PMI-მ და Altria-მ $2.7-მილიარდიან შეთანხმებას მიაღწიეს

PMI-მ და Altria-მ $2.7-მილიარდიან შეთანხმებას მიაღწიეს

კომპანია „ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ და კომპანია „ალტრია“ აშშ-ის ბაზარზე გასახურებელი თამბაქოს პროდუქტთან დაკავშირებით თანამშრომლობის დასრულებაზე შეთანხმდნენ.

„ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, 2024 წლის 30 აპრილის შემდეგ კომპანიას ექნება სრული უფლებები აშშ-ის ბაზარზე მოახდინოს გასახურებელი თამბაქოს პროდუქტის კომერციალიზაცია. ამასთან ამ შეთანხმების მიხედვით, PMI „ალტრიას“ გადაუხდის 2.7 მილიარდ დოლარს, საიდანაც 1 მილიარდი უკვე გადახდილია, ხოლო დარჩენილი 1.7 მილიარდის გადახდა 2023 წლის ივლისამდე მოხდება.

მხარეებს შორის აშშ-ის ბაზარზე გასახურებელი თამბაქოს პროდუქტთან დაკავშირებით პირველი შეთანხმება 2013 წელს გაფორმდა და მის ფარგლებში განისაზღვრა, რომ „ალტრია“ გახდებოდა აშშ-ის ბაზარზე გარკვეული ინტელექტუალური საკუთრების მფლობელი, რაც გასახურებელი თამბაქოს იმ ტექნოლოგიას უკავშირდებოდა, რომელიც 2008 წელს კომპანიების გაყოფამდე იყო შემუშავებული. 2019 წელს გასახურებელ თამბაქოს აშშ-ის ბაზარზე რეალიზაციის უფლება მიეცა, თავდაპირველი შეთანხმებით „ალტრიას“ პროდუქტის გაყიდვების უფლება 2024 წლის აპრილის ჩათვლით ჰქონდა მინიჭებული. შესაბამისად, აშშ-ის ბაზარზე პროდუქტის კომერციალიზაციას სწორედ PMI მოახდენს.

„ეს შეთანხმება კომპანიისთვის ისტორიული მნიშვნელობისაა კვამლისგან თავისუფალი მომავლის შექმნის გზაზე“, – განაცხადა PMI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იაცეკ ოლზაკმა. მისი განმარტებით, 18 თვის შემდეგ, მათ ექნებათ უფლება მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზარზე მოახდინონ უკვამლო პროდუქტის სრული პოტენციალის რეალიზაცია.

„კომპანია აშშ-ის ბაზარზე ზრდის მნიშვნელოვან პოტენციალს ხედავს, სადაც ჩინეთის გამოკლებით მსოფლიოს უკვამლო ბაზრის 60% მოდის. აშშ-ში გასახურებელ თამბაქოს პროდუქტს განსაკუთრებით დიდი პოტენციალი აქვს, რაც განპირობებულია ამერიკელი ზრდასრული მწეველების სურვილით გადავიდნენ სიგარეტის უკვამლო ალტერნატივებზე“, – წერს PMI.

ამჟამად PMI გასახურებელი თამბაქოს პროდუქტის კომერციალიზაციის საერთაშორისო წარმატების გამეორებას აშშ-ის ბაზარზეც გეგმავს. თავად აშშ-ის CDC-ის ინფორმაციით, 2022 წლის მდგომარეობით ამერიკაში 31 მილიონი ზრდასრული მწეველია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *