ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi-ს დამფუძნებელი და CEO მიხეილ ლომთაძე PricewaterhouseCoopers-მა (PwC) მესამედ დაასახელა ქვეყნის საუკეთესო აღმასრულებელ დირექტორად.
„მადლობა ყველას ჩვენი შრომის დაფასებისთვის და ასევე, PwC-ის, ამ გამოკითხვის ორგანიზებისთვის. ეს Kaspi.Kz-ის არაჩვეულებრივი გუნდის კიდევ ერთი აღიარებაა, გუნდის, რომელიც აგრძელებს ინოვაციური მობილური ციფრული პროდუქტების განვითარებას, ემსახურება ჩვენს მისიას, გააუმჯობესოს ადამიანების ყოველდღიურობა და ამასთან, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი ყაზახეთის ციფრულ ტრანსფორმაციაში. გასულ წელს ჩვენ წარმატებით განვათავსეთ აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე, რის შედეგადაც ყაზახეთი გლობალური ინოვაციების მსოფლიო რუკაზე მოვნიშნეთ – ამ ყოველივემ მნიშვნელოვნად გაზარდა ქვეყნის მიმზიდველობა საერთაშორისო ინვესტორებისთვის. პირობას ვდებთ, რომ გავაგრძელებთ თქვენს გაოცებას ინოვაციური, ტექნოლოგიურად განვითარებული პროდუქტებისა და სერვისების შემუშავებით“ – განაცხადა საკითხზე კომენტირებისას მიხეილ ლომთაძემ.
PwC-მა მსხვილი ყაზახური კომპანიების 71 CEO გამოკითხა, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორიდან. რესპოდენტებმა ლომთაძის არჩევისას მიუთითეს Kaspi.kz-ის წარმატებულ IPO-ზე (აქციების პირველადი განთავსება), კომპანიის მმართველი გუნდის პროფესიონალიზმზე, ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და თავად მიხეილ ლომთაძის სტრატეგიულ ხედვაზე.
PwC აღნიშნულ გამოკითხვას მსოფლიოს მასშტაბით უკვე 24 წელია ატარებს, ხოლო ბოლო 9 წელია საუკეთესო CEO-ს ავლენენ ყაზახეთშიც.
ცნობისთვის, მიხეილ ლომთაძის ქონება კომპანიის საჯარო განთავსების შემდეგ $2 მილიარდად შეფასდა. თავად კომპანიამ 2019 წელს შემოსავლის სახით $1.3 მილიარდი დოლარი მიიღო, იმავე წელს მისი წმინდა მოგება $515 მილიონი დოლარი იყო. 2020 წლის პირველ ნახევარში კი ჯგუფმა $740 მილიონის შემოსავალი და $286 მილიონის წმინდა მოგება გამოიმუშავა.