PayPal-ის თანადამფუძნებელი პიტერ ტილი Meta-ს დირექტორთა საბჭოს ტოვებს

PayPal-ის თანადამფუძნებელი პიტერ ტილი Meta-ს დირექტორთა საბჭოს ტოვებს

PayPal-ის თანადამფუძნებელი და Meta-ს ერთ-ერთი პირველი ინვესტორი, პიტერ ტილი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წელს დატოვებს, – ამის შესახებ Meta-ს განცხადებაში ვკითხულობთ. ცნობისთვის, პიტერ ტილი Meta-ს, თავის დროზე კი thefacebook.com-ის ერთ-ერთი პირველი გარეშე ინვესტორია, რომელმაც 2004 წელს კომპანიაში $500 ათასი დააბანდა. „ჩვენი დროის ერთ-ერთ საუკეთესო ანტრეპრენიორთან მუშაობა უდიდესი პატივი იყო. მარკ ცუკერბერგი საუცხოო ინტელექტით, ენერგიითა და კეთილსინდისიერებით გამოირჩევა. მისი ნიჭი Meta-ს ახალი ერის ზღურბლზე გადაბიჯებაში დაეხმარება“, – განაცხადა პიტერ ტილმა.

„პიტერი ჩვენი საბჭოს ძალიან მნიშვნელოვანი წევრი გახლდათ და ყველაფრისთვის, რაც ჩვენი კომპანიისთვის გაუკეთებია, მადლობას ვუხდი – იმისთვის, რომ ჩვენი მაშინ სწამდა, როცა მხარში თითქმის არავინ გვედგა და იმისთვის, რომ ბიზნესის, ეკონომიკისა და სამყაროს შესახებ უამრავი რამ მასწავლა. პიტერი – ნამდვილი მოაზროვნეა, რომელსაც ურთულესი პრობლემების გადასაწყვეტად უნიკალური რჩევების მოცემა შეუძლია. ჩვენი საბჭოს წევრად ის თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში მუშაობდა და სულ ვიცოდით, რომ ოდესღაც გადაწყვეტდა, საკუთარი დრო სხვა ინტერესებისკენ მიემართა. მადლობელი ვარ, რომ ჩვენს საბჭოში ამდენი დრო დაყო – მის გზაზე ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ“, – განაცხადა Meta-ს დამაარსებელმა და აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა.

Meta-ს დირექტორთა საბჭოში პიტერ ტილი პირველად 2005 წელს გამოჩნდა და მას მერე მის შეუცვლელ წევრად იქცა – ამასთანავე, ის მარკ ცუკერბერგთან ყველაზე დაახლოებულ ადამიანად, მის კონფიდენტად ითვლება. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო, ბოლო წლებში, პიტერ ტილი არაერთ სკანდალში გაეხვა – ის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერია და მისი ოფისში ყოფნისას სილიკონ-ველიში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობასაც ითავსებდა.

ცნობისთვის, მიმდინარე თვის დასაწყისში კიდევ ერთი სკანდალური ინფორმაცია გასაჯაროვდა. კერძოდ, გაირკვა, რომ პიტერ ტილი საიდუმლოდ აფინანსებდა ტექნოლოგიურ კომპანიას NSO Group, რომელიც ეჭვმიტანილია Meta-ს შვილობილი კომპანიის, WhatsApp-ის დაჰაკვაში.

ამ დროისთვის, პიტერ ტილისა და მარკ ცუკერბერგის გარდა, Meta-ს დირექტორთა საბჭოს წევრებად, სხვებთან ერთად, Dropbox-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი, დრიუ ჰიუსტონი, DoorDash-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ტონი შუ და The Estée Lauder Companies-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, შერილ სენდბერგი ირიცხებიან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *