ტელეკომპანია რუსთავი 2–ის 100% წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიას ყიდის. მის განცხადებას ტელეარხი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტელეარხს დღეს 70 მილიონ ლარამდე კრედიტორული დავალიანება აქვს. მის გაყიდვას ხალვაში კონკურსის წესით გეგმავს.
“სამწუხაროდ, ჩემი ფინანსური შესაძლებლობები კომპანიის ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად არ არის საკმარისი. ამიტომ, მსურს ღიად და საჯაროდ განვაცხადო, რომ მზად ვარ ვისაუბრო ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, ვინც იყიდის რუსთავი 2-ს, დაეხმარება მას გამოვიდეს კრიზისიდან და გახდეს წარმატებული კომპანია. შესაბამისად მე, დავიბრუნებ იმ ზარალს, რომელიც მომაყენა კომპანიის მიზანმიმართული გაკოტრების მცდელობამ”, – წერს ხალვაში.
მისივე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ტელეკომპანია კონკურსის წესით გაიყიდება, რომელიც 1 კვირას გაგრძელდება.
“პოლიტიკური თუ სხვა ხასიათის მანიპულაციების თავიდან ასაცილებლად, ვისაუბრებ მხოლოდ იმ პირებთან, ვინც წარმოადგენს საკუთარ განზრახულობათა სერიოზულობის დასტურს, რაც შეიძლება იყოს საბანკო გარანტია ან სპეციალურ საკონკურსო ანგარიშზე არანაკლებ 1.000.000 აშშ დოლარის თანხის განთავსება. კონკურსში გამარჯვებულს, საგარანტიო თანხა ჩაეთვლება გადასახდელ ფასში, დამარცხებულს – ფული უკან დაუბრუნდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის კომპანიის საფასურს, საგარანტიო თანხას დაკარგავს. ყველა პირი, ვისაც სურვილი ექნება გამოეხმაუროს ჩემს წინადადებას, ვალდებული იქნება საჯაროდ გამოხატოს საკუთარი პოზიცია, რის შემდეგაც მზად ვიქნები განვიხილო შემოთავაზებები და სრულად გავაცნო კომპანიის ფინანსური მდგომარეობა”, – წერს ხალვაში.