პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა. ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო “ლოკდაუნის“ გამო, გასართობი თემატური პარკი დღეიდან დახურეს.
კომპანიაში იმედოვნებენ, რომ საშობაო პერიოდში მაინც გაიხსნებიან და შესაბამის პერიოდზე ჯავშნებსაც მიიღებენ.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა მორიგი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 1 დეკემბრამდე ქვეყანაში “ლოკდაუნი“ ცხადდება. კერძოდ, დაიხურება ბიზნესების ნაწილი, რესტორნები, ბარები. ამის მიზეზი კი კორონავირუსით ინფიცირებულების დღიური მაჩვენებლების რეკორდული ზრდაა.
გადაწყვეტილება ბუნებრივია მნიშვნელოვნად დააზარალებს Disneyland-ს, რომლის შემოსავლები კალენდარული წლის პირველ ნახევარში ისედაც $6.2 მილიარდით დაკლებული იყო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. პარიზის გარდა, Disneyland-ის პარკები მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკაში, აზიასა და ევროპის სხვა ქალაქებშიც. მსოფლიო პანდემიის გამო, ყველა მათგანი მარტის, აპრილის და მაისის თვეში დახურული იყო.
ამჟამად Disneyland-ის პარკები ღიაა შანხაისა და ფლორიდაში, ხოლო კალიფორნიაში კვლავ დაკეტილია. კომპანიამ გასულ თვეს 28 000 თანამშრომლის დროებით გათავისუფლების შესახებაც განაცხადა.