ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენი“ და „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე შეთანხმდნენ. მისივე ცნობით, ახლა საბოლოო დეტალები თანხმდება და ფეხბურთელის პარიზულ კლუბში ოფიციალურად გადასვლა მხოლოდ დროის საკითხია.
როგორც ფაბრიციო რომანო წერს, მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით, ფრანგები კვარაცხელიას სანაცვლოდ მინიმუმ 70 მილიონ ევროზე მეტს გადაიხდიან. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ხვიჩასთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
რომანო ირწმუნება, რომ ფრანგულმა კლუბმა „ნაპოლის“ ქართველ გარემარბს 9 მილიონ ევროზე მეტი წმინდა ხელფასი შესთავაზა.
შეგახსენებთ, ხვიჩა „ნაპოლის“ 2022 წლის ივლისში, ბათუმის „დინამოდან“ შეუერთდა. იტალიელებმა მის სანაცვლოდ 11.5 მილიონი ევრო გადაიხადეს.
2024/25 წლების სეზონში კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელთა განმავლობაში ხუთი გოლის გატანა და სამი საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.