OpenAI-ის აღმასრულებლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია საკლასო ოთახებში ხელოვნური ინტელექტის პოპულარული პლატფორმის, ChatGPT-ის ინტეგრირების პოტენციალს და პერსპექტივებს იკვლევს. მოგეხსენებათ, ChatGPT-ის ირგვლივ სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის „დათვური სამსახურის“ გაწევის შესახებ პრეტენზიები კვლავ არ ცხრება.
OpenAI-ის საოპერაციო ხელმძღვანელის განმარტებით, კომპანია ტექნოლოგიის საგანმანათლებლო დანიშნულებით გამოყენების შესასწავლად გუნდს ჩამოაყალიბებს.
შეგახსენებთ, რომ Microsoft-ის ინვესტიციით, OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის პროექტი ChatGPT-ი გასულ ნოემბერს ჩაუშვა და ჩატბოტმა მას შემდეგ მთელი მსოფლიო მოიცვა. რიგი სახელმწიფოების მთავრობები ChatGPT-ის აკრძალვას განიხილავდნენ, სამეცნიერო წრეები კი ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებში რისკს იკვლევდნენ. პლატფორმას კონტენტის შექმნა თითქმის ნებისმიერ საკითხზე შეუძლია. ამან კი საგანმანათლებლო სექტორში პლაგიატთან და აკადემიურ თაღლითობასთან დაკავშირებული პრობლემები წარმოშვა.
OpenAI-ის მიზანი კი აღნიშნული პლატფორმის რისკის ბენეფიტად გარდაქმნაა. სწავლების კომპონენტში ხელოვნური ინტელექტის შემოტანა სასწავლო პროცესს მასწავლებლებისა და ლექტორებისთვისაც გაამარტივებს. სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის ChatGPT-ი ტუტორის ფუნქციების შესრულების, მასწავლებლებისთვის კი კურიკულუმის რედაქტირებისა და კრეატიული მიდგომების დანერგვის შესაძლებლობა ექნება.
OpenAI ხელოვნური ინტელექტის სწავლების პროცესში გამოყენების კონკრეტულ ხედვას უახლოეს მომავალში წარადგენს.