წლის კომპანია – ეს არის ტიტული, რომელიც 2017 წელს NEXIA TA-მ Nexia International-ის ყოველწლიურ სამიტზე მიიღო, სადაც კომპანიის ქსელის 650-ზე მეტი ოფისი იყო წარმოდგენილი. 100 თანამშრომელი, 300-ზე მეტი კლიენტი, წლიური შემოსავლების 170%-იანი ზრდა, ₾853,000-დან ₾2.3 მილიონის მიღმა – ეს NEXIA TA Georgia-ს 2017 წლის შედეგია რიცხვებში. დღეს ოთხი წლის კომპანია ქართულ ბაზარზე ყველაზე მაღალშემოსავლიანი აუდიტორული კომპანიების ათეულშია. დამფუძნებლები ხუთ წელიწადში ხუთეულს უმიზნებენ.
“A friendship founded on business is better than a business founded on friendship”, – მსოფლიოს პირველი მილიარდერის, ჯონ როკფელერის, ეს ცნობილი სიტყვები მიტრიალებდა თავში, როცა Nexia TA-ის პარტნიორებთან – გელა მღებრიშვილთან, დავით ლომიძესა და ბორის მეგრელიშვილთან ინტერვიუსთვის ვემზადებოდი, რადგან მათი მეგობრობა უფრო ბევრ წელს ითვლის, ვიდრე – ერთობლივი ბიზნესი. “როკფელერს არ ვეთანხმებით. მეგობრობამ ბიზნესში მეტი კომფორტი მოგვცა”, – ღიმილით მპასუხობენ და როგორც ნამდვილ ბიზნესმენებს სჩვევიათ, საილუსტრაციოდ კონკრეტული რიცხვები მოჰყავთ – თუ 2016 წელს კომპანია Nexia TA-ის პროფესიული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ₾853 000 ლარი იყო, 2017 წელს შემოსავლებმა ₾2.3 მლნ-ს გადააჭარბა და კომპანია, რომელიც ჯერ ოთხი სრული წელიც არაა, რაც ბაზარზეა, ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი აუდიტორული კომპანიების რიცხვშია და ეს ყველაფერი არ არის.
2017 წელს Nexia TA-მ Nexia International-ის ყოველწლიურ სამიტზე, სან-ფრანცისკოში მსოფლიოს 115-ზე მეტი ქვეყნის 650-ზე მეტ ოფისს შორის წლის კომპანიის ტიტული მიიღო, განსაკუთრებით სწრაფი და ეფექტიანი ზრდისა და განვითარების, ხარისხის კონტროლის წარმატებით გავლის, ქართული ბიზნესის მხარდაჭერის, Nexia-ს ქსელის კომპანიებთან აქტიური თანამშრომლობისა და Nexia Inernational-ის აქტივობებში მაღალი ჩართულობის გამო. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად, წლის საუკეთესო კომპანიის ჯილდოს ქსელის მხოლოდ ერთი კომპანია იღებს და 2017 წელს არჩევანი Nexia TA-ზე გაკეთდა, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ ზოგადად, ქვეყნის იმიჯისთვის, როგორც იმის ხაზგასმა, რომ მსოფლიოში, აუდიტის სფეროში წლის საუკეთესო კომპანია პირველად გახდა Nexia TA საქართველოდან.
პარტნიორები იხსენებენ, რომ 2014 წელს, როცა Nexia TA გახდა Nexia International-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში და ბარსელონაში პირველად დაესწრნენ Nexia International-ის ყოველწლიურ სამიტს, სადაც გერმანიის ოფისმა მიიღო წლის კომპანიის ჯილდო, სწორედ მაშინ დაისახეს მიზნად, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში ეს ჯილდო საქართველოშიც წამოეღოთ, მაგრამ ასე მალე თუ დადგებოდა ეს დღე, არც თავად ელოდნენ.
რა შესაძლებლობას აძლევს Nexia TA-ს მსგავსი აღიარება და როგორ ფიქრობთ, რატომ შეაჩერა Nexia International-ის მენეჯმენტმა არჩევანი თქვენზე?
