პუტინი ადგილზე უნდა მოვსვათ

პუტინი ადგილზე უნდა მოვსვათ

ახლო წარსულში დასავლეთი ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ცივი ომის დასრულების შემდეგ დასავლეთი ასე დაბნეული, ხოლო რუსეთი ასე თავდაჯერებული აღარ ყოფილა. ეს განსაკუთრებით ნათლად ლიდერების კონტრასტულ ხასიათებში გამოჩნდა.

ბარაკ ობამას პრეზიდენტად არჩევა ძირითადად იმის გამო მოხდა, რომ იგი კამპანიების მჭევრმეტყველურად და დამარწმუნებლად ჩატარების უნარით ხასიათდება. ბევრი ამომრჩეველი მას თავისთვის ასე სასურველი ცვლილებების მატარებლად აღიქვამდა. აღმოჩნდა, რომ ობამა გაუბედავი პრეზიდენტია, რომელიც არც პატივისცემას აღძრავს მის მეკავშირეებში და არც შიშს – მის მტრებში. ამის საპირისპიროდ, ვლადიმირ პუტინი, იოსებ სტალინის შემდეგ, რუსეთის ყველაზე საზარელი მბრძანებელია. მას ნათელი პროგრამა გააჩნია – აღადგინოს საბჭოთა კავშირი – და ამ მიზნის მიღწევის გზაზე აბსოლუტურად დაუნდობელია. სუკ-ში მიღებული განათლებით, პუტინი ექსპერტი მატყუარა, გამყალბებელი და მოძალადეა, რომლის ინსტინქტები თავხედობისა და მაცდურობის საუკეთესო ნაზავს წარმოადგენს. მის გვერდით ობამა ბავშვივით გამოიყურება.

პუტინი ასევე სარგებლობს რუსეთის აზრის ძალაუფლების მქონე სეგმენტის ენერგიული, ენთუზიაზმით აღსავსე მხარდაჭერით. ასეთ მხარდაჭერას მას ძველი საბჭოთა იერარქიის მრავალხმიანი წევრები უცხადებენ – სამხედრო პირები, ბიუროკრატები და ინტელიგენცია – ორთოდოქსული ეკლესიის კიდევ უფრო გააფთრებული ლიდერები, რომ აღარაფერი ვთქვათ ყოფილი საბჭოთა კოლონიის გადაყენებულ ლიდერებზე. შესაბამისად, მას შეუძლია პოპულისტის როლში გამოვიდეს და ამასთან იმოქმედოს, როგორც ტირანმა.

მაგრამ პუტინი ასევე მოწყვლადიცაა. პუტინის თანამდევი სისუსტეა პატივმოყვარეობა, რომელსაც დემონსტრაციულად აცხადებს საჯარო ფოტოებსა და სიუჟეტებში, სადაც იგი თავის შიშველ ტორსს და დაკუნთულ სხეულს გამომწვევად აჩვენებს (ზუსტად ბენიტო მუსოლინის მსგავსად). ხშირად ამგვარ სიუჟეტებში პუტინი კრემლის მოოქრულ სახელმწიფო ოთახებში მისეირნობს, ნაპოლეონის ეპოქის საცერემონიო ფორმებში გამოწყობილი დაცვის წევრები კი გაღებული კარების უკან თავს უხრიან.

პუტინის ძალაუფლება მეტწილად მის მიმდინარე წარმატებაზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით მისი ასეთი წარმატება დასავლეთის სისუსტემ განაპირობა, მაგრამ პუტინის შესაძლო ბედისწერის შესახსენებლად, კარგად უნდა გვახსოვდეს ის, რაც ნახევარი საუკუნის წინ ნიკიტა ხრუშჩოვს დაემართა. ეს უხეში და ენერგიული კაცი, პუტინის მსგავსად, ამერიკის სისუსტეზე თამაშობდა. აშშ-ის სპეცსამსახურების კუბაში შეჭრის ოპერაციის ფიასკოთი გულგამაგრებული ხრუშჩოვი შეეცადა საბჭოთა რაკეტები კუბაში განეთავსებინა და მსოფლიო თერმობირთვული ომის ზღვრამდე მიიყვანა, სანამ მისი იძულებითი და დამამცირებელი უკანდახევა მოხდებოდა. თავის დროზე, ხრუშჩოვის პოლიტბიუროს კოლეგები მის წინააღმდეგ ამხედრდნენ და იგი „ავანტიურიზმის“ გამო მოიშორეს. მან თავისი საქმიანობა მოსკოვის გარეუბანში, პარკის სკამზე დაასრულა; იგი უცხო ადამიანებს სასაუბროდ იწვევდა და თავისი წარსული სიდიადით ტრაბახობდა.

შესაძლოა, რომ პუტინს იგივე ბოლო ელოდებოდეს? მის პოლიტიკას უკრაინაში სიტყვა „ავანტიურიზმი“ ზუსტად აღწერს. იგი სიამოვნებას მაღალი რისკის შემცველი ნაბიჯებითა და აგრესიული საჯარო პოზებით იღებს, მაგრამ დასავლეთთან ომის დაწყების ნებისმიერი შესაძლებლობის შემთხვევაში იგი უკან დაიხევს, რადგან ეს ომი ბირთვულ ომად გადაიქცევა.

უნდა გვახსოვდეს ტალეირანის ბრძნული აქსიომა: „რუსეთი არასდროს არ არის ისეთი ძლიერი, როგორადაც გამოიყურება. რუსეთი არასოდეს არ არის ისეთი სუსტი, როგორადაც გამოიყურება“. შეიძლება არსებობდეს ხმაურიანი ნაციონალისტური ფრთა, რომელსაც პუტინი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მიმართავს – და ჩვენ ყოველთვის ჯეროვნად უნდა შევაფასოთ მისი ფესვები – მაგრამ ასევე არსებობს დიდი და მზარდი რუსული საშუალო კლასი, რომელიც ცივი ომის შემდგომ შექმნილ გარემოში საკმაოდ კარგად გრძნობს თავს და თავისი კეთილდღეობისა და მომავალი შესაძლებლობების შენარჩუნება სურს. პუტინისა და მისი მხარდამჭერი ნაციონალისტების წინააღმდეგ ქმედებებისას, დასავლეთმა სწორედ ამ კლასს უნდა მიმართოს.

მაგრამ წარმატების მისაღწევად გაძლიერებული ნატოა საჭირო. ევროკავშირი, პოკერის ტერმინოლოგიას თუ მოვიშველიებთ, გაშიფრული მოთამაშეა ფლეშით ხელში. ევროზონა მუდმივ რეცესიაშია. თვით გერმანიაც კი ცუდ მდგომარეობაშია. მისი ლიდერი, ანგელა მერკელი, ტევტონიკური (გერმანული) ომის დანაშაულის შეგრძნებით ზედმეტად დამძიმებულია, რათა ძლიერი, დამოუკიდებელი პოზიცია დაიჭიროს. საფრანგეთის რომანტიკული და იდიოტი პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი, რეცესიული ფრანგული ეკონომიკის აღდგენის უნაყოფო მცდელობებით, საკუთარ სოციალისტურ ბაზას ანგრევს. იტალიის – არასწორი მართვის საშინელი მოდელის – ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული პროდუქტის მაჩვენებელი 15 წლის წინანდელზე დაბალია. ბიუროკრატია ბრიუსელში – რომლის ტიპური პროდუქტია მისი არჩეული პრეზიდენტი, ჟან-კლოდ იუნკერი – ჯერ არნახულ შეზღუდვებს აწესებს. შედეგად, პუტინის სისუსტეების წინააღმდეგ ევროკავშირის წევრების გაერთიანების პერსპექტივა არ არსებობს.

გაბედულების აღზევება

ნატო განსხვავებული საკითხია. მისი აღორძინების შესაძლებლობა აშკარად არსებობს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სათავეში დიდ ბრიტანეთს დევიდ კამერონის ნაცვლად ბორის ჯონსონი ჩაუდგება. მისი ხმა შეიძლება დაეხმაროს ნატოს, დაიბრუნოს თავისი მისიის შეგრძნება. ევროპის ნაწილები, როგორიცაა პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში საბჭოთა კავშირის მიერ იყვნენ ოკუპირებული და ზუსტად ესმით, რას ნიშნავს რუსეთის ბატონობის ქვეშ ცხოვრება, თავიანთი გავლენის გამოვლენას იწყებენ და სხვებს აიძულებენ, მოუსმინონ მათ.

მაგრამ აშშ-ის ხელმძღვანელობის გარეშე ნატო ეფექტიანად ვერ იმუშავებს. მანამდე, სანამ კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პრეზიდენტი თეთრ სახლში თავის ადგილს ინარჩუნებს, პუტინის ავანტიურიზმი გაგრძელდება. საჭიროა ამერიკული გამბედაობის აღდგენა პუტინისთვის თავისი ადგილის მისაჩენად – დაე იჯდეს პარკის სკამზე მარტოსულად.