პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, ქვეყანა შვედური კერძო სამხედრო კომპანია Saab-ისგან ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს შეიძენს. მინისტრის განმარტებით, კონტრაქტის ღირებულება $1.63 მილიარდია.
ცნობისათვის, წელს პოლონეთმა თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ის 4%-მდე გაზარდა. აღმოსავლეთევროპული ქვეყნის მიზანი რუსეთისგან მომდინარე საფრთხის მიმართ მზაობა და ამისათვის შეიარაღებული ძალების გაძლიერებაა.
საუბარია შვედური კერძო სამხედრო-სამრეწველო კომპანიის, Saab-ის მიერ წარმოებულ Carl-Gustaf M4-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემაზე, რომელმაც უკრაინაშიც მაღალი ეფექტიანობა გამოავლინა. აღნიშნული შეიარაღება თითქმის ყველა სახის ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ გამოიყენება.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, კონტრაქტის მიხედვით, შვედებისაგან რამდენიმე ათას გამშვებ დანადგარს და ასიათასობით რაკეტას მიიღებენ. გარდა ამისა, შეთანხმება პოლონური მხარისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მიწოდებასა და წვრთნების ჩატარებასაც გულისხმობს.
პოლონეთმა უკანასკნელი თვეების განმავლობაში უცხოურ მომწოდებლებთან რამდენიმე მნიშვნელოვანი სამხედრო კონტრაქტი გააფორმა. რამდენიმე თვის წინ გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთმა სხვადასხვა სამხედრო კონტრაქტორთან $24 მილიარდის ჯამური ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, რაც აღმოსავლეთევროპული ქვეყნისათვის ისეთი სისტემების გადაცემას ან დამატებას ითვალისწინებს, როგორიცაა: ამერიკული ჰსთ-სისტემა Patriot-ი, სხვადასხვა ტიპის ახლო მანძილზე მოქმედი ჰსთ-სისტემები, საზენიტო და რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარები და სხვა. გარდა ამისა, პოლონეთი აშშ-ისაგან $12 მილიარდად 96 ერთეულ ვერტმფრენ AH-64E Apache-ს შეიძენს.
დიდი მოცულობის სამხედრო კონტრაქტები გაფორმდა კორეასთანაც, საიდანაც პოლონეთს 152 ერთეული თვითმავალი ჰაუბიცა K-9 და 1000-მდე ერთეული მთავარი საბრძოლო ტანკი K-2 მიეწოდება. დამატებით, პოლონეთი უახლოეს პერიოდში ამერიკულ მეხუთე თაობის გამანადგურებელ F-35-ებსა და კორეულ მსუბუქ საბრძოლო თვითმფრინავ FA-50-ებსაც მიიღებს.