Georgia’s Natural-ის ორგანული პროდუქტი 5 კონტინენტის 40-მდე ქვეყანაში გადის და საკუთარი სასაქონლო ჯგუფის ექსპორტში 65%-მდე უჭირავს. კომპანიის დირექტორი ვლადიმერ გუგუშვილი აპირებს, ორგანული ბაზრის ლიდერად საქართველო გახადოს.
[MAINPICTURE]
ამ ორი ათწლეულის მანძილზე, სირთულეებისა და გამოწვევების მიუხედავად, ყოველთვის მივდიოთ იმ მიზნისკენ, რაც ჩვენმა გუნდმა 1999 წლიდან დაისახა – Georgia’s Natural-ი გამხდარიყო “ორგანულ ინდუსტრიაში“ გლობალური ბრენდი – ამბობს კომპანიის დირექტორი ვლადიმერ გუგუშვილი.
მიზანი თითქმის მიღწეულია. ქართული კომპანია Georgia’s Natural-ი ორგანული ინდუსტრიის მსოფლიო ბაზარზე აღიარებული ბრენდია. დღეს მისი პროდუქტი ხუთი კონტინენტის ათობით ქვეყანაში გადის ექსპორტზე: ტრინიდადი და ტობაგოდან – ჩინეთამდე, თუმცა მთავარ საექსპორტო მიმართულებებს აშშ, იაპონია, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კორეა, ტაივანი, ისრაელი და იორდანია, ასევე ევროპის ქვეყნები წარმოადგენს.
Georgia’s Natural-მა ორგანული პროდუქტის წარმოება და ექსპორტი 2000-იან წლებში, ბროწეულის წვენით დაიწყო. 20-წლიანი შეუჩერებელი მუშაობით, საერთაშორისო ბაზრის შესწავლით, თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებითა და ორგანული ინჟინერიის დანერგვით კომპანიამ წარმოება გააფართოვა, 200-მდე თანამშრომელი დაასაქმა და ორი საწარმო აამუშავა – თბილისსა და ყვარელში. ამის გარდა კომპანიამ 300 ჰექტარზე დივერსიფიცირებული ორგანული ბაღი გააშენა, 15 სხვადასხვა სახეობის ხილის, კენკრისა და კაკლოვნების ნერგებით.
“ჩვენი მიზანი იყო, საქართველო გაგვეხადა ცნობადი, როგორც “ორგანული მებაღეობის“, “ველური შეგროვების“ და “ორგანული წარმოების“ შესაძლებლობების მქონე ქვეყანა“, – ამბობს ვლადიმერ გუგუშვილი.
უმსხვილესი ორგანული პროდუქტის მწარმოებლის საქმიანობა მხოლოდ პრემიუმ- ხარისხის პროდუქტის შექმნითა და ორგანული ბაღების ოპერირებით არ შემოიფარგლება, კომპანია ველური მოსავლის შეგროვებით, ორგანული ნედლეულის ხარისხის კონტროლით და გადამუშავებითაც არის დაკავებული.
“Georgia’s Natural-ი შექმნილია ისეთი ადამიანებისთვის, ვინც იმსახურებს საუკეთესოს, ზრუნავს საკუთარ თავზე და გარშემომყოფ ადამიანებზე, აქვს სოციალური პასუხისმგებლობა გარემოსა და მომავლის მიმართ, ვინც ქმნის და არის შემოქმედი“, – ამბობს ვლადიმერ გუგუშვილი.
40-მდე ქვეყანაში პრემიუმ- ხარისხის პროდუქტის ექსპორტს კი ურთულესი ნორმატივების დაცვა სჭირდება. Georgia’s Natural-ის პროდუქცია აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო ბაზრის სტანდარტს, რომელთა არასრული ჩამონათვალი მოიცავს მათ შორის ISO 9001:2015, ISO 22000:2018, FSSC 22000, Kosher/OU, Halal/IFRC ASIA, ასევე ორგანულ სტანდარტებს:
- EC/NON EU (ორგანული სტანდარტი ევროპული ბაზრისთვის),
- NOP/USDA (ორგანული სტანდარტი აშშ-ის ბაზრისთვის),
- JAS (ორგანული სტანდარტი იაპონიის ბაზრისთვის),
- CCOF (ორგანული სტანდარტი სამხრეთ კორეის ბაზრისთვის).
Georgia’s Natural-ს ამ დრომდე $6 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ყვარელში ორგანული პლანტაციის პროექტში ინვესტიცია $3 მილიონს უტოლდება, მაღალტექნოლოგიური საწარმოს განვითარებისთვის ინვესტიცია – $2 მილიონს, ხოლო თბილისის საწარმოს გადაიარაღებისა და სამაცივრე მეურნეობის განვითარების პროექტის ფარგლებში განხორციელებული ინვესტიცია $1 მილიონია.
თუმცა კომპანია ამაზე გაჩერებას არ აპირებს. Georgia’s Natural-ის გუნდი მომავალი ხუთი წლის განმავლობაში კიდევ ერთი “ორგანული მებაღეობისა“ და “ორგანული წარმოების“ გეოგრაფიული წერტილის შექმნას გეგმავს დასავლეთ საქართველოში და მის ასახვას საერთაშორისო “ორგანული სოფლის მეურნეობის“ რუკაზე. ამ პროექტის ფარგლებში იგეგმება კენკროვნების, ციტრუსოვანი და სხვა კულტურების მეურნეობის გაშენება, მაღალტექნოლოგიური საწარმოო ინფრასტრუქტურის შექმნა.
