ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ, თეირანში „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობის საპასუხოდ, ისრაელზე პირდაპირი თავდასხმის ბრძანება გასცა. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა New York Times-ი სამ ირანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
NYT-ის თანახმად, ხამეინიმ ბრძანება ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომაზე გასცა, რომელიც ოთხშაბათს ჩატარდა. ამასთან ერთად, სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას, ირანის უზენაესი ლიდერი ისრაელს შურისძიებით ღიად დაემუქრა და განაცხადა, რომ ის „მკაცრ სასჯელს“ უნდა მოელოდეს.
ხამენეის განცხადება თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიას მკვლელობას მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ სუნიტური ისლამისტური მოძრაობის „ჰამასის” პოლიტიკური ფრთის ხელმძღვანელი სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა. ჰანია თეირანში ირანის ახალი პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის ინაუგურაციის ცერემონიაზე იმყოფებოდა.
ირანსა და ისრაელს შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაძაბულია. აპრილში ირანმა ისრაელზე დრონების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით იერიში მიიტანა. თუმცა ისრაელის მხარემ გაშვებული დრონებისა და რაკეტების 99%-ის გადაჭერა და განეიტრალება მოახერხა.