ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებლის“ პიტერ ჯექსონისეული ადაპტაცია, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია, რაც ეკრანებზე გამოვიდა, მაყურებელთა და გულშემატკივართა მოწონებას დღემდე იმსახურებს. კრიტიკოსები და გულშემატკივრები დღემდე ცდილობენ ტრილოგიიდან მხატვრული ღირებულებით ტკბობის მიღების გარდა, სიბრძნე და შეგონებები ამოიკითხონ.
გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ „ბეჭდების მბრძანებელი“ შეგონებას ფინანსური წიგნიერების შესახებაც გვთავაზობს. სტატიაში წარმოგიდგენთ ფინანსური წიგნიერების 9 გაკვეთილს, რომლებიც შეგიძლიათ, „ბეჭდების მბრძანებლისაგან“ მიიღოთ.
1. ინვესტიციების დივერსიფიცირება
საურონმა სტანდარტული ფინანსური შეცდომა დაუშვა, როდესაც მთელი მისი ძალაუფლება და შუახმელეთის მართვის შესაძლებლობა ერთ ბეჭედში მოათავსა. მისი ეს ნაბიჯი მეტაფორულად თქვენი საინვესტიციო შესაძლებლობების ერთ კონკრეტულ მიმართულებაში დაბანდებას ასახავს.
მისი სტრატეგია იმ ინვესტორის ქმედებას წააგავს, რომელმაც მთელი ფულით ერთი კონკრეტული კომპანიის აქციები შეისყიდა. კომპანიის კარგი შედეგებით, შესაძლოა, აქციებიდან ამონაგები განსაკუთრებით დიდი იყოს, თუმცა თუკი შედეგები არასახარბიელო იქნება, ყველაფრის დაკარგვის რისკიც იზრდება. შესაძლოა, თქვენმა ინვესტიციამაც საურონის ბედი გაიზიაროს, როდესაც ერთი ბეჭდის განადგურებამ მისი ძალაუფლება იმსხვერპლა.
დივერსიფიცირებული პორტფელი კი ამგვარ დანაკარგებს ამცირებს. აქციები, ობლიგაციები, უძრავი ქონება თუ სხვა სახის აქტივებით პორტფელის დატვირთვა დანაკარგების შემცირების საუკეთესო გზაა.
2. ბიუჯეტირება და რესურსების სწორი განაწილება
ჰობიტების ცხოვრება მარტივია. მაგალითად, მიუხედავად დიდი ქონებისა, ბილბო ბეგინსმა ცხოვრების თავმდაბალი წესი არჩია. ერებორიდან წამოღებული ქონებით კი მას შეეძლო მდიდრულად ეცხოვრა. მისი ცხოვრება შესაძლოა კარგ მაგალითად მივიღოთ იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა და თავიდან აირიდოს ბიუჯეტის გადახარჯვა.
რესურსების სწორი განაწილების კარგი მაგალითია სემ გემჯის სიფრთხილე დუმის მთისკენ საგზლის განაწილების დროს. მან დღიური რაციონი ისე გათვალა, რომ მასსა და ფროდოს მოგზაურობის ბოლომდე ჰყოფნოდა. სემის მოქმედება ნათლად ასახავს რესურსების განაწილების დროს მომავალი საჭიროებების გათვალისწინებას და ბიუჯეტირებაში მდგრადობის გამოვლინებაა.
3. აკონტროლეთ თქვენი ვალდებულებები
გოლუმის გონების ბეჭდით შეპყრობა და მკვდართა არმიის ისილდურთან ფიცი ვალდებულებების კონტროლის კარგი გაკვეთილი შეიძლება იყოს. ეს ორი შემთხვევა კარგად ასახავს, თუ რამდენად დიდი გავლენა შესაძლოა ჰქონდეს ვალდებულებებს თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე. ვალდებულებების ეფექტიანად კონტროლი თავად მისი შინაარსის გააზრებით იწყება. ისევე როგორც ბეჭდის მნიშვნელობის გააზრებას ჰქონდა გავლენა შუახმელეთის ყოფაზე. ამიტომ კარგად შეისწავლეთ, რა არის ვალი, რას ნიშნავს ხელშეკრულების თითოეული უცხო ტერმინი, როგორია საპროცენტო განაკვეთი და რა გრძელვადიანი ეფექტი აქვს მას.
4. იქონიეთ სიცოცხლის დაზღვევა
გენდალფის ნაცრისფერიდან თეთრ ჯადოქრად გარდაქმნა თქვენი ფინანსური დაგეგმარების დროს სიცოცხლის დაზღვევის აუცილებლობაზე მიუთითებს. მორიას მაღაროებში მისი ჩავარდნა და ბეჭდის საძმოსგან განცალკევება კარგი მაგალითია იმისა, თუ რა მოულოდნელად შეიძლება მოხდეს თქვენს ცხოვრებაში უბედური შემთხვევა.
სიცოცხლის დაზღვევით კი თქვენ უბედური შემთხვევისას თქვენი საყვარელი ადამიანების ფინანსურ მომავალზე იფიქრებთ. სიცოცხლის დაზღვევის ოფციები ნებისმიერ საჭიროებას ერგება. შესაბამისად, აირჩიეთ თქვენს შესაძლებლობებზე მორგებული სიცოცხლის დაზღვევის პაკეტი. ტრაგედიის შემთხვევაში სიცოცხლის დაზღვევა თქვენი ოჯახის ფინანსურ საჭიროებებს დიდ დახმარებას გაუწევს.
5. რისკების მენეჯმენტი
შუახმელეთის მმართველმა რგოლმა ფროდო ბეჭდის მატარებლად აირჩია. სხვა რასებთან შედარებით ბეჭდის ძალაუფლებაზე ყველაზე ნაკლებად მგრძნობიარე ჰობიტის არჩევა საუკეთესო, ყველაზე დაბალი რისკის მქონე არჩევანი იყო. აღნიშნული ნაბიჯი კარგი გამოვლინებაა ფინანსურ დაგეგმარებაში რისკების შეფასების მნიშვნელობისა. ინვესტიციების განსხვავებული ტიპები სხვადასხვა სახის რისკის შეფასებას ითხოვს, რაც გონივრული გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ელემენტია.
გარდა ამისა, ფროდოს კომპანიონად სემის არჩევაც მმართველი რგოლის მიერ რისკის მენეჯმენტის წარმატებული გამოვლინება იყო. სემის ერთგულება და ემოციური მედეგობა ფროდოს წარმატების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი გამოდგა.
6. მოემზადეთ საპენსიო ასაკისთვის
ელფების მარადიულ მიწებზე გამგზავრება სიმბოლოა ცხოვრების ახალ ეტაპზე, საპენსიო ასაკში გადასვლისა. როგორც ელფები ემზადებიან შუახმელეთიდან მარადიულ მიწებზე გასამგზავრებლად, ისეთივე წარმატებით უნდა მოემზადოთ თქვენი პენსიაზე გასვლის მომენტისთვის. უნდა დარწმუნდეთ, რომ კომფორტულად საცხოვრებლად ყველა საჭირო რესურსს ფლობთ.
დაიწყეთ საპენსიო დანაზოგების შექმნა ადრეული ასაკიდანვე. თუკი სახელმწიფოში სავალდებულო საპენსიო რეფორმა არსებობს, კერძო კომპანიებისთვის მიმართვის საჭიროება არ გექნებათ. საპენსიო დანაზოგის შესაქმნელად შეგიძლიათ ინვესტირება დაიწყოთ აქციებში, ობლიგაციებსა თუ უძრავ ქონებაში.
7. შეიმუშავეთ გრძელვადიანი სტრატეგია
ენთების გადაწყვეტილების მიღების მეთოდური და მიზანდასახული პროცესი შესანიშნავი გაკვეთილია გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებისა. გადაწყვეტილების მიღებამდე ენთები ყველაზე შესაძლო შედეგს, შესაძლებლობასა და სცენარს განიხილავენ, რაც ფინანსურ დაგეგმვაში უმნიშვნელოვანესი ასპექტია. ენთების სიდინჯე და გრძელვადიანი ხედვა კარგად ასახავს იმ მდგომარეობას, როდესაც მოგება შესაძლოა მოკლევადიან პერსპექტივაში ვერ მიიღოთ, მაგრამ ის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია. ასეთი სტრატეგია შეიძლება იყოს იპოთეკის არჩევა, რომელსაც, მართალია, მაღალი საწყისი ღირებულება აქვს, თუმცა გრძელ ვადაში რესურსების ეფექტიანად განაწილებაში გეხმარებათ. ასეთივე გადაწყვეტილებაა განათლებაში ინვესტირება, რაც პოტენციურად მაღალი შემოსავლის მიღების ალბათობას ზრდის.
8. მართეთ და დაგეგმეთ თქვენი ქონება
ელრონდის მიერ არაგორნისთვის ნივთების შენახვა და შემდეგ გადაცემა ქონების მართვის კარგი მაგალითია. ქონების დაგეგმვისთვის აქტივების დოკუმენტირება და უზრუნველყოფა აუცილებელია. შექმენით თქვენი ანდერძი და განსაზღვრეთ ბენეფიციარები. გარდა ამისა, იქონიეთ კომუნიკაცია მემკვიდრეებთან მოსალოდნელი კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად.
9. მიიღეთ კარგი ფინანსური რჩევა
ტრილოგიის მეორე სერიაში, „ორი კოშკი“ მეფე თეოდენის ვეზირი სარუმანის ბრძანებას ასრულებს და მეფეზე ზემოქმედების გზით როჰანის სამეფოს მიზანმიმართულად ასუსტებს. ეს ეპიზოდი კარგად ასახავს იმ საფრთხეებსა და საშიშროებას, რომელიც შესაძლოა არასწორი ფინანსური რჩევის შედეგად თავს დაგატყდეთ.
კარგად დააკვირდით, რომ ფინანსური მრჩევლის შერჩევისას პროფესიონალი საკუთარ ინტერესებს თქვენსაზე წინ არ აყენებდეს საკომისიო ბენეფიტების მისაღებად. დაიმახსოვრეთ, რომ ეფექტიანი ფინანსური რჩევა თქვენი ფინანსური მდგომარეობის ცვლილების თანამდევი პროცესია, რომელიც გარემოებების მიხედვით ხშირად იცვლება.