ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპების ყველაზე დიდმა აქსელერატორმა მსოფლიოში გადაწყვიტა, მეწარმეებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან ფინანსების მოძიებასა და გლობალური კომპანიების შექმნაში დაეხმაროს.
Founder Institute-მა (FI.co) დღეს გამოაცხადა, რომ 2022 წლის ვირტუალურ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადის შეტანა შეუძლია ყველა იმ დამწყებ მეწარმესა თუ გუნდს სამხრეთ კავკასიიდან, რომელთაც სურთ, კომპანია შექმნან სომხეთისა და საქართველოს საუკეთესო სტარტაპ მენტორებთან ერთად და ეს ყველაფერი – სახლიდან გაუსვლელად.
„კოვიდ-19-მა თუკი რამ გვასწავლა, ისაა, რომ სადმე გამგზავრება და პირისპირ შეხვედრა არც ისეთი მნიშვნელოვანია, როგორიც გვეგონა,“ – განაცხადა ადეო რესიმ, Founder Institute-ის თანადამფუძნებელმა და თავმჯდომარემ. „ჩვენი პროგრამების გადატანა ონლაინ არა მხოლოდ უსაფრთხოდ ყოფნაში გვეხმარება, არამედ საშუალებას გვაძლევს, დავეხმაროთ მეწარმეებს ახალ რეგიონებში, სადაც მანამდე ფიზიკურად წარმოდგენილები არ ვყოფილვართ. მნიშვნელობა არ აქვს, სად ხართ ფიზიკურად – ყველას შეგიძლიათ იმუშაოთ ჩვენს არაჩვეულებრივ გუნდთან და მენტორებთან ერთად თბილისში, ერევანსა და მსოფლიოს სხვა წერტილებში; და ერთად შექმნათ მომავლის ბიზნესი.”
სულ ერთია, სტარტაპი ჯერ კიდევ ტესტირებისა და ადრეული ჰიპოთეზების ვალიდაციის პროცესშია თუ უკვე შემდეგ ფაზაზე გადასასვლელად არის მზად – Founder Institute ნებისმიერ შემთხვევაში მსოფლიოში საუკეთესო ადგილია იდეების – მიმზიდველ სტარტაპებად და სტარტაპების გლობალურ ბიზნესებად გარდაქმნისთვის. ის მონაწილეებს ყოველკვირეული პრაქტიკული მომზადების სტრუქტურირებულ პროცესს სთავაზობს, იმისთვის, რომ მოახდინონ იდეების ვალიდაცია მანამ, სანამ დიდ ფინანსურ პასუხისმგებლობებს აიღებენ, დახვეწონ სტარტაპის ხედვა, გააუმჯობესონ ძირითადი მეტრიკები და მზად შეხვდნენ ინვესტორებს.
„ქართული სტარტაპ ეკოსისტემა სწრაფად მზარდია და გვიხარია, რომ Founder Institute კარს ქართველ მეწარმეებსაც უღებს. გვჯერა, რომ FI-ის მეთოდოლოგია და მისი ყოფნა რეგიონში ამ ზრდის ტენდენციას კიდევ უფრო ააჩქარებს,“ – განაცხადა ავთანდილ კასრაძემ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA-ს) თავმჯდომარემ.
„Founder Institute დროში გამოცდილი პროგრამაა, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ათასობით გუნდისთვის გაუწევია დახმარება. ეს შეიძლება მომავლის განმსაზღვრელი შესაძლებლობა აღმოჩნდეს დამწყები მეწარმეებისთვის, ამიტომ ის რაც შეიძლება მეტი მათგანისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. შესაბამისად, გვიხარია, რომ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ვაერთიანებთ ამ ორ ბაზარს და ვხდებით Founder Institute-ის რეგიონული წარმომადგენლობა,“ – ნარინე კოტიკიანი, Founder Institute-ის სომხური ოფისის დირექტორმა.
16-კვირიანი პროგრამა 2022 წლის მაისში დაიწყება და გააერთიანებს წამყვან სტარტაპერებსა და ექსპერტებს სომხეთიდან და საქართველოდან, რომლებიც მენტორობას გაუწევენ დამწყებ მეწარმეებს წარმატებული კომპანიების შენების გზაზე. გარდა ამისა, მომავალი კვირების განმავლობაში, ჩატარდება უფასო ონლაინ ღონისძიებებიც, რომლებზეც მონაწილეებს შეეძლებათ, აქსელერაციის პროგრამის დეტალებს, რეგიონული სტარტაპ ეკოსისტემის თავისებურებებს, დაფინანსების შესაძლებლობებსა და წარმატებულ მაგალითებს გაეცნონ.
შემდეგი ღონისძიება დაგეგმილია 16 მარტს.
2022 წლის პროგრამაში სომხეთიდან და საქართველოდან ჩასართავად, მეწარმეებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ შემდეგ ბმულზე: https://fi.co/apply/9962/map
2009 წლის შემდეგ, Founder Institute-ის აქსელერაციის პროგრამა 5 000-ზე მეტ მეწარმეს დაეხმარა სწრაფ ზრდაში, შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრასა და მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებაში მსოფლიოში სტარტაპ მრჩეველების ყველაზე დიდი ქსელის დახმარებით.
მოგზაურობა იწყება ცნობილი FI Core აქსელერატორით, რომელიც დამფუძნებლებს იდეისა და ადრეულ ეტაპებზე ეხმარება ინვესტირებისა და მდგრადი ზრდის ფაზებამდე მიღწევაში. ამის შემდეგ კი FI Core-ის მონაწილეები იღებენ თავისუფალ წვდომას advanced ‘Founder Lab’ accelerators-ზე და შეუძლიათ, შეხვდნენ პოტენციურ ინვესტორებს FI Venture Network-ში – გლობალურ საინვესტიციო ქსელში, რომელშიც აქტიურად მიმდინარეობს ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპების დაფინანსება.
შედეგები თავად მეტყველებს ყველაფერზე: FI-ის მონაწილეებმა ჯამურად მოიზიდეს 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი დაფინანსება და აწარმოებენ შედეგიან ბიზნესებს 90-ზე მეტი ქვეყანის 200-ზე მეტ ქალაქში.