ოლიგოპოლია (ინგლისურად Oligopoly) არის სიტუაცია, როდესაც ბაზარზე რამდენიმე კომპანია დომინირებს. ბაზარზე თუ მხოლოდ ერთი კომპანიაა, მაშინ გვაქვს მონოპოლია, თუ ორი კომპანიაა, გვაქვს დუოპოლია და თუ ბაზრის მნიშვნელოვანი წილი 2-ზე მეტ, მაგრამ არა ბევრ კომპანიას უჭირავს, მაშინ გვაქვს ოლიგოპოლია.
ოლიგოპოლიურ ბაზარზე კომპანიები შეთანხმებულად მოქმედებენ. შეთანხმების მიზანი კომპანიების მოგების ზრდაა. ისინი აკონტროლებენ საქონლისა და მომსახურების ერთობლივ მიწოდებას, რომ მაღალი ფასი შეინარჩუნონ ან აწესებენ მინიმალურ ფასს, რომელზე ქვემოთ არცერთი კომპანია არ აწვდის პროდუქტს. ოლიგოპოლიის არსებობას ბაზარზე კონკურენტი ფირმების შემოსვლის სირთულე განაპირობებს. ხშირად ბაზარზე შესვლის სირთულე მთავრობის მიერ დაწესებული ბარიერებით არის განპირობებული.