Pfizer: კორონავირუსის სამკურნალო აბები წლის ბოლოსთვის იქნება მზად

Pfizer: კორონავირუსის სამკურნალო აბები წლის ბოლოსთვის იქნება მზად

გასულ თვეს Pfizer-მა განაცხადა, რომ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს ცდიდა. გუშინ კი Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ CNBC-ის ეთერში განაცხადა, რომ 2021 წლის ბოლოსთვის ხელმისაწვდომი იქნება კორონავირუსის სამკურნალო აბები, რომელსაც ინფიცირების დადასტურებისთანავე ორალურად მიიღებენ პაციენტები. ბურლას თქმით, ანტივირუსული საშუალება ეფექტიანი იქნება ვირუსის ვარიაციების წინააღმდეგაც.

ორშაბათს ტელეგრაფმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აბების გამოცდა აშშ-სა და ბელგიაში მიმდინარეობს, ზრდასრულ მოხალისეებს შორის. სწორედ აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა სატელევიზიო გამოსვლისას ბურლა და დაადასტურა, რომ Pfizer ნამდვილად მუშაობს ამგვარ თერაპიულ საშუალებაზე. მან ასევე განმარტა, რომ კომპანია ორი ანტივირუსული საშუალების ტესტირებაზე მუშაობს, რომელთაგან ერთი პაციენტმა ინტრავენურად უნდა მიიღოს, ერთი კი აბების სახით იქნება.

ბურლას თქმით, Pfizer ფოკუსირებული სწორედ აბების განვითარებაზე იქნება, ვინაიდან მკურნალობის ადმინისტრირების ეს ფორმა ბევრ უპირატესობას იძლევა – მაგალითად, მკურნალობის კურსისთვის აღარ იქნება საჭირო კლინიკებში მისვლა.

კითხვაზე, რა არის დროის ლოგიკური ჩარჩო, როდესაც აბები ტესტირების მესამე ფაზას გაივლიან და საზოგადოებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ბურლამ შემდეგნაირად უპასუხა: „თუკი ყველაფერი კარგად წავა… იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს“.

Pfizer დეტალურ ინფორმაციას კორონავირუსის სამკურნალო აბებზე ზაფხულში გაავრცელებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *