პორტფელის ინვესტიციები (Portfolio investment) არის გრძელვადიანი კაპიტალდაბანდება საწარმოს საწესდებო კაპიტალში, რომელსაც უცხოელი (არარეზიდენტი პირი) ახორციელებს და ამავე დროს კომპანიის 10%-ზე ნაკლებს ეუფლება. პორტფელის ინვესტორებს მიეკუთვნებიან ასევე ის იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც ფლობენ არარეზიდენტი საწარმოს მიერ გამოშვებულ სხვადასხვა სახის ისეთ ფასიან ქაღალდებს, რომლებიც საწესდებო კაპიტალში მონაწილეობას არ უზრუნველყოფენ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისგან განსხვავებით, პორტფელის ინვესტიციის განმახორციელებელი კომპანიის მართვაში საერთოდ არ ერევა ან პასიური როლი აქვს.
პორტფელის ინვესტორის მიზანია, კომპანიის მოგებიდან წილი მიიღოს, ან საპროცენტო შემოსავალი მიიღოს, თუ სავალო ფასიან ქაღალდებს ფლობს ან მის მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების (ან წილის) გაყიდვით იმაზე მეტი ფული იშოვოს, ვიდრე ინვესტიცია ჩადო. პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან შედარებით, პორტფელის ინვესტიცია უფრო ლიკვიდურია და ამავე დროს – ნაკლებრისკიანი, ეს არის მისი უპირატესობა.
პორტფელის ინვესტიციები ქვეყნის საგადასახდელო ბალანსში აღირიცხება. საქართველოში საგადასახდელო ბალანსს და მათ შორის, პორტფელის ინვესტიციების სტატისტიკას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.