Nissan-ი ევროპაში გაყიდვების 98%-ით ელექტრიფიცირებას გეგმავს

Nissan-ი ევროპაში გაყიდვების 98%-ით ელექტრიფიცირებას გეგმავს

Nissan Motor-ი ელექტრიფიცირებული ავტომობილების გლობალური გაყიდვების მნიშვნელოვნად ზრდას აანონსებს, ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ბაზარი კი ავტომწარმოებლისთვის ევროპაა, სადაც კომპანია ფრანგულ Renault-სთან თანამშრომლობას გეგმავს. იაპონური ავტომწარმოებლის მიზანი სექტორის ისეთი გიგანტებისთვის კონკურენციის გაწევაა, როგორიც ამერიკული Tesla და ჩინური BYD-ია.

ამისათვის კი Nissan Motor-მა გლობალური ელექტრიფიცირებული ავტომობილების გაყიდვების მიქსის, მათ შორის ჰიბრიდული e-Power-მოდელების, 2030 წლის მიზანი, 2021 წელს დაანონსებული 50%-დან 55%-მდე გაზარდა. გარდა ამისა, განახლებული გეგმით, Nissan-ი 2030 წლისთვის 27 ახალ ელექტრიფიცირებულ მოდელს, მაშ შორის 19 EV-ს წარადგენს.

აღსანიშნავია, რომ ევროპის მასშტაბით, 2026 წლისთვის, ავტომწარმოებელი გაყიდვების 98%-ით ელექტრიფიცირებას გეგმავს, მაშინ როდესაც თავდაპირველი მიზანი მხოლოდ 75% გახლდათ.

ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე, კომპანიის მთავარი ოპერაციული დირექტორის, აშვანი გუპტას განცხადებით, ევროპა „ძირითადი ბაზარი“ გახდა. მოგებიანობა კომპანიაში გაზრდილია, Nissan-ის Renault-sთან ალიანსი კი კომპანიას პატარა ზომის მანქანების ბაზარზეც აძლევს წვდომას, სადაც ამ დრომდე იაპონური მწარმოებელი დიდი მასშტაბით წარმოდგენილი არც ყოფილა.

Nissan-ის სხვა ძირითად ბაზრებს შორის გამორჩეულია იაპონიაც, სადაც ელექტრიფიცირებული ავტომობილების 2026 წლის გაყიდვების მიზანი 55%-დან 58%-მდე გაიზარდა. ელექტრიფიცირებული ავტომობილების გაყიდვების 2026 წლის მიზანი კი, თავდაპირველი 40%-დან, 35%-მდე შემცირდა ჩინეთში, რადგან კომპანიის ხედვით, ელექტრომობილებისთვის მსოფლიოში უდიდესი ბაზარი მოსალოდნელზე ნელა იზრდება და თანაც ჩინეთში უფრო მეტად ადგილობრივი ბრენდები დომინირებენ.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, აქ Nissan-ის ელექტრომობილების გაყიდვების მიზანი უცვლელია და 2030 წლისთვის კომპანიის გაყიდვების მიქსის მხოლოდ 40%-ს შეადგენს. თუმცა კომპანიას აშშ-ში სამომავლო გეგმები აქვს და 2026 წლისთვის „ინფლაციის შემცირების აქტის“ მოთხოვნებთან მორგებას ცდილობს, რაც გუპტას შეფასებით, ერთდროულად გამოწვევა და ელექტრიფიცირების დაჩქარების შესაძლებლობაცაა.