ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა და ქალთა შორის მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, 25 წლის ასაკში კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ეშლი ბარტის განცხადება შოკის მომგვრელი აღმოჩნდა ჩოგბურთის სამყაროსთვის, განსაკუთრებით – ავსტრალიის ღია პირველობაზე მესამე დიდი სლემის მოგების შემდგომ.
Instagram-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ბარტიმ განაცხადა, რომ გამოფიტულია და აღარა აქვს „ის ფიზიკური ძალა და ემოციური სურვილი“, რაც ჩოგბურთის უმაღლეს დონეზე სათამაშოდ აუცილებელია. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა 2014 წელს ჩოგბურთიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს სიტუაცია წინა შემთხვევისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. 2014 წელს ჩოგბურთიდან წასვლის მიზეზად ბარტიმ გადაღლა და მოგზაურობით გამოწვეული სტრესი დაასახელა.
კარიერის დასრულებაზე ფიქრი ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ჯერ კიდევ შარშან, უიმბლდონის მოგების შემდგომ დაიწყო. თუმცა მაშინ გადაწყვეტილების მიღება, როგორც თავად ამბობს, „დაუკმაყოფილებლობის გრძნობამ“ გადაავადებინა. მაგრამ ერთი წლის შემდგომ, როგორც ჩანს, 25 წლის სპორტსმენისთვის „საოცარი მოგზაურობის“ დასრულების საუკეთესო შემთხვევად ავსტრალიის ღია პირველობაზე გამარჯვება იქცა.
ბარტი 121 კვირის განმავლობაში წამყვან ჩოგბურთელ ქალებს შორის პირველობას არ თმობდა. 25 წლის ავსტრალიელ ჩოგბურთელს სამი დიდი სლემის ტიტული აქვს მოგებული: 2019 წლის საფრანგეთის ღია პირველობა, 2021 წელს უიმბლდონი და 2022 წელს ავსტრალიის ღია პირველობა.