ქართველი ახალგაზრდა, რომელმაც NYU-ის $105 000-იანი გრანტი მოიპოვა

ქართველი ახალგაზრდა, რომელმაც NYU-ის $105 000-იანი გრანტი მოიპოვა

ონისე წულაია – პირველი ახალგაზრდა ქართველი, რომელმაც „ნიუ-იორკის უნივერსიტეტის“ (NYU) სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრული გრანტი მოიპოვა. ონისე ამერიკაში კორპორაციულ სამართალს ისწავლის.   თუმცა, ეს არ იქნება მისი პირველი საერთაშორისო გამოცდილება. მას არაერთ გაცვლით პროგრამაში აქვს მონაწილეობა მიღებული. 2016 წელს, როდესაც თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი იყო, ირლანდიაში, ლიმერიკის უნივერსიტეტში გაეროს მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა, 2017 წელს კი ნიუ-იორკში, ნაზარეთის კოლეჯში  ამერიკის მთავრობის სრული დაფინანსებით სწავლობდა. ონისე უკვე რამდენიმე წელია, ამერიკულ იურიდიულ კომპანია SunBreath Corp-ში მუშაობს, ამჟამად უკვე უფროს იურისტად. Forbes Georgia-მ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

ონისე, NYU-ში სამაგისტრო პროგრამის სრული დაფინანსება ერთ-ერთი ყველაზე რთულად მოსაპოვებელია. როგორ მიხვედით ამ წარმატებამდე?

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა მსოფლიო რეიტინგის ხუთეულშია და ჰარვარდის სამართლის სკოლაზე ძვირად ღირებულია. ერთწლიანი მაგისტრატურის საფასური საშუალოდ 110 000 აშშ დოლარს აღემატება. ამ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების სურვილი გამიჩნდა ჯერ კიდევ 2017 წელს, როდესაც მოვიპოვე ამერიკის სამთავრობო სტიპენდია და ბაკალავრის საფეხურზე გაცვლითი პროგრამით ვიმყოფებოდი ნიუ-იორკის რეიტინგულ სასწავლებელში. პირველად სწორედ მაშინ ვესტუმრე Washington Square-თან მდებარე ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამართლის სკოლას და აღტაცებული დავრჩი. თავდაპირველად, სიმართლე გითხრათ,  წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ამ უნივერსიტეტში მოხვედრა და მით უფრო დაფინანსების მოპოვება. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან გამოსულმა საკუთარ თავს დავპირდი, რომ უკან დავბრუნდებოდი, როგორც ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მაგისტრის კანდიდატი. აქედან დაიწყო ის დიდი და რთული გზა, რომელიც სრულ დაფინანსებამდე გავიარე.

წელს, მარტში კი უნივერსიტეტის ყველაზე პრესტიჟული და განსაკუთრებული კანდიდატებისთვის განკუთვნილი სტიპენდია – The Global Hauser Scholarship მოვიპოვე, რომელიც სრულად ფარავს როგორც სწავლის საფასურს, ისე მანჰეტენზე ცხოვრების ხარჯებს. ვარ პირველი ქართველი სტუდენტი, რომელმაც ჰაუზერის გრანტი მიიღო. სტიპენდიის მინიჭების საკითხი ჩემს შემთხვევაში გადაწყვიტეს საგრანტო კომიტეტის თავმჯდომარეებმა და საპატიო წევრებმა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე თეოდორ მერონმა და იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ამჟამინდელმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ჯულიანო ამატომ. ამ ბუმბერაზი იურისტების მხარდაჭერა ჩემთვის მოტივაციაა და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა. არ შემიძლია არ ვახსენო ის უამრავი მილოცვა, რომელიც მივიღე როგორც ქართველი კოლეგებისგან, ისე ირლანდიელი და ამერიკელი პროფესორებისგან. განსაკუთრებით გამიხარდა ლიმერიკის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტის მისალოცი წერილი, რომლითაც პერსონალურად მომილოცა ჰაუზერის გრანტი და ხაზი გაუსვა ამ სტიპენდიის მნიშვნელობას.

