ფოტო: freemanlaw.com
ყაზახეთის ხელისუფლება კრიპტოვალუტის მფლობელებისთვის საგადასახადო შეღავათებისა და რეგულაციების გამარტივებას გეგმავს. ცვლილებები ქვეყანაში ციფრული აქტივების ლიცენზირებულ პლატფორმებზე დაბრუნებასა და კრიპტოინდუსტრიის გაძლიერებას ემსახურება.
ყაზახეთის მთავრობის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით, კერძო ინვესტორები სამი წლის განმავლობაში ციფრული აქტივებით მიღებულ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან. თუმცა შეღავათები არ გავრცელდება აქტივებზე, რომლებიც თაღლითობასთან, ფულის გათეთრებასთან ან არალიცენზირებულ კრიპტოსერვისებთანაა დაკავშირებული. დამატებით კი შეიქმნება პირობები ქვეყანაში მაინინგის სექტორის გასავითარებლად.
ბოლო წლებში ყაზახეთი კრიპტომაინინგის ერთ-ერთ მთავარ ჰაბად იქცა. ქვეყნის მიმზიდველობა განსაკუთრებით 2021 წელს, ჩინეთის მიერ ბიტკოინის მაინინგის აკრძალვის გავლენით, გაიზარდა. მაინერებს ყაზახეთში გადასვლისკენ ქვეყანაში ელექტროენერგიის ხელმისაწვდომმა ფასებმა უბიძგა. შედეგად, ყაზახეთი ბიტკოინის მაინინგით აშშ-ის შემდეგ მეორე უდიდეს ცენტრად იქცა.
თუმცა მაინერების სწრაფი შემოდინების შედეგად ქვეყნის მოძველებული ელექტროენერგიის ქსელი მნიშვნელოვნად დაიტვირთა. 2021 წლის ოქტომბერში ელექტროენერგიის გაზრდილმა მოთხოვნამ ყაზახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში სამი ელექტროსადგურის მუშაობისთვის პრობლემები შექმნა, რამდენიმე რეგიონში ელექტროენერგიაზე შეზღუდვებიც დაწესდა. პიკურ პერიოდში კრიპტომაინერები ქვეყნის მთლიანი ელექტროენერგიის დაახლოებით 8%-ს მოიხმარდნენ.
შედეგად, ყაზახეთის ხელისუფლება იძულებული გახდა, ელექტროენერგიის მოხმარებასა და ციფრული აქტივების სექტორზე რეგულაციები გაემკაცრებინა. რეგულაციების გამკაცრება კი ქვეყნიდან მაინერების გადინების მიზეზად იქცა, თუმცა მათი ნაწილი საქმიანობას არალეგალურად მაინც განაგრძობდა.
ყაზახეთის ფინანსური მარეგულირებლის, Astana International Financial Centre-ის (AIFC), მონაცემებით, ქვეყნის მოქალაქეები დაახლოებით 1 მილიონ კრიპტოსაფულეს ფლობენ. ეს მონაცემი ოთხჯერ აღემატება მარტის მდგომარეობით ავტორიზებულ ადგილობრივ ბირჟებზე რეგისტრირებული მომხმარებლების (256 900 მომხმარებელი) რაოდენობას.















