ყაზტრანსგაზ-თბილისის 100%-იანი წილის მფლობელი, შესაძლოა, Waltbay LTD გახდეს

ყაზტრანსგაზ-თბილისის 100%-იანი წილის მფლობელი, შესაძლოა, Waltbay LTD გახდეს

ყაზტრანსგაზ-თბილისის 100%-იანი წილის შესყიდვით მარშალის კუნძულების რესპუბლიკაში რეგისტრირებული კომპანია Waltbay LTD-ია დაინტერესებული. მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერი აწერს, აღნიშნულია, რომ ყაზტრანსგაზისგან ყაზტრანსგაზ-თბილისის წილის გამოსყიდვა შემდეგი პირობებით მოხდება:  

შპს ყაზტრანსგაზ-თბილისი გათავისუფლდება დავალიანების გადახდის ვალდებულებისგან.  

ამასთან, კომპანია გათავისუფლდება ყაზტრანსგაზისა და Intergas Finance BV-ის დავალიანებისგანაც. კომპანიის საგადასახადო რისკების დაზღვევას კი უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.  

მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს უკვე დაავალა დაასრულოს სს ყაზტრანსგაზთან საარბიტრაჟო დავის მორიგების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებები.  

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყაზტრანსგაზ-თბილისის შეძენით დაინტერესებული საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იყო. მაშინ GIG-ში ამბობდნენ, რომ კომპანიის შეძენაზე პრინციპული თანხმობა მიღებული იყო. ყაზახური Forbes-ის ცნობით, გარიგების ღირებულება 40 მლნ დოლარი უნდა ყოფილიყო.  

შეგახსენებთ, რომ 2006 წელს “ყაზტრანსგაზმა” თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია “თბილგაზი” 12 მილიონ 500 ათას დოლარად შეიძინა.  

2009 წლის მდგომარეობით კი “ყაზტრანსგაზ-თბილისს” 80 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა, აქედან 68 მილიონი – საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ. კომპანიის მიერ დაგროვილი ვალების ამოღების მიზნით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2009 წელს “ყაზტრანსგაზ-თბილისში” სპეციალური მმართველი დანიშნა.  

“ყაზტრანსგაზს” ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილი აქვს. “ყაზტრანსგაზი” მთავრობისგან 180 მილიონი დოლარის მიღებას ითხოვს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *