პაპის არჩევაზე $30 მილიონზე მეტის ფსონები დაიდო

პაპის არჩევაზე $30 მილიონზე მეტის ფსონები დაიდო

ფსონების განთავსების პლატფორმა Polymarket-სა და Kalshi-ზე, მომხმარებლებმა შემდეგი პაპის მოლოდინში, $30 მილიონზე მეტის ფსონები დადეს. თუმცა, ექსპერტთა შეფასებით, მოთამაშეების მხრიდან ფსონების დადება, როგორც ჩანს, ბრმად მიმდინარეობს, რადგან კონკლავი მთლიანად დახურულია და ვატიკანის წარმომადგენლებსაც არ შეუძლიათ იწინასწარმეტყველონ, თუ ვინ გახდება პაპი ფრანცისკეს მემკვიდრე.

მანამ, სანამ კონკლავი სიქსტეს კაპელაში პაპის კანდიდატურას არჩევს, Polymarket-სა და Kalshi-ზე ფსონებიც იზრდება. მოთამაშეებმა კრიპტოვალუტაზე დაფუძნებულ ფსონების პლატფორმა Polymarket-ზე უკვე $21 მილიონზე მეტის ფსონები განათავსეს. პლატფორმა Kalshi-ზე კი, რომელიც ფსონებს აშშ-ის ტერიტორიაზე ლეგალურად იღებს – $8 მილიარდზე მეტის.

პლატფორმის მომხმარებლებს შორის, როგორც Polymarket-ზე, ისე Kalshi-ზე, მთავარი ფავორიტი 70 წლის იტალიელი კარდინალი პიეტრო პაროლინია. ის 2013 წლიდან ვატიკანის სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებს. Polymarket-ზე პაროლინს პაპის ტახტის დაკავების 31%-იანი, ხოლო Kalshi-ზე 32%-იანი შანსი აქვს. ფილიპინელი კარდინალი ლუის ანტონიო ტაგლე, 20%-იანი და 21%-იანი შანსებით, ორივე პლატფორმაზე მეორე ადგილზეა.

რიგით 267-ე პაპის ასარჩევად კარდინალები პირველად გუშინ, 7 მაისს შეიკრიბნენ. თუმცა დღის ბოლოს, სიქსტეს კაპელის საკვამურიდან მხოლოდ შავი კვამლი ამოვიდა, რაც ნიშნავს, რომ კონკლავის პირველ დღეს კარდინალებმა პაპი ვერ აირჩიეს. ჩვეულებრივ, არჩევის პროცესი 2-3 დღეს გრძელდება ხოლმე. მაგალითისთვის, პაპი ფრანცისკე კარდინალებმა მეორე დღეს აირჩიეს.