სპორტული მედიასააგენტო SPORT-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Puma „ბარსელონასთვის“ ისტორიულ შეთავაზებას ამზადებს. მედიასააგენტოს განცხადებით, შეთავაზება სპორტული ტანსაცმლის ბრენდის მიერ ინგლისურ კლუბ „მანჩესტერ სიტისთან“ დადებულ $824-მილიონიან შეთავაზებაზე „ბევრად მაღალი“ იქნება.
შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში სპორტული ტანსაცმლის გერმანული ბრენდი „ბარსელონასა“ და Nike-ს შორის 26-წლიან თანამშრომლობას დაასრულებს და ესპანური გრანდის უნიფორმების ოფიციალური სპონსორი გახდება.
ცნობისათვის, Nike-ისა და „ბარსელონას“ თანამშრომლობა 1998 წლიდან იწყება. SPORT-ის ინფორმაციით, სპორტული ტანსაცმლის ამერიკული გიგანტი ესპანურ კლუბს ოფიციალურად ყოველწლიურად $114.75 მილიონს უხდის. თუმცა სეზონის გათვალისწინებით, ეს თანხა შესაძლოა $169 მილიონამდე გაიზარდოს. გასაკვირია, რომ ამ შეთანხმებიდან სპონსორობის შემოსავალზე მხოლოდ $72 მილიონი მოდის. ესპანური გრანდის ხელმძღვანელობა კი მიიჩნევს, რომ Nike-ი „ბარსელონას“ უფრო დიდ კომპენსაციას უნდა უხდიდეს.
„ბარსელონა“ ამჟამინდელი შეთანხმებიდან გასვლას 2028 წლამდე გეგმავს. ცნობილია, რომ „ბარსელონას“ უნიფორმის ოფიციალური სპონსორობის სურვილი კიდევ ერთმა ცნობილმა ბრენდმა, New Balance-მაც გამოთქვა. ჯერჯერობით უცნობია, გეგმავს თუ არა Nike-ი გავრცელებულ ამბავზე რეაგირებას და „ბარსელონასთვის“ კონკრეტული პირობების შეთავაზებას.
შეგახსენებთ, Puma-მ ინგლისურ კლუბ „მანჩესტერ სიტისთან“ ხელშეკრულება 2019 წელს გააფორმა და მისი ჯამური ღირებულება $824 მილიონია, რაც ყოველწლიურად $82 მილიონის გადახდას გულისხმობს.