ფინეთში წყალქვეშა კაბელის დაზიანების ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

ფინეთში წყალქვეშა კაბელის დაზიანების ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

25 დეკემბერს ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელის, EstLink 2-ის დაზიანების ბრალდებით, ფინეთის სამართალდამცავმა უწყებამ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.

მედიასააგენტო „რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიუროს ინფორმაციით, დაკავებულია გემ Eagle S-ის კაპიტანი და ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი. შეგახსენებთ, რომ ფინეთის სამართალდამცავმა უწყებებმა გემი Eagle S-ი რამდენიმე კვირის წინ დააკავეს, რათა მას ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელის დაზიანებისათვის ფინანსური პასუხისმგებლობა დაეკისროს.

კუკის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემი Eagle S-ი ამჟამად ფინეთის სამართალდამცავი ორგანოების მეთვალყურეობის ქვეშ ბალტიის ზღვაშია. გემის მიერ EstLink 2-ის დაზიანებასთან დაკავშირებით კი გამოძიება მიმდინარეობს.

პოლიტიკის მკვლევრები არ გამორიცხავენ, რომ მომხდარის უკან რუსეთის კვალი იყოს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროპის ენერგოინფრასტრუქტურა რუსეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთი სამიზნეა.

საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით „რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიურო საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დაუკავშირდა. უწყებამ მომხდარი დაადასტურა და აღნიშნა, რომ ფინეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი დაკავებულებს დაუკავშირდა.

ფინეთის საგამოძიებო უწყებებმა განაცხადეს, რომ ზღვის ფსკერზე ათეულობით კილომეტრის სიგრძის კვალი იპოვეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გემს გადაადგილების დროს ღუზა ჩაშვებული ჰქონდა. აღნიშნული ღუზა ფინეთის საგამოძიებო უწყებებმა რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს.

გემების მონიტორინგის გლობალური პლატფორმის, Marine Traffic-ის ინფორმაციით, იმ მომენტში, როდესაც ელექტროკაბელზე ზემოქმედება დაფიქსირდა, გემმა სიჩქარე მნიშვნელოვნად შეამცირა.

გემს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებული კომპანია Caravella ფლობს. კომპანიამ ფინეთის სამართლდამცავ უწყებებს დაკავებული გემის გათავისუფლება მოსთხოვა. მომხდარში საკუთარ ჩართულობას უარყოფს ოფიციალური მოსკოვიც. ინციდენტის საპასუხოდ, ნატომ განაცხადა, რომ ბალტიის ზღვაში სამხედრო პატრულირებას გააძლიერებს.