ფინანსური აქტივები (ინგლისურად Financial Assets) არის ადამიანის, კომპანიის ან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფინანსური რესურსები, რომლებსაც შემოსავლის მოტანა შეუძლიათ. აქტივები, ქონებისგან განსხვავებით, მხოლოდ იმ ფასეულობებს მოიცავს, რომელთაც შემოსავლის მიღების მიზნით ვფლობთ. ფინანსური აქტივები მაღალი ლიკვიდობით გამოირჩევა, ისინი მოიცავს: ნაღდ ფულს, აქციებს, ობლიგაციებს, დეპოზიტებს, გაცემულ სესხებს და სხვა.
ბიზნესში სიტყვა „აქტივები“ ძირითადად ბუღალტრული დანიშნულებით გამოიყენება და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას გამოხატავს. რაც მეტია კომპანიის ფინანსური აქტივები, მით მეტია შემოსავლის მიღების პოტენციალი. აქტივები კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანგარიშში (ბალანსში) არის მოცემული.
ფინანსური აქტივები იყოფა მიმდინარე და გრძელვადიან აქტივებად. გრძელვადიანს მიაკუთვნებენ ისეთ ფინანსურ აქტივებს, რომლებიც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გამოიყენება, ხოლო მიმდინარე აქტივები არის ნაღდი ფული (ხელზე და ბანკის ანგარიშზე) და ის აქტივები, რომლებიც მაქსიმუმ ერთ წელიწადში გადაიცვლება ფულზე.