მზარდი საპროტესტო ტალღის ფონზე, რომელიც ირანში ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის საეჭვო ვითარებაში სიკვდილს მოჰყვა, ქვეყანამ Instagram-სა და WhatsApp-ზე წვდომა შეზღუდა. ამასთან ერთად კი მთელი ირანის მასშტაბით ინტერნეტის მუშაობის მნიშვნელოვანი შეფერხება დაფიქსირდა და ერთ-ერთი უმსხვილესი მობილური ოპერატორიც გაითიშა.
საპროტესტო აქციების შედეგად ირანული მედიისა და ოფიციალური პირების ცნობით, სულ მცირე, ექვსი მომიტინგე, ასევე პოლიციელი და პროსამთავრობო მილიციის ორი წარმომადგენელი დაიღუპა. თუმცა მომიტინგეთა ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით მეტია.
ლონდონური NetBlocks-ის ინფორმაციით, WhatsApp-ის სერვერების მუშაობა რამდენიმე ინტერნეტპროვაიდერზე შეფერხდა. რამდენიმე საათით ადრე კი შეწყდა Instagram-ის მუშაობაც. თეირანისა და სამხრეთ ირანის ორი მაცხოვრებლის განცხადებით, WhatsApp-ზე მხოლოდ ტექსტის გაგზავნა იყო შესაძლებელი, ხოლო Instagram-ი სრულად დაიბლოკა. შეგახსენებთ, რომ ორივე პლატფორმა Meta-ს საკუთრებაა და იმ რამდენიმე ქსელს შორის რჩება, რომლებიც ირანში კვლავ ფუნქციონირებს.
NetBlocks-მა სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვა 2019 წლის მოვლენებს დაუკავშირდა, როდესაც ირანის მთავრობამ, საპროტესტო ტალღის ჩასახშობად, ინტერნეტი ქვეყანაში დაახლოებით ერთი კვირით გათიშა.