The Hill-ის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციამ დააანონსა, რომ წლის განმავლობაში თეთრი სახლი Pfizer-BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 500 მილიონ დოზას შეიძენს და ღარიბ ქვეყნებს დაუნაწილებს, რაც, პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანი გლობალური ნაბიჯი იქნება პანდემიასთან გასამკლავებლად.
გარდა ამისა, დღესვე გახდა ცნობილი, რომ ჯო ბაიდენი დიდ შვიდეულს (G7) გაერთიანებულ სამეფოში შეხვდება, რაც პრეზიდენტის რანგში პირველი საზღვარგარეთული გამოცდილება იქნება მისთვის. G7-ის სამიტზე ქვეყნები – კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და გაერთიანებული სამეფო – მსგავსად შტატებისა, ვაქცინის გლობალურად მიწოდების გეგმას შეიმუშავებენ.
Pfizer-ის 500 მილიონ დოზას 92 სახელმწიფო COVAX-პლატფორმის დახმარებით მიიღებს. დისტრიბუცია 2021 წლის აგვისტოში დაიწყება. თეთრი სახლის ინფორმაციით, შეძენილი 500-დან 200 მილიონი დოზა წლის ბოლომდე გაიხარჯება, დარჩენილი 300 კი – 2022 წლის ივნისისთვის.
„ამერიკელი ხალხი მსოფლიოს დაიცავს COVID-19-სგან. ესაა ვაქცინების შეძენისა და დანაწილების ყველაზე მასშტაბური აქტი“, – ვკითხულობთ თეთრი სახლის განცხადებაში.
ცნობისთვის, თავად აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 64% ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით უკვე აცრილია. ბაიდენის ადმინისტრაციის მიზანს 4 ივლისისთვის ამერიკელთა 70%-ის იმუნიზაცია წარმოადგენს.