Turkish Aerospace Industries-ის მიერ შექმნილმა და წარმოებულმა პირველმა თურქულმა მსუბუქმა საბრძოლო თვითმფრინავმა, Hurjet-მა სახმელეთო ტესტირებები დაიწყო.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი თაობის მოწინავე ტექნოლოგიების მქონე მსუბუქმა მოიერიშე თვითმფრინავმა, რომელიც საწვრთნელი დანიშნულებითაც გამოიყენება, ძრავის გამართულად მუშაობის ტესტი წარმატებულად ჩააბარა.
ცნობისათვის, TAI-ის მიერ შექმნილი თურქული Hurjet-ი ზებგერითი საფრენი აპარატია, რომელიც საწვრთნელი დანიშნულებით ამჟამად არსებულ Northrop T-38 Talon-ს ჩაანაცვლებს. გარდა ამისა, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების F-16-ებს მჭიდრო საჰაერო მხარდაჭერასაც გაუწევს.
საინტერესოა, რომ სამხედრო კონტრაქტორს სატესტო ფრენებისათვის ორი პროტოტიპის შექმნა აქვს გადაწყვეტილი. საფრენი აპარატის სიგრძე 13.6 მეტრს, ფრთების სიგრძე კი 9.5 მეტრს შეადგენს.
თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, Hurjet-ის პირველი პარტია თურქეთის საჰაერო ძალების სარდლობას მიეწოდება. პირველი თურქული მსუბუქი საბრძოლო თვითმფრინავის შეიარაღებაში მიღება 2023 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.