დავით ლომიძე: ხარისხი და სწრაფი ზრდა – ალბათ ეს ორი ფაქტორი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. 2017 წლის ბოლოს ლონდონის სათავო ოფისიდან წარმატებით გავლილი ხარისხის კონტროლიც მეტყველებს იმაზე, რომ მენეჯმენტის მიზანი მიღწეულია და Nexia TA არის კომპანია, რომელსაც საქართველოში საუკეთესო ხარისხის მომსახურების შეთავაზება შეუძლია მომხმარებლისთვის. შემდეგ ფაქტორად შეგვიძლია დავასახელოთ კომპანიის ზრდის ტემპი – 2016-2017 წლების მონაცემებით, ჩვენ Nexia International-ის ქსელში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია ვიყავით. გარდა ამისა, საქართველოში საბუღალტრო მიმართულებით, მსოფლიო ათეულის კომპანიებში უკვე მეორე პოზიციაზე ვართ; ასევე, ქსელის სხვა კომპანიებთანაც ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს. აქტიურად ვართ ჩართული Nexia-ს საერთაშორისო აქტივობებშიც.
გელა მღებრიშვილი: ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რასაც Nexia International-ი აქცევს ყურადღებას, არის ის, თუ რამდენად შეძლო ადგილობრივმა წარმომადგენლობამ ლოკალურ ბაზარზე Nexia-ს ბრენდის პოპულარიზაცია. ზოგადად, ქსელის მიზანია, ყველა ქვეყანაში იყოს წარმოდგენილი მაღალ დონეზე, მინიმუმ – ათეულში. მარტივი მათემატიკაა – თუ Nexia ყველგან, სადაც არის, წარმატებით ოპერირებს, მაშინ Nexia International-იც წარმატებულია. 2017 წელს ჩვენ გავიმარჯვეთ ინფრასტრუქტურის მშენებელთა და საქართველოს ბიზნესდისტრიბუტორთა ასოციაციების მიერ პარტნიორი აუდიტორული კომპანიის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსებში, სადაც ასევე მსოფლიო ათეულში შემავალი კომპანიები მონაწილეობდნენ. ეს ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ასოციაციების წევრებმა იციან, რომ Nexia TA სანდო პარტნიორია და არჩევანს ჩვენზე აკეთებენ. ამაზე კონკრეტული რიცხვები მიუთითებს – თუ 2016 წელს ჩვენი კლიენტების რაოდენობა 100-მდე იყო, 2017 წლის ბოლოსთვის პარტნიორი კომპანიების რიცხვი 300-ს აჭარბებდა.
ბორის მეგრელიშვილი:Nexia-ს ქსელში ასეთი პრაქტიკაა – თავიდან, როცა ახალ კომპანიას იღებენ, ანიჭებენ შედარებით დაბალ, B კატეგორიას და მერე ხარისხის კონტროლის გავლისა და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ უკვე გადაჰყავთ მაღალ, A კატეგორიაში. ქართული ოფისის შემთხვევაში, თავიდანვე, 2014 წელს A კატეგორია მოგვანიჭეს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, საერთაშორისო ბრენდები განვითარებად ბაზრებზე შემოსვლისგან თავს იკავებენ ხოლმე, რადგან ხარისხის შენარჩუნება მთავარი გამოწვევაა. ვფიქრობ, მაშინ მენეჯმენტმა ერთგვარი ფსონი დადო ახალგაზრდა, მოტივირებული და გამოცდილი კადრებით დაკომპლექტებულ გუნდზე ანუ მომავალზე და არა იმაზე, თუ რა ბრუნვა ჰქონდა კომპანიას მაშინ; და ეს ფსონი 2017 წელს გამართლდა. გულწრფელად გეტყვით, რადგან Nexia International-ის ყოველწლიური სამიტი აშშ-ში იმართებოდა, მოლოდინი გვქონდა, რომ წლის კომპანიის ტიტულს ქსელის რომელიმე ამერიკული კომპანია მიიღებდა; მით უმეტეს, რომ Nexia-ს შემოსავლების 50% სწორედ ამერიკის კონტინენტზე არსებულ ფირმებზე მოდის, მაგრამ შევცდით (იღიმიან). ფაქტობრივად, ეს ჯილდო არის ერთგვარი აღიარება და შეფასება იმ არასრული 4-წლიანი საქმიანობის, რაც ქართულ ბაზარზე ვართ. 650-ზე მეტ ოფისს შორის წლის კომპანიის ტიტული – ესაა ყველაზე დიდი მოტივაცია Nexia TA-ის გუნდისთვის, რომ დავისახოთ ახალი და მასშტაბური მიზნები.
დავით ლომიძე: ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რაც ჯერ ვერ მოახერხა Nexia International-ის ქსელის ვერც ერთმა კომპანიამ – სამივე პარტნიორი ვართ მაქსიმალურად მოწადინებული, რომ 2018 წელსაც ეს ჯილდო საქართველოში წამოვიღოთ. დღეს ჩვენ ვგრძნობთ კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას როგორც სათავო ოფისის, ისე ჩვენი კლიენტების წინაშე.
ვიდრე სამომავლო გეგმებზე ვისაუბრებთ, რომ დავბრუნდეთ დასაწყისში – 2014 წელს, როგორ მიხვედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ მეგობრებს ერთობლივი ბიზნესის კეთება გინდოდათ და ეს შეგეძლოთ კიდეც? ეს ნიში ნამდვილად არაა დღეს საქართველოში აუთვისებელი…
დავით ლომიძე: თავიდან ვმუშაობდი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის, ბოლოს – უფროს აუდიტორად, სადაც უდიდესი გამოცდილება მივიღე, რაც ბიზნესში წარმატების მიღწევისათვის ძალიან დამეხმარა, მაგრამ ყოველთვის უფრო მიზიდავდა კერძო სექტორი, სადაც მეტი რისკი, მაგრამ მეტი შესაძლებლობაც იქნებოდა – აქ კარიერა ბუღალტრობით დავიწყე, შემდეგ ვიყავი მთავარი ბუღალტერი, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, ფინანსური დირექტორი და დირექტორის მოადგილე – ეს პოზიციები მეკავა სხვადასხვა სექტორის მსხვილ კომპანიებში, თითქმის ყველა სფეროში (საფინანსო, ვაჭრობა, წარმოება, მშენებლობა, მომსახურება და სხვა). ჩემი კარიერის ეს ეტაპი მოიცავს 10-წლიან პერიოდს და დიდი გამოცდილება რომ მივიღე, გადავწყვიტე, პროფესიული ბიზნესი დამეწყო, რადგან ნელ-ნელა უკვე ვგრძნობდი, რომ შემდეგი ეტაპისთვის მზად ვიყავი და ერთ ჩვეულებრივ საღამოს, ბორისთან ერთად ვისკის სმისას დაიბადა ბიზნესიდეა – “მოდი, გავაერთიანოთ ჩვენი კონტაქტები, გამოცდილება, რომელიც კონკრეტულ პროექტებს ეფუძნება და ეს ყველაფერი კომპანიად ვაქციოთ”. იდეას ხორცი მალევე შევასხით. 2013 წელს უკვე გვქონდა პატარა კომპანია, მაგრამ მალევე, 2014 წელს, უკვე Nexia International-ის ოფიციალური წარმომადგენლები გავხდით.
ბორის მეგრელიშვილი: პატარა ოფისში დიდ საქმეებს ჩაეყარა საფუძველი. სხვათა შორის, ოფისი უკვე ოთხჯერ გამოვიცვალეთ, ესეც ერთგვარი საზომია Nexia TA-ის გაფართოების ტემპის (იღიმის)… ჩემს პროფესიულ გზაზეც საჯარო სამსახურს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ყოველთვის დადებითად ვიხსენებ საჯარო სამსახურში გატარებულ წლებს. მაგრამ განსხვავებით კერძო სექტორისგან, საჯაროში გარკვეულ ჩარჩოებში გიწევს ყოფნა და ყოველთვის ვერ მიიღებ ისეთ მენეჯერულ გადაწყვეტილებებს, როგორის მიღებაც გინდა. სწორედ ამ ფაქტორმა მიბიძგა მეც ბიზნესისკენ; თან საკუთარი კომპანიის ქონა გაძლევს საშუალებას, უფრო მეტი შექმნა ქვეყნისთვისაც – იყო დამსაქმებელი.
გელა მღებრიშვილი: ისე არ მინდა, გამოგვივიდეს, რომ თითქოს საჯარო სამსახურს ვაკნინებთ, პირიქით – შემოსავლების სამსახურში 3.5 წელი ვიმუშავე. ვიყავი მთავარი აუდიტორი აუდიტის დეპარტამენტში და იქ მიღებული გამოცდილება ფასდაუდებელია, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე დგება მომენტი, როცა უნდა გადაწყვიტო – ირჩევ მეტ-ნაკლებად სტაბილურ სამსახურს, თუ ბიზნესს, სადაც მუდმივად მოძრაობა, სიახლეზე ფიქრი და აღმა ცურვა მოგიწევს. მე მეორე ავირჩიე და არ ვნანობ; თუმცა დღემდე ჩემს კოლეგებთან ძალიან კარგი, მათ შორის საქმიანი ურთიერთობა მაქვს. შემოსავლების სამსახურში შექმნილია ჯგუფი, რომელიც სიტუაციურ სახელმძღვანელოებს გამოსცემს და მათ დამუშავებაში კერძო ექსპერტები არიან ჩართულნი. ერთ-ერთი მეც ვარ და ესაა ჯანსაღი პარტნიორობა საჯარო და კერძო სექტორებს შორის. ზოგადად, ჩვენი სფერო ისეთია, რომ საჯარო სამსახურთან თანამშრომლობის გარეშე მუშაობა წარმოუდგენელია. მოკლედ, შემოსავლების სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, პარტნიორთან ერთად საკუთარი კომპანია დავაფუძნე, 2017 წლიდან კი გავხდი Nexia TA-ის გუნდის წევრი. გადაწყვეტილება მარტივად მივიღე – ბორისი და დავითი მეგობრობაშიც გამოცდილი მყავდნენ და საქმეშიც. გამოწვევები კი მეც მიზიდავდა.
დღეს Nexia TA ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი აუდიტორული კომპანიების რიცხვშია ე.წ. “დიდი ოთხეულის” გვერდზე. რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა ბაზარზე? რა მომსახურებებს სთავაზობთ კლიენტებს?
დავით ლომიძე: ხარისხი არის ჩვენი საერთო, საერთაშორისო ენა. 2016-2017 წლებში 50-ზე მეტი საგადასახადო შემოწმება დაინიშნა იმ კომპანიებში, რომლებსაც საბუღალტრო მომსახურებას ვუწევთ და ყველა შემოწმება წარმატებით დასრულდა. ჩვენი კლიენტები ხშირად საერთოდ ვერ იგებენ, რომ კომპანიას შემოსავლების სამსახური ამოწმებს. საბუღალტრო მიმართულებით გვაქვს უნიკალური სერვისი – ჩვენი თანამშრომლები, რომელთაც ძალიან დიდი სიფრთხილით ვარჩევთ და ასევე მუდმივად ვზრუნავთ მათ პროფესიულ განვითარებაზე, კომპანიებში ადგილზე არიან წარმოდგენილნი, რომ კლიენტი მშვიდად იყოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენთან ბუღალტერიას აკონტროლებს შიდა საგადასახადო დეპარტამენტი. ასევე, თუ შემთხვევით შეცდომა გაიპარება, რაც არ მომხდარა, მაგრამ არავინაა შეცდომისგან დაზღვეული, კლიენტი რომ ბოლომდე დაცული იყოს, Nexia TA-მ პასუხისმგებლობის დაზღვევა 20 მლნ ლარამდე გაზარდა. ამ კუთხით ბაზარზე მოწინავე პოზიციაზე ვართ. სანდო და გადაზღვეული მომსახურება არის სწორედ ის გარანტი, რაც საბუღალტრო მიმართულებას აძლიერებს – 2017 წელს ამ სერვისიდან კომპანიამ ₾1 მლნ-ზე მეტი შემოსავალი მიიღო და წინა წლის ჯამურ შემოსავლებს გადაუსწრო.
ბორის მეგრელიშვილი: ჩვენი მიზანია, სხვა მიმართულებებიც ისევე გავაძლიეროთ, როგორც დღეს ბუღალტრული მიმართულებაა; თავდაპირველად, როცა მუშაობა დავიწყეთ, მხოლოდ საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურების გაწევა შეგვეძლო; ფინანსური აუდიტის მიმართულება არ იყო შესაბამისად განვითარებული, მაგრამ შემდეგ, საერთაშორისო სტატუსის მიღებისთანავე, სათავო ოფისმა ხელი შეგვიწყო საჭირო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის დანერგვასა და ფინანსური აუდიტის დეპარტამენტის გაძლიერებაში. ამის შემდეგ Nexia TA მუდმივად ზრუნავს ხარისხის შენარჩუნებაზე, მუდმივად ვიზიარებთ სიახლეებს სათავო ოფისთან ერთად; ამ ყველაფერმა განაპირობა 2017 წლის შიდა რეგულატორის ხარისხის კონტროლის წარმატებით გავლა, რაც იმას ნიშნავს, რომ გვაქვს საშუალება, ნებისმიერ კომპანიას შევთავაზოთ ეს სერვისი – ფინანსური აუდიტი.
გელა მღებრიშვილი: გარდა სტანდარტული ფინანსური სერვისებისა, Nexia TA, როგორც მუდმივად სიახლეზე და ახალი სერვისების დანერგვაზე ორიენტირებული კომპანია, პერმანენტულად ცდილობს აუთვისებელი ნიშის შევსებას და ახალი მიმართულებების ათვისებას – სატრანსფერო ფასწარმოქმნა ერთ-ერთი მათგანია. ამ მომსახურებას ათეულის რამდენიმე კომპანიაც კი ვერ ფარავს, რადგან ეს სერვისი საქართველოში – როგორც ბიზნესისთვის, ისე შემოსავლების სამსახურისთვის – სიახლეა. გასული წლის 20-21 სექტემბერს Nexia TA-მ სატრანსფერო ფასწარმოქმნის პრინციპების შესახებ მასშტაბურ კონფერენციას უმასპინძლა. მიზანი – პროდუქტის პოპულარიზაციაა. წელსაც, იანვარში გვქონდა სატრანსფერო ფასწარმოქმნის თემაზე ტრენინგი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ სერვისთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლება, რადგან ბევრმა კომპანიამ არც იცის, რომ ეს მასაც ეხება. გარდა ამისა, Nexia TA-მ გასულ წელს გამოსცა დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის შესახებ სამოქმედო გეგმის ე.წ. BEPS-ის საინფორმაციო ბროშურის ქართული თარგმანი, რომელიც პირველია საქართველოში.
ბორის მეგრელიშვილი: აქვე დავამატებ, ბროშურას კომპანია უსასყიდლოდ ავრცელებს და მომავალშიც გაავრცელებს, რათა გადასახადის გადამხდელებს მიაწოდოს ინფორმაცია საერთაშორისო დაბეგვრასთან დაკავშირებული მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ.
გელა მღებრიშვილი: მოკლედ, საბუღალტრო, აუდიტორული და საგადასახადო მიმართულება უკვე სტაბილურია და რელსებზე მყარად დგას, ამიტომ გვინდა, მეტი ყურადღება დავუთმოთ იურიდიული მიმართულების გაძლიერებას. ასევე, საკონსულტაციო მომსახურების კუთხითაც დიდ პოტენციალს ვხედავთ. ჩემი შეფასებით, წლის კომპანიის სტატუსი, ამ მხრივ, ძალიან დაგვეხმარება. კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც 2018 წელს მეტ ყურადღებას დავუთმობთ, ესაა Nexia აკადემია, რომელიც 2016 წელს დაფუძნდა და დღემდე არაერთმა ადამიანმა მიიღო ფინანსურ სფეროში საფუძვლიანი ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. აკადემიაში, მისი შექმნის დღიდან, გადამზადებას კომპანიის თანამშრომლებიც ინტენსიურად გადიან. საგანმანათლებლო ტრენინგებზე მოთხოვნა მაღალია და ვაპირებთ, ეს მომსახურება მეტად გავააქტიუროთ.
და მაინც, რა არის Nexia TA-ის კოზირი ქართულ აუდიტორულ ბაზარზე?
დავით ლომიძე: closer to you – ესაა Nexia International-ის სლოგანი, რომელიც ჩვენც კარგად გვაქვს გათავისებული. იმ მრავალფეროვანი პროდუქტების გარდა, რომლებზეც ვისაუბრეთ, კლიენტებს ვთავაზობთ მომსახურების პარტნიორულ ფორმას, რაც გულისხმობს იმას, რომ ვიყოთ არა მხოლოდ მათ მიერ კონკრეტული საქმისთვის დაქირავებული კომპანია, არამედ – მათი მეგობრები, ყოველთვის ვურჩიოთ, რა არის მათი ბიზნესისთვის კარგი; ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ვიყენებთ საერთაშორისო კავშირებს მათ დასახმარებლად და ა.შ. ყველა კლიენტთან გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა.
ბორის მეგრელიშვილი: ჩვენმა კლიენტებმა იციან, რომ შეუძლიათ მოგვმართონ 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერ დროს და Nexia TA-ის თანამშრომლები ყოველთვის გაუწევენ კომპეტენტურ კონსულტაციას თუ მომსახურებას.
გელა მღებრიშვილი: ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ აუდიტორულ ბიზნესში მთავარი კაპიტალი სწორედ ადამიანური რესურსია – ჩვენი სიძლიერის გარანტი არის ჩვენი გუნდი. კადრებში ინვესტირება მნიშვნელოვანია. ძალიან ფრთხილად ვარჩევთ თანამშრომლებს. ყოველთვის ვცდილობთ, არ შევცდეთ მათი შერჩევისას. მუდმივად ვზრუნავთ კადრების პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე. ყოველთვე გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით ტრენინგები.
დავით ლომიძე: ხარისხი, ძლიერი გუნდი და საათივით აწყობილი მენეჯერული სისტემა – აი, რაზე დგას Nexia TA.
რით იწყება თქვენი ჩვეულებრივი სამუშაო დილა?
გელა მღებრიშვილი: საერთო ჩატში მიწერით – “დილა მშვიდობისა”… ვასწრებთ ერთმანეთს… (იღიმიან) შემდეგ ვიკრიბებით ოფისში. ვგეგმავთ დღეს; ვცვლით ინფორმაციებს; ძირითად დროს მაინც არსებულ და პოტენციულ კლიენტებთან ურთიერთობას ვუთმობთ.
დავით ლომიძე: ყველა კლიენტის ქეისზე, და მათ შორის არიან როგორც ბანკები, ისე სამშენებლო და სადაზღვევო კომპანიები, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები, ვიღებთ დეტალურ ინფორმაციას მენეჯერებისგან, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ კლიენტებთან დაკავშირებული ქეისებსა თუ მათი პრობლემების გადასაჭრელად.
ბორის მეგრელიშვილი: დღის ბოლოს კი ვაჯამებთ დღეს – ვის რა შეხვედრა ჰქონდა, როგორ ჩაიარა შეხვედრებმა როგორც არსებულ, ისე პოტენციურ კლიენტებთან; გავდივართ კომპანიის შიდა საკითხებს, რაც საჭიროებს ჩვენს ჩართულობას კომპანიის მართვის კუთხით და იგეგმება მორიგი სამუშაო დღე; ასევე ყოველკვირა ხდება პარტნიორებისა და მიმართულებების მენეჯერების შეხვედრა მომავალი სამუშაო კვირის დაგეგმვის მიზნით.
დაგეგმვა ახსენეთ – სად უნდა იყოს Nexia TA ხუთი წლის შემდეგ?
ბორის მეგრელიშვილი:ხუთი წლის შემდეგ აუცილებლად უნდა ვიყოთ წამყვან პოზიციებზე საქართველოს აუდიტორულ ბაზარზე.
გელა მღებრიშვილი: წელსაც რამდენიმე პოზიციით წავიწევთ წინ. ამას გარდა, ჩვენი მიზანია, კონკრეტული მიმართულებების მიხედვითაც ვიყოთ ბაზრის ლიდერები. მაგალითად: სატრანსფერო ფასწარმოქმნის მომსახურების კუთხით, საკონსულტაციო მიმართულებებში და ა.შ.
დავით ლომიძე: ხუთი წლის შემდეგ უნდა ვიყოთ ხუთეულში და ვიქნებით კიდეც.
[QUOTE]