Le Journal du Dimanche-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ფრანგული სამხედრო და ტექნოლოგიური ჯგუფის, Thales-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პატრის კეინმა განაცხადა, რომ წელს კომპანია დამატებით 12,000 თანამშრომლის დაქირავებას გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი Thales-ის პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნაა.
პატრის კეინის განცხადებით, კომპანიას ამჟამად 80,000-მდე თანამშრომელი ჰყავს, რომელთაგან 40,000 საფრანგეთშია დასაქმებული. Thales-ი ბოლო 8 წლის განმავლობაში ყოველწლიურად თანამშრომლების რაოდენობას 5,000-დან 8,000-მდე ზრდიდა. გასულ წელს კი 11,500 ახალი თანამშრომელი აიყვანა. როგორც ჩანს, ახალი დასაქმებულების რიცხვი წელს კიდევ უფრო დიდი იქნება.
შეგახსენებთ, Thales-ი რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მათ შორისაა თავდაცვა და უსაფრთხოება, აერონავტიკა და კოსმოსი და ციფრული უსაფრთხოება. აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით კი, მოთხოვნა ყველა ჩამოთვლილ მიმართულებაზეა გაზრდილი.
ცნობისათვის, Thales-ის მიერ წარმოებული საჰაერო თავდაცვის სისტემების რადარი Ground Master 200 უკრაინას მაისში მიეწოდება. საინტერესოა ისიც, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ Thales-ის აქციათა ფასი 60%-ით გაიზარდა.