Nikkei: Honda და Nissan-ი საერთო კომპანიას აყალიბებენ

Nikkei: Honda და Nissan-ი საერთო კომპანიას აყალიბებენ

იაპონური გამოცემა Nikkei-ის ინფორმაციით, ავტომწარმოებლებს, Honda-სა და Nissan-ს შორის, კომპანიების შესაძლო შერწყმასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გარიგება, რომელიც სავარაუდოდ მესამე იაპონურ ავტომწარმოებელ Mitsubishi Motors-საც მოიცავს, მზარდ ელექტრომობილების ბაზარზე კონკურენტუნარიანი ახალი საწარმოს ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

Nikkei-ის ცნობით, Nissan-ი და Honda, თანამშრომლობის ფარგლებში, საერთო ჰოლდინგის ქვეშ ოპერირებას განიხილავენ. კომპანიები ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელს სავარაუდოდ უახლოეს მომავალში მოაწერენ, თუმცა უცნობია, როგორ გადანაწილდება ავტომწარმოებელთა საკუთრების წილები ახლად შექმნილ კომპანიაში, იტყობინება Nikkei.

იაპონური გამოცემის ინფორმაციით, ორივე კომპანია გარიგებაში Mitsubishi-ის ჩართვასაც განიხილავს. ცნობისთვის, Nissan-ი, 24%-იანი წილით, Mitsubishi-ის უმსხვილესი აქციონერია. Nikkei-ის სტატიის გამოქვეყნების შემდეგ Nissan-ისა და Honda-ს აქციები, შესაბამისად, 8%-ითა და 1.5%-ით გაიზარდა.

Nissan-ს, Honda-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც იაპონურ კომპანიებს შორის საავტომობილო კომპონენტებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გაზიარებას ითვალისწინებდა, აგვისტოში გაფორმდა. თუმცა ელექტრომობილების ბაზარზე გაზრდილი კონკურენციის ფონზე, ავტომწარმოებლები ახალ გამოწვევებს აწყდებიან.

ჩინეთსა და აშშ-ში გაყიდვები მცირდება, პარალელურად კი იზრდება Tesla-სა და BYD-ის წარმოება. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, იაპონური ავტომწარმოებლების გარიგება იქნება უმსხვილესი 2021 წლის იანვარში Fiat Chrysler-სა და PSA Groupe-ს შეთანხმების შემდეგ, რომლის ღირებულებამაც $52 მილიარდი შეადგინა.