ოცნება, რომელიც რეალობად მექცა, ვფიქრობ, ბევრი ქართველი კოლეგისთვის იქნება სტიმული და იმის დასტური, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია, თუ მოინდომებ.

თქვენ საკორპორაციო სამართალ ისწავლით, რატომ შეარჩიეთ ეს მიმართულება?

საქართველოში სამეწარმეო სამართალი საკმაოდ ახალგაზრდაა. ამ დარგმა აქტუალურობა ქვეყანაში და ზოგადად რეგიონში ინვესტიციების ზრდის პარალელურად თანდათან შეიძინა. ბაზარზე გაჩნდა მოთხოვნა კორპორაციული მართვის (ე.წ Corporate Governance) სპეციალისტებზე. სამწუხაროდ, ამ მოთხოვნას საქართველოს შრომითი ბაზარი მოუმზადებელი შეხვდა, ვინაიდან, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში არსებული არც ერთი უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა არ არის აგებული და ორიენტირებული კორპორაციული მართვის შესწავლაზე. მეტიც, უკიდურესად მწირია ქართული იურიდიული ლიტერატურა კორპორაციული მართვის დარგში. დაინტერესებული იურისტები კი ამ ცოდნის მიღებას საზღვარგარეთ ცდილობენ.

როგორც SBC Legal-ის უფროსი იურისტი, აქტიურად ვარ ჩართული ბიზნესსამართლის სფეროში და კორპორაციული მართვის შესწავლის აუცილებლობა აქტიურმა პრაქტიკამ დამანახვა. სწორედ ამიტომ შევარჩიე ნიუ-იორკის უნივერსიტეტის საკორპორაციო სამართლის მასტერი, რომელიც მთლიანად საკორპორაციო მართვის შესწავლას ემსახურება და  უკონკურენტოა ამ დარგში. მიუხედავად იმისა, რომ NYU-ს გარდა, მიმიღო კოლუმბიის სამართლის სკოლამ, ასევე ჰამბურგის ბუცერიუსის სამართლის სკოლამ სრული დაფინანსებით, არჩევანი ნიუ-იორკის უნივერსიტეტზე შევაჩერე. აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკის უნივერსიტეტი მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად მხოლოდ 50 წარმატებულ იურისტს იღებს.

რას გეგმავთ ამ სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ? დაბრუნდებით საქართველოში?

ახალი ოცნებებისთვის ჩემს გონებაში ადგილი გათავისუფლდა. ამ ეტაპზე ახალი მიზნების ჩამოყალიბების პროცესში ვარ. წინასწარ რთულია გეგმების დასახვა, თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ კარიერული ზრდის შესაძლებლობა სხვაგან სად უნდა არსებობდეს, თუ არა მსოფლიოს ისეთ უდიდეს ეკონომიკურ ცენტრში, როგორიც ნიუ-იორკია. უკვე მაქვს სტაჟირების რამდენიმე შემოთავაზება ნიუ-იორკის წამყვანი იურიდიული კომპანიებისგან. ამერიკულ განათლებასთან ერთად გარკვეული სამუშაო გამოცდილების მიღება პრიორიტეტად მაქვს დასახული, თუმცა საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები. მინდა, როგორც ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეს, ისე სამართლებრივ პრაქტიკას შევმატო  მიღებული გამოცდილება. ჩემს კოლეგებთან ერთად ვაპირებ ამ დარგში იურიდიული ლიტერატურის ბაზის შექმნას, რომელიც ქართველი სტუდენტების სწავლებისთვის იქნება განკუთვნილი.

ონისე, თქვენ მუშაობთ ერთ-ერთ წარმატებულ იურიდიულ ამერიკულ კომპანიაში,  რა მნიშვნელოვან საქმეებზე გიმუშავიათ, როგორც იურისტს?