“ჩვენი მიზანია, საქართველოში ჩამოყალიბდეს გათვითცნობიერებული “ორგანული პროდუქტის“ მომხმარებელი სეგმენტი, რომელიც საუკეთესო არჩევანს გააკეთებს. ჩვენ კი მათთვის შევქმნით ინოვაციურ და ექსკლუზიურ რეცეპტებს და გავუზიარებთ “გლობალური ორგანული ბაზრის“ ყველაზე ტრენდულ მიმართულებებს“, – ამბობს ვლადიმერ გუგუშვილი.
20 წელზე მეტია, რაც Georgia`s Natural-ი საერთაშორისო ბაზრისთვის ქმნის პრემიუმ- ხარისხის „ორგანული კატეგორიის“ ხილის, კენკრისა და ბოსტნეულისგან დამზადებულ – ბოთლირებულ და ნახევარფაბრიკატ პროდუქტს – 100% სუფთა წვენს, რბილობიან პალპს, IQF გაყინვის ტექნოლოგიით დამზადებულ პროდუქტს, სოუსებს, სანელებლებს, ხილის კონსერვირებულ და მშრალ პროდუქტს.
განვითარებულ ქვეყნებში ორგანული პროდუქცია გაცილებით მოთხოვნადია და გლობალური ორგანული ბაზარი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. Statista-ს მონაცემებით, 2018 წელს ორგანული საკვებისა და სასმელების ბაზრის მოცულობამ $165.52 მლრდ შეადგინა, 2027 წლისთვის კი ბაზარი $679.81 მლრდ-ს მიაღწევს. Georgia’s Natural-ი ტრენდს ფეხს უწყობს: მისი წვენებისა და სასმელის წილი საქართველოდან ექსპორტირებული ამ სასაქონლო ჯგუფის 60- 65%-ს შეადგენს.
მართალია, პანდემიის დაწყების შემდეგ მთელ მსოფლიოში გაიზარდა “ორგანულ“, “სუფთა“ და “ჯანმრთელ“ პროდუქტზე მოთხოვნა, რომელიც ანტიოქსიდანტური და იმუნომასტიმულირებელი თვისებების მქონეა, თუმცა კოვიდის მთავარი სიმპტომი, ტრანსპორტირების პრობლემა, ამ ბიზნესსაც გამოუვლინდა. გლობალურმა ლოგისტიკურმა შეფერხებებმა იმპორტისა და ექსპორტის ოპერაციები გაართულა.
“უკვე თითქმის ათი თვეა, ამ რეჟიმში გვიწევს მუშაობა. გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა გუნდმაც და ჩვენმა გლობალური ბაზრის პარტნიორებმაც შევიმუშავეთ საგანგებო რეჟიმში მუშაობის ახალი წესები. შექმნილი სირთულეებისთვის თავის გართმევა ჩვენი ყოველდღიური სამუშაო რეჟიმის ნაწილი გახდა“, – აღნიშნა ვლადიმერ გუგუშვილმა.
1999-დან 2020 წლამდე Georgia’s Natural-ის გაყიდვების 100%-ს ექსპორტი წარმოადგენდა, რომლის მოცულობაც წლიდან წლამდე იზრდებოდა, თუმცა მიმდინარე წელს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ორგანული კატეგორიის პრემიუმ- პროდუქტზე სამომხმარებლო ჩვევა მეტად გაეღვივებინათ. ამჟამად საქართველოში Georgia’s Natural-ის ბრენდი რამდენიმე ჰიპერმარკეტშია წარმოდგენილი და, რაც მთავარია, კომპანიამ გახსნა “ორგანული ბარები“ საქართველოს რამდენიმე ქალაქში, სადაც მხოლოდ ჯანსაღი და ორგანული პროდუქტის შეძენა არის შესაძლებელი.
“იმისთვის, რომ საქართველოშიც ჩამოყალიბდეს ეს სეგმენტი, ადგილობრივ მომხმარებელს სჭირდება მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს “ორგანული“, “სუფთა“ პროდუქტი, რა არის ასეთი კატეგორიის პროდუქტის ფასეულობა, როგორ მოახდინოს შესაბამისი ხარისხისა და კატეგორიის იდენტიფიცირება, როგორ “წაიკითხოს“ ეტიკეტი და ა.შ.“, – აღნიშნა ვლადიმერ გუგუშვილმა.
ამიტომაც ყოველდღიურად Georgia’s Natural-ის ბრენდულ “ორგანულ ბარებში“, მომხმარებელს აწვდიან სრულ ინფორმაციას “ორგანული“ შეგროვების, სოფლის მეურნეობის, წარმოების, ტექნოლოგიის, ლოგისტიკის შესახებ.
ამ ეტაპზე ორგანულ პროდუქტს საქართველოში მცირე რაოდენობის მომხმარებელი ჰყავს, თუმცა, Georgia’s Natural-ის გუნდი ელოდება, რომ საზოგადოების ცნობიერება ისევე გაიზრდება საქართველოშიც, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია.
“სწორედ ახლა ყალიბდება ადგილობრივი მომხმარებლის გემოვნება, – განმარტავს კომპანიის დირექტორი. – ამ მიმართულებით Georgia’s Natural-ი თავისი წვლილის შეტანას გეგმავს“.