგების მატებაზე დიდი გავლენა მოახდინა 2012 წელს დარეზერვებული სესხების ამოღებამ, ამავდროულად, ორივე ბანკში განხორციელდა დამატებითი კაპიტალის შეტანა აქციონერების მხრიდან. აღსანიშნავია ლიბერთი ბანკის 36%-იანი ზრდა, რომელიც სრულად იქნა მიღწეული ბანკის მიერ მიღებული მოგებით, აქციონერებისგან მნიშვნელოვანი დამატებითი შენატანების გარეშე. აღსანიშნავია 2013 წელს პაშა ბანკის დაფუძნება და მის კაპიტალში 35 მილიონი ლარის შენატანი. გარდა ამისა, ბანკის მშობელმა კომპანიამ განაცხადა, რომ პაშა ბანკი საქართველოს საწესდებო კაპიტალის 105 მილიონ ლარამდე გაზრდას აპირებს, რის შემდეგაც კაპიტალის სიდიდით პაშა ბანკი საქართველოს ბაზარზე მერვე ადგილზე იქნება.

როგორც წარმოდგენილი ანალიზიდან ჩანს, 2013 წელი საქართველოს საბანკო სექტორისთვის წარმატებული აღმოჩნდა. სუსტი მაკროეკონომიკური შედეგების მიუხედავად კომერციული ბანკების უმრავლესობამ მაინც დადებითი შედეგი აჩვენა და ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტეპს გაუსწრო. საქართველოს საბანკო სექტორი კვლავაც კონსერვატიულად რეგულირდება, რაზეც მეტყველებს კაპიტალის ადეკვატურობის შედარებით მაღალი დონე. ასეთმა რეგულირებამ საბანკო სექტორის მიმართ საზოგადოების ნდობაც განამტკიცა და, ამავდროულად, არც სექტორის განვითარება შეუფერხებია, რასაც ბანკების მაღალი ლიკვიდურობაც მოწმობს. როგორც ბატონმა გიორგი ქადაგიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, 2014 წელს ბანკების უმთავრესი ამოცანა კორპორაციული კრედიტების პორტფელის გაზრდა იქნება. ამ მხრივ ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი მსესხებლებში კორპორაციული მართვისა და ანგარიშგების კულტურის დაბალი დონე და ამის გამო ბანკების მხრიდან დაკრედიტების გადაწყვეტილებაზე უზრუნველყოფის გადამწყვეტი მნიშვნელობაა. 2014 წელს კორპორაციული სესხების გაცემის სტიმულირება შეიძლება მოხდეს ცოტა ხნის წინ გამოცხადებული სახელმწიფო პროგრამით „აწარმოე საქართველოში“, რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერას პროცენტის სუბსიდირებითა და სესხებზე გარანტიის გაცემით. სამწუხაროდ, ძირითადი მაკროეკონომიკური რისკები და გაურკვევლობები საქართველოს ფარგლებს გარეთ იღებს სათავეს. ამ რისკებს თუ არ გავითვალისწინებთ, ეკონომიკის 5%-იანი პროგნოზირებული ზრდა საკმაოდ რეალური ჩანს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საბანკო სექტორისთვის 2014 წელიც წარმატებული უნდა გამოდგეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *