„ნიკორა ტრეიდი“ მომდევნო სამ წელიწადში 250 ახალი ფილიალის გახსნასა და 3,000-მდე სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს

„ნიკორა ტრეიდი“ მომდევნო სამ წელიწადში 250 ახალი ფილიალის გახსნასა და 3,000-მდე სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს

„ნიკორა ტრეიდი“ მომავალი სამი წლის განმავლობაში 250 ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით ურუშაძემ, Forbes Georgia-სთან საუბრისას აღნიშნა, ეს დაახლოებით 3 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას ნიშნავს.

„ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ახალი ფილიალების გახსნისას ძირითადი აქცენტი რეგიონებზე გაკეთდება. რაც შეეხება ინვესტიციის საერთო მოცულობას, ურუშაძე აღნიშნულ საკითხზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს, თუმცა, მისი განმარტებით, სუპერმარკეტების ქსელის გაფართოების მიზნით, კომპანია ფინანსური სახსრების ნაწილს “თიბისი კაპიტალის” მეშვეობით ახლახან განთავსებული 35 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციებიდან მოიზიდავს.

„ბონდები, რომლებიც ჩვენ გამოვუშვით, ახალი ფილიალების გახსნას მოხმარდება, თუმცა მხოლოდ ამ გზით მიღებული თანხა პროექტის განსახორციელებლად საკმარისი არ იქნება. აქედან გამომდინარე, დაფინანსების წყაროებს შორის ობლიგაციებიდან მოზიდული ფინანსური რესურსის გარდა საკუთარ ფულად სახსრებსაც მოვიაზრებთ“, – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.

„თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციით, ობლიგაციები საფონდო ბირჟაზე ეროვნულ ვალუტაში განთავსდა, რაც კომპანიას სავალუტო რისკებისგან თავის არიდების საშუალებას მისცემს. ობლიგაციების დაგირავება  საქართველოს ეროვნულ ბანკში იქნება შესაძლებელი, რაც ინვესტორი კომერციული ბანკებისთვის ლარის დამატებითი რესურსის ხელმისაწვდომ ფასში მოზიდვას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ დავით ურუშაძემ „ნიკორა ტრეიდზე“ კორონავირუსის პანდემიის გავლენის შესახებაც ისაუბრა. მისი განცხადებით, გასულ წელთან შედარებით კომპანიის გაყიდვები მკვეთრად გაუმჯობესდა.

„გასულ წელთან შედარებით გაყიდვების თვალსაზრისით საკმაოდ დიდი ზრდა გვაქვს მაღაზიებში, რომლებიც 2020 წელს ფუნქციონირებდა. ამას გარდა, პანდემიის მიუხედავად, სუპერმარკეტების ქსელს დაახლოებით 70 ახალი ფილიალი დავამატეთ. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ კომპანია აღნიშნულ პერიოდს წარმატებით გაუმკლავდა და მის ამჟამინდელ აქტივობას დადებითად ვაფასებ“, – აღნიშნა ურუშაძემ.

ცნობისთვის, დღევანდელი მდგომარეობით, „ნიკორა ტრეიდი“ ქვეყნის ფარგლებში 360-ზე მეტი ფილიალით არის წარმოდგენილი, კომპანიაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა კი 5 ათასს აჭარბებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *