Nvidia-ს ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

Nvidia-ს ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ჩიპების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ Nvidia-ს აქციათა ფასი საფონდო ბირჟებზე 10%-ით გაიზარდა და კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის ღირებულებამ $3.65 ტრილიონი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. შესაბამისად, Nvidia-მ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსი კიდევ უფრო გაიმტკიცა.

მსოფლიოს მეორე ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის, ამერიკული Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $3.4 ტრილიონს შეადგენს, რეიტინგის მესამეადგილოსანი Microsoft-ი კი, ამჟამად, $3.1 ტრილიონადაა შეფასებული.

Nvidia-ს აქციების ფასის ზრდა ინვესტორთა ოპტიმიზმმა განაპირობა, რაც, თავის მხრივ, რესპუბლიკელი კანდიდატის გამარჯვების დამსახურებაა. ინვესტორთა მოლოდინით, დონალდ ტრამპი ხელოვნური ინტელექტისა და ნახევარგამტარების სექტორში რეგულაციებს შეამსუბუქებს და გადასახადებს შეამცირებს. შესაბამისად, ჩიპების წარმოების ინდუსტრიაში ინვესტირება უფრო მიმზიდველი გახდა.

Nvidia-ს აქციათა ფასი მხოლოდ ნოემბერში უკვე 12%-ითაა გაზრდილი. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ჯამში ისეთი კომპანიების ღირებულებებს აჭარბებს, როგორებიცაა Eli Lilly, Walmart-ი, JPMorgan-ი, Visa, UnitedHealth Group-ი და Netflix-ი. წლის დასაწყისიდან დღემდე კი კომპანიის აქციათა ფასი რეკორდული, 209%-ითაა გაზრდილი, შესაბამისად, Nvidia-ს ღირებულება 2024 წელს სამჯერ გაიზარდა. მსგავსი ზრდა ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი მატებითაა განპირობებული. Nvidia-ს მიერ წარმოებული ჩიპები კი AI ინდუსტრიაში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

20 ნოემბერს კომპანია მესამე კვარტალის შესახებ ფინანსურ ანგარიშს გამოაქვეყნებს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Nvidia-ს შემოსავალი მესამე კვარტალში 80%-ით, $32.9 მილიარდამდეა გაზრდილი.