მართალია ჯერ სულ რაღაც 24 წლის ვარ, თუმცა, საკმაოდ დიდი პროფესიული გამოცდილების დაგროვება მოვასწარი. ჩემი იურიდიული კარიერა დაიწყო და განვითარდა ქართულ-ამერიკულ იურიდიულ კომპანია Sunbreath Corp. Legal Services-ში. სტაჟიორობიდან უფროს იურისტობამდე დაწინაურებისთვის სამი წელიწადი დამჭირდა. ამ დროის განმავლობაში ვიყავი წამყვანი სპეციალისტი ქართული კომერციული ბანკის ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის საქმეში, ეროვნული ბანკის იურიდიულ აპარატთან ერთად დავამკვიდრეთ არაერთი საინტერესო პრაქტიკა ამ მიმართულებით. ჩემს რეზიუმეში განსაკუთრებული ადგილი უკავია სახელმწიფო მნიშვნელობისა და ორმაგი დანიშნულების მქონე პროდუქტის მწარმოებელ „მაღალი ტექნოლოგიების ეროვნულ სააგენტოში“ ჩატარებულ რეორგანიზაცია/რესტრუქტურიზაციას. აღსანიშნავია, რომ ჩემი სასამართლო წარმომადგენლობის ფარგლებში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამი მნიშვნელოვანი და პრეცედენტული სასამართლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული საქართველოს სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მიერ. მიმუშავია განსაკუთრებით რთული კატეგორიის ბიზნესდავებზე, რომელთა ღირებულება რამდენიმე მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

ამ ყველაფერთან ერთად ჩვენი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში,  pro bono იურიდიულ მომსახურებას ვუწევ არაერთ პირს, რომლებსაც არა აქვთ სახსრები იურიდიული მომსახურების ხარჯების დასაფარავად. ყველაზე გახმაურებული საქმე, რომელზეც დღემდე დიდი პოლემიკა მიმდინარეობს, სუროგაციის ხელშეკრულებას უკავშირდება. სასამართლოში წარმოვადგენდი სუროგაციის გზით დაბადებული ტყუპი ახალშობილების მშობლების ინტერესებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წინააღმდეგ. ამ დავის ფარგლებში მნიშვნელოვანი სასამართლო პრაქტიკა შეიქმნა და შეიცვალა, ჩემი შეფასებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მავნებლური პრაქტიკა, რომლითაც ირღვეოდა როგორც ბავშვთა დაცვის ევროპული კონვენცია, ისე კონსტიტუციური უფლებები. მოხარული ვარ, რომ წვლილი შევიტანე  ტყუპი ახალშობილების დაცვასა და მათი დარღვეული უფლებების გამოსწორებაში.

როგორ ფიქრობთ, რამდენად მარტივია, საქართველოში იყო წარმატებული იურისტი? რა არის ამისთვის საჭირო?

წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ქართველი იურისტები ბევრ სირთულეს აწყდებიან როგორც საუნივერსიტეტო სივრცეში, ისე შრომით ბაზარზე. რთული დასაჯერებელია, თუმცა დღევანდელ რეალობაშიც კი ბევრი ბიზნესსუბიექტი  ოპერირებს სათანადო იურიდიული მომსახურების გარეშე, სწორედ ამის გამო ქართული სასამართლო გადატვირთულია ბიზნესკატეგორიის  ისეთი დავებით, რომელთა წარმოშობა ნაკლებად სავარაუდო იქნებოდა  ტრანზაქციებზე დროული იურიდიული მხარდაჭერის შემთხვევაში. ვფიქრობ, ქართულ ბიზნესს ხელი უნდა შევუწყოთ იურიდიული ცნობიერების ამაღლებაში, რაც  გულისხმობს ტრანზაქციებში პროფესიონალი იურისტების ჩართულობის უზრუნველყოფას.

სხვა ქვეყნებში მიღებულმა გამოცდილებამ მაჩვენა, რამდენად ბევრ შესაძლებლობას ვართ მოკლებული ქართველი სტუდენტები, მათ შორის, სათანადო ლიტერატურას, თანამედროვე საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურას, სპორტულ აქტივობებს და სხვა. არ შემიძლია აქვე დიდი პატივისცემა არ გამოვხატო ქართველი პროფესორების მიმართ, რომლებმაც ჩემი სამართლებრივი აზროვნების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *