ქართველი მილიარდერები

ქართველი მილიარდერები

Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში, სხვადასხვა დროს, ოთხი ქართველი მოხვედრილა, რომელთაგანაც წლევანდელ ჩამონათვალში ორი ფიგურირებს. ერთერთი, მიხეილ ლომთაძე, სიის ახალწვეულია. ჯამში $13.1 ტრილიონის ქონების მქონეთა სიაში ქართველების ჯიბეზე მხოლოდ $10 მილიარდი მოდის.

Forbes-ის მილიარდერთა სიას კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე – მიხეილ ლომთაძე შეემატა, რის შედეგადაც საქართველოს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში ორი მოქალაქე ჰყავს. ყაზახური ფინტექ-კომპანია KASPI-ს IPO-ს შედეგად მიხეილ ლომთაძემ, Forbes-ის შეფასებით, $3.8 მილიარდი დოლარის ქონება დააგროვა.

გლობალურ მილიარდერთა სიაში საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ ლომთაძე წარმოადგენენ. 

2020 წლის ჩათვლით, მილიარდერთა სიაში შედიოდა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ალექსანდრე ჯაფარიძე, რომლის ქონებაც $1.2 მილიარდად იყო შეფასებული, თუმცა 2021 წლის სიაში ის მილიარდერთა რიგებში აღარაა და რუსეთის უმდიდრეს ბიზნესმენთა შორის $950 მილიონის ქონებით #125-ე ადგილს იკავებს.

2014 წელს მილიარდერთა სიაში შედიოდა ბიზნესმენი დავით იაკობაშვილიც, რომლის ქონებასაც მაშინ Forbes-ი $1.2 მილიარდად აფასებდა. ამჟამად კი იაკობაშვილის ქონება რუსული Forbes-ის მიერ $700 მილიონად არის შეფასებული, რითაც ის რუსეთის #173-ე უმდიდრესი ბიზნესმენია. 

მთლიანობაში Forbes-ის სიაში შემავალ ქართველთა ქონება $10.25 მილიარდი დოლარია.

ბიძინა ივანიშვილი

4.8 მილიარდი დოლარი

პოზიცია გლობალურ სიაში: #589
ასაკი: 65 წლის
სიმდიდრის წყარო: ინვესტიციები
მოქალაქეობა: საქართველო
საცხოვრებელი ადგილი: თბილისი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
შვილები: 4

საქართველოს უმდიდრესმა მოქალაქემ, ბიძინა ივანიშვილმა, ქონება რუსეთში, 1990-იანების დასაწყისში დააგროვა. ის იყო ერთ­-ერთი პირველი კომერციული ბანკის – Rossiysky Kredit-ის თანადამფუძნებელი. ამასთანავე, მონაწილეობდა რუსეთის მეტალურგიულ, უძრავი ქონებისა და ფარმაცევტულ ბიზნესებშიც. 

რუსეთის ფედერაციაში მის სხვადასხვა ინვესტიციას ფონდი Unicor-ი მართავდა. საქართველოში აქტიურ პოლიტიკაში შემოსვლის განცხადებასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილმა რუსული აქტივები ეტაპობრივად გაყიდა. გაასხვისა მსხვილი მეტალურგიული ქარხნები, რომელთა ნაწილის მყიდველიც მილიარდერები ალიშერ უსმანოვი და ვასილი ანისიმოვი იყვნენ. 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა ბანკ Rossiysky Kredit-ის წილებიც გაყიდა. 

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ბიზნესსაქმიანობა 1996 წელს, „ქართუ ბანკის“ დაფუძნებით დაიწყო. მალევე დააფუძნა „ქართუ ჯგუფი” და საქველმოქმედო ფონდი „ქართუც”. 2020 წლის ბოლოს საქველმოქმედო ფონდის საკუთრებაში გადავიდა „ტურიზმის განვითარების ფონდის” აქტივებიც, რომელთა შორისაც შეკვეთილში „პარაგრაფის” სასტუმრო და თბილისის ცენტრში მშენებარე „პანორამის” პროექტიც შედის. 

საქართველოში ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში შედის ასევე „თანაინვესტირების ფონდის” აქტივები, რომელიც მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, უძრავი ქონებისა და ენერგეტიკის მიმართულებით ახორციელებს ინვესტიციებს.

ქონების ცვლილება წლების განმავლობაში

მიხეილ ლომთაძე

3.8 მილიარდი დოლარი

პოზიცია გლობალურ სიაში: #832
ასაკი: 45 წლის
სიმდიდრის წყარო: ფინტექი, ინვესტიციები
მოქალაქეობა: საქართველო
საცხოვრებელი ადგილი: ალმათი
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
განათლება: Harvard MBA

მიხეილ ლომთაძე 2007 წლიდან ყაზახური Kaspi Bank-ის CEO-ს პოსტს იკავებს. ციფრული ტრანსფორმაციის შედეგად Kaspi ქვეყნის უმსხვილესი ფინტექ­-­კომპანია გახდა, 2020 წლის ოქტომბერში კი ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი შეთავაზება განახორციელა, რის შედეგადაც მიხეილ ლომთაძე და Kaspi-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვიაჩესლავ კიმი Forbes-ის მილიარდერთა სიაში მოხვდნენ.

მიხეილ ლომთაძე საქართველოში, ქ. ბათუმში, 1975 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ჰარვარდის ბიზნესსკოლაში განაგრძო, რომელიც 2002 წელს მაგისტრის MBA ხარისხით დაასრულა.

მიხეილ ლომთაძემ ბიზნესსაქმიანობა საქართველოში დაიწყო და 1995 წელს აუდიტორული ფირმა „ჯი-სი-ჯი აუდიტი” დააფუძნა, რამდენიმე წლის შემდეგ ეს კომპანია Ernst&Young-ის ჯგუფის ნაწილი გახდა.

2002 წლიდან მიხეილ ლომთაძემ საინვესტიციო ფონდ Baring Vostok Capital Partners-ის საინვესტიციო მენეჯერის პოსტი დაიკავა და 2004 წლიდან მისი პარტნიორიც გახდა. შემდგომში Baring Vostok Capital Partners-ი Kaspi Bank-ის ერთ­-ერთი წამყვანი აქციონერი და ინვესტორიც გახდა. რის შემდეგაც 2007 წლიდან Kaspi Bank-ის CEO გახდა.

ალექსანდრე ჯაფარიძე

950 მილიონი დოლარი

პოზიცია რუსული Forbes-ის სიაში: #125
ასაკი: 65 წლის
სიმდიდრის წყარო: ნავთობის მოპოვება, ინვესტიციები
მოქალაქეობა: რუსეთი
საცხოვრებელი ადგილი: მოსკოვი
განათლება: მოსკოვის სანავთობო ინსტიტუტი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
შვილები: 5

ბიზნესმენ ალექსანდრე ჯაფარიძის ქონებას რუსული Forbes-ი ამჟამად 950 მილიონი დოლარით აფასებს. 2020 წლის განმავლობაში ის საერთაშორისო გამოცემის მილიარდერთა სიაშიც იყო და მაშინ, Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 

ალექსანდრე ჯაფარიძემ ქონება ნავთობის კვლევა-ძიებისა და მოპოვების სექტორში დააგროვა. მან 1995 წელს დააფუძნა კომპანია „პეტროალიანსი”, რომელიც შემდეგ გაყიდა. 2004 წელს კი ჯაფარიძემ Lukoil-ის შვილობილი კომპანია $130 მილიონად შეიძინა და მის ბაზაზე Eurasia Drilling Company დააარსა. ამჟამად კომპანია 18,000 ადამიანს ასაქმებს, 2019 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავალი $1.6 მილიარდს შეადგენდა. 2018 წელს კომპანიის შემოსავალი $1.65 მილიარდი, 2017 წელს კი $2 მილიარდი იყო.

2015 წელს Schlumberger-მა განაცხადა, რომ Eurasia Drilling Company-ის 50%-იან წილს შეიძენდა, თუმცა ეს გარიგება რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობათა დაძაბვის ფონზე აღარ შედგა.

ქონების ცვლილება წლების განმავლობაში

დავით იაკობაშვილი

700 მილიონი დოლარი

პოზიცია რუსული Forbes-ის სიაში: #173
ასაკი: 64 წლის
სიმდიდრის წყარო: ინვესტიციები
მოქალაქეობა: რუსეთი
განათლება: თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი (არასრული);
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
შვილები: 1

ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის ქონებას რუსული Forbes-ი $700 მილიონად აფასებს. Forbes-ის თანახმად, მისი ქონება მაქსიმალურ ნიშნულზე – 1.2 მილიარდ დოლარზე – 2014 წელს იყო, რითაც მილიარდერების გლობალურ რეიტინგშიც შედიოდა, ამჟამად კი რუსეთის მასშტაბით #173-ე უმდიდრესი ადამიანია.

დავით იაკობაშვილი რუსეთში რძის პროდუქტებისა და წვენების წარმოებით დაკავებული ერთ­-ერთი უმსხვილესი კომპანიის, „ვიმ-ბილ-დან”-ის (WBD) ერთ­-ერთი დამფუძნებელია. კომპანია 2010 წელს PepsiCo-მ შეიძინა. იაკობაშვილი კომპანიის 10.5%-იან წილს ფლობდა და გარიგების შედეგად მან $600 მილიონი მიიღო. კვების მრეწველობის გარდა, დავით იაკობაშვილი ნავთობის ბიზნესშიც საქმიანობს, 2011 წელს მან დააფუძნა Petrocas Energy-ი, რომელიც საქართველოში Gulf-ის ბენზინგასამართი სადგურების ქსელს, ასევე ნავთობტერმინალს ფლობს. 2014 წელს ჯგუფის 49%-იანი წილი რუსულმა ენერგოგიგანტმა Rosneft-მა შეიძინა.

2019 წელს მოსკოვში გაიხსნა დავით იაკობაშვილის მიერ შექმნილი მუზეუმი „Собрание”, რომელიც კლასიკური ხელოვნების ნიმუშებს აერთიანებს.

ქონების ცვლილება წლების განმავლობაში

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *