დიდი მონაცემები დიდი ქალაქებისთვის

დიდი მონაცემები დიდი ქალაქებისთვის

Moovit-მა საზოგადოებრივი ტრანზიტის Waze-ი შექმნა. დაამარცხებს ეს აპლიკაცია ურბანულ საცობებს?

ჯენის მონკოვსკი, მუსიკის მასწავლებელი, დენვილში (კალიფორნია) ცხოვრობს – სადღაც 30 მილით აღმოსავლეთით სან-ფრანცისკოდან, და როგორც გარეუბნის ბინადართა უმეტესობა, ისიც, უმეტესწილად, მანქანით მოძრაობს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება, დიდი ხანია, არც კი განუხილავს.  

ამას წინათ ეს გარემოება შეიცვალა, როცა მონკოვსკიმ, რომელიც საკუთარ თავს ტექნოფობს უწოდებს, Moovit-ი აღმოაჩინა. როცა მეგობრების სანახავად ან, ქმართან ერთად, სიმფონიის მოსასმენად სან-ფრანცისკოში მიდის, ჭკვიანი ტელეფონის აპლიკაცია მას საშუალებას აძლევს, წუთების სიზუსტით ავტობუსითა თუ მატარებლით მგზავრობის დეტალები დაგეგმოს.  “Moovit-ი მეუბნება, სად უნდა მივიდე და რა დრო დამჭირდება ავტობუსის მოსაცდელად, რათა მერე რკინიგზის სადგურზე აღმოვჩნდე, – ამბობს მონკოვსკი. – ბოლოს ალბათ 10 ან 15 წლის წინ ვიმგზავრე ტრანზიტული ავტობუსით”.

უფასო მომსახურების სანაცვლოდ, მონკოვსკი Moovit-ს ნებას რთავს, მის მგზავრობას ადევნოს თვალი. ნავიგაციის აპლიკაცია Waze-ის მსგავსად, რომელიც ოპტიმალური სამანქანო მარშრუტების განსაზღვრის მიზნით, თავის მომხმარებელს გზაზე მიჰყვება, Moovit-ი მონკოვსკის ადგილსამყოფლის მონაცემებისა და ახლომახლო მდებარე მომხმარებელთა მონაცემების კომბინირებას ახდენს და, ამის საფუძველზე, ორ პუნქტს შორის ყველაზე ეფექტიანი საჯარო ტრანზიტის პროგნოზირებას აკეთებს. “ტრანზიტის მომხმარებლებს მძღოლებზე უფრო დიდი პრობლემებიც კი აქვთ”, – ამბობს ნირ ერეზი, 52 წლის ისრაელელი სერიული ანტრეპრენიორი, რომელიც 2012-ში Moovit-ის ერთ-ერთ დამფუძნებლად მოგვევლინა. მგზავრთა უმეტესობამ არ იცის, როდის შეიძლება, მოვიდეს მათი ავტობუსი (რომ აღარაფერი ვთქვათ, როგორ დაუკავშირდება ეს ავტობუსი სხვა ტრანზიტულ სერვისს) ან როდის შეიძლება, ფეხით ან ველოსიპედით სიარული უფრო სწრაფი გამოდგეს, – ამბობს ერეზი თავისი ტელ-ავივის სახლიდან, – ინფორმაცია, როგორც წესი, უხეიროა”.       

იმდენად უხეირო, რომ Moovit-ი მსოფლიოში ყველაზე ხშირად ჩამოტვირთულ ტრანზიტის აპლიკაციად იქცა. სულ რაღაც ხუთ წელიწადში მან 100 მილიონი მომხმარებელი მოიპოვა – თითქმის იგივე რაოდენობა, რაც Waze-მა, რომელიც, თავის მხრივ, 2013-ში Google-მა $1.1 მილიარდად იყიდა. Moovit-ი 44 ენაზე 78 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და სამსახურში მიმავალი თუ იქიდან მომავალი მგზავრები 1,500 ქალაქში – ლექსინგტონით და ლონდონით დაწყებული, მოსკოვითა და ჰანოით დამთავრებული – სწორედ მის იმედად არიან. ლოს-ანჯელესში, აპლიკაციის მომხმარებელთა 40% მას ესპანურ ენაზე იყენებს. 2016-ში Moovit-ი რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიადის ოფიციალურ სატრანზიტო აპლიკაციად იქცა და, კომპანიის თანახმად, Apple-ი და Google-იც კი ჩამოიტოვა უკან. როცა საზოგადოებრივ ტრანსპორტს მომხმარებელი დანიშნულების პუნქტამდე ვერ მიჰყავს, Moovit-მა მგზავრი, შესაძლოა, ველოსიპედის გაზიარების პროგრამებსა და Uber-ის მსგავს სერვისებთანაც დააკავშიროს.  

Moovit-ის პოპულარობამ მას განთქმული ინვესტორები მოუპოვა. კომპანიამ, რომელიც ერეზის $500,000-ით ჩაეშვა, თითქმის $84 მილიონი მოიზიდა ისეთი წყაროებისგან, როგორიცაა Sequoia Capital-ი, ეშტონ კუჩერის Sound Ventures-ი და BMW i Ventures-ი. PitchBook-ის თანახმად, კომპანიის ღირებულებამ $450 მილიონს მიაღწია. ინვესტორებისთვის საცდურს Moovit-ის პოტენციალი წარმოადგენს, რომელიც რეალურ დროში მიმდინარე სატრანზიტო ინფორმაციის მონეტიზებას უკავშირდება, ეს ინფორმაცია კი ყოველდღიურად გენერირებულ 500 მილიონზე მეტ ცალკეულ მონაცემს მოიცავს.   

ახლა Moovit-მა უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლია, ეს მონაცემები ფულად აქციოს. კომპანიის თქმით, მონეტიზებას ეს-ესაა, იწყებენ და შემოსავალს არ ამხელენ, რომელიც, Forbes-ის შეფასებით, კვლავ უმნიშვნელოა. მაგრამ ერეზი და მისი ინვესტორები ამბობენ, რომ გაყიდვათა სტიმულირება არ იქნება პრობლემა და თვლიან, რომ კომპანია სწორ დროს, სწორ ადგილასაა. დიდი ქალაქები მთელ მსოფლიოში საცობებსა და ჰაერის დაბინძურებას ებრძვიან. ამან ახალ სიგიჟეს შეუნთო ცეცხლი “ჭკვიანი ქალაქების” კონცეფციის გარშემო. ეს ერთგვარად ამორფული იდეა გულისხმობს, რომ, ხელოვნურ ინტელექტსა და cloud-თან დაკავშირებულ ტექნოლოგიებთან ერთად, ყველა სახის სენსორიდან მიღებული მონაცემები მზარდად კომპლექსური ურბანული სისტემების მართვის საშუალებას მოგვცემს. Moovit-ი გეგმავს, დიდ ქალაქებს ტრანზიტულ მონაცემებზე გაზრდილი მადა დაუკმაყოფილოს. “ურბანული მობილობა გლობალური პრობლემაა”, – ამბობს Sequoia-ს პარტნიორი ჯილი რაანანი და ამატებს, რომ Moovit-ის ტრანზიტულ მონაცემებს შესწევს ძალა, საგრძნობლად გააუმჯობესოს ჩვენი ქალაქების ცხოვრების ხარისხი”. 

ბუენოს-აირესმა და მადრიდმა ხელი უკვე მოაწერეს და Moovit-ის Smart Transit Suite-ის პირველ კლიენტები გახდებიან – მონაცემთა პორტალისა, რომელიც რეალურ დროში მიმდინარე ინფორმაციას იძლევა ავტობუსებისა და მატარებლების ადგილმდებარეობისა და მოხმარების, მგზავრთა მოლოდინის დროის, ოპტიმალური მარშრუტებისა და სხვათა შესახებ. “მათ ძალიან დანაწევრებული მონაცემები აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადაადგილდება ხალხი დიდ ქალაქებში”, – ამბობს Keolis-ის აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი ანდრეას მაი. ეს ტრანსპორტირების მენეჯმენტის ფრანგული კომპანია მთელ მსოფლიოში ტრანზიტულ სერვისებთან თანამშრომლობს. Keolis-ს Moovit-ში ინვესტიცია აქვს გაკეთებული და მისი მონაცემების ინკორპორირებას კონკრეტული ქალაქების საპილოტე პროგრამებში მოახდენს, თუმცა ამ კონკრეტულ ქალაქებს მაი არ ასახელებს.  

Moovit-მა ფორმის მიღება 2011-ში იწყო, როცა ერეზი ახალი წამოსული იყო მის მიერ თანადაფუძნებული სტარტაპიდან და მარათონისთვის ვარჯიშობდა. საქმეებისგან შესვენება განეზრახა, აპირებდა, თავის ნებაზე, ცოტ-ცოტა საწყისი ეტაპის სტარტაპებში დაებანდებინა ფული და ტრიატლონებში მიეღო მონაწილეობა. მაგრამ როცა, ვარჯიშის მიზნით, ტელ-ავივში დიდ მანძილებზე დარბოდა, მეგობარი, იარონ ევრონი გამუდმებით ერთი ვებგვერდის თაობაზე ელაპარაკებოდა, რომელიც ტრანზიტის ადგილობრივი ადმინისტრაციისთვის ახალგაზრდა კომპიუტერულ მეცნიერთან, როი ბიკთან ერთად შეექმნა.

ტრანზიტის თვითგამოცხადებულ ენთუზიასტს, ბიკს, ადგილობრივ მგზავრთა დახმარება საკუთარ თავზე აეღო. ახალ სარკინიგზო ხაზთან მორგების მიზნით, ავტობუსების სისტემაში გარკვეული ცვლილებები ტელ-ავივს ახალი შეტანილი ჰქონდა: მარშრუტები და გაჩერებები შეეცვალა, რათა უფრო მეტი სარკინიგზო მგზავრის მომსახურება ყოფილიყო შესაძლებელი. საზოგადოებრივი ინფორმაცია ახალი პუნქტების შესახებ მწირი იყო. ჰოდა, ბიკი ადგა, ქალაქი შემოიარა და გაჩერებები მის მიერ შექმნილ მონაცემთა ბაზაში შეიტანა. ტრანზიტული ავტობუსების GPS-ინფორმაციაც გამოიყენა, თავისი მონაცემთა ბაზა რეალურ დროში მომუშავე მარშრუტის დამგეგმავ ვებგვერდად რომ ექცია.   

ბიკის შრომას უდავოდ ჰქონდა პოტენციალი, სასარგებლო არა მხოლოდ ტელ ავივში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ყოფილიყო. ერეზს, რომელიც ასევე ისრაელში დაფუძნებულ Waze-ში განიხილავდა კაპიტალდაბანდებას, ესმოდა, რომ მომხმარებელთა ჭკვიანი ტელეფონებიდან მორაკრაკე ადგილმდებარეობის მონაცემები მშვენიერ საფუძველს უზრუნველყოფდა, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ტრანზიტული მოგზაურობის ამომწურავი დამგეგმავი შექმნილიყო. მომდევნო წელს  ერეზმა, ბიკმა და ევრონმა Moovit-ი დააარსეს. ერეზი აღმასრულებელი დირექტორი გახდა, ბიკი ოპერაციებს მართავდა, ხოლო ევრონს ფორმალური ვალდებულებები არ აუღია. “სასიამოვნო შვიდთვიანი შესვენება მქონდა, მერე კი ახალ სტარტაპში დავიწყე მუშაობა”, – ამბობს ერეზი.  

Moovit-ში ახლა ასი ადამიანი მუშაობს, სათავო ოფისი ტელ-ავივთან ახლო აქვთ, ფილიალები კი ისეთ ქალაქებში, როგორიც სან-ფრანცისკო, ათენი და რიოა. ამ ყველაფრის ფონზე, ერეზი და ბიკი დარწმუნებულნი არიან, რომ მათ შეუძლიათ, დიდ ქალაქებს დაეხმარონ და უფრო ეფექტიანები გახადონ არაერთი თვალსაზრისით. მაგალითად, თუ რომელიმე კონკრეტულ მარშრუტზე მოთხოვნა უცებ გაიზრდება, Moovit-ს შეუძლია, რეკომენდაცია გასცეს, რომ ამ მარშრუტზე მეტი ავტობუსი გამოიყვანონ. “ჩვენ თვალს ვადევნებთ მოთხოვნას და გადაადგილების რეალურ ინფორმაციას, მერე ვუყურებთ სისტემის ინფრასტრუქტურას, ყველა მარშრუტს და განრიგებს, რათა გავიგოთ, რამდენად ოპტიმიზებულია ის, – ამბობს 37 წლის ბიკი. – დიდი ქალაქები მილიონობით დოლარს ხარჯავენ, მცხოვრებლებს რომ საზოგადოებრივი ტრანზიტის მოხმარების შესახებ გამოჰკითხონ, Moovit-ს კი უკეთესი, მუდმივად განახლებადი ინფორმაციის უზრუნველყოფა შეუძლია უფრო იაფად”, – ამატებს ბიკი. და რაც ყველაზე კარგია: მთელი ეს ინფორმაცია ისეთი ადამიანების ცალკეულ მონაცემებს ეფუძნება, როგორიც მონკოვსკია. “სან-ფრანცისკოში მანქანით წასვლა არ მინდა”, – ამბობს ეს უკანასკნელი და მიზეზად ქალაქის “საზიზღარ” პარკირებასა და საგზაო მოძრაობას ასახელებს. Moovit-მა მას ახალი ალტერნატივა გაუჩინა: “ეს ძალიან მარტივია”. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *