2022 წლის პირველ ცხრა თვეში Porsche-ს საოპერაციო მოგება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 41%-ით გაიზარდა და €5.05 მილიარდს მიაღწია. თუმცა, კომპანიის ვარაუდით, შესაძლოა, მიმდინარე კვარტალი ავტომწარმოებლისთვის უფრო რთული აღმოჩნდეს.
ავტომწარმოებლები ინფლაციისა და მზარდი საპროცენტო განაკვეთებისთვის ემზადებიან, ამის პარალელურად კი მოთხოვნა, განსაკუთრებით პრემიუმ-კლასის ავტომობილებზე, კვლავ უცვლელი რჩება. თუმცა როგორც Porsche იტყობინება, 911-ის გაყიდვები გაიზარდა. მიუხედავად ამისა, Volkswagen-მა, გასულ კვირას, მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გამო, მოგების დასახულ მიზანს ვერ მიაღწია.
„მსგავს არასტაბილურ და რთულ საბაზრო გარემოში ჩვენ მაქსიმალურად ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, განსაკუთრებით ხარჯთა დისციპლინირებისა და მიმზიდველი პროდუქტის მიქსის საშუალებით, რათა მოგებიანად ვიმოქმედოთ“, განაცხადა Porsche-ს მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა ლუც მეშკემ. ხოლო როგორც Volkswagen-ისა და Porsche-ს აღმასრულებელი დირექტორი ოლივერ ბლუმი ამბობს, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში კომპანიაში იმ ტიპის კრიზისებს წინასწარმეტყველებენ, რომლებიც უკავშირდება გეოპოლიტიკურ სიტუაციასა და მიწოდების ჯაჭვის საკითხებს.
Porsche, მიმდინარე თვის დასაწყისში, ევროპის ყველაზე ძვირად ღირებულ ავტომწარმოებლად იქცა, როდესაც მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ VW-ისას გადაასწრო. ანალიტიკოსთა აზრით, ორივე კომპანიაში ბლუმის აღმასრულებელმა დირექტორობამ, შესაძლოა ავტომწარმოებლებში ხელმძღვანელობის საკითხების გაუარესება გამოიწვიოს.
ცნობისთვის, Porsche-ს მიწოდება, პირველ სამ კვარტალში, 2%-ით გაიზარდა და 221,512 ავტომობილს მიაღწია. რაც შეეხება 911-ს, რომელიც ავტომწარმოებლის ყველაზე მოგებიანი მოდელია, მისი გაყიდვები 9%-ით გაიზარდა და, ბლუმის განცხადებით, მოდელის შეკვეთები ამჟამად ყველა დროის მაქსიმუმზეა.