პროტექციონიზმი (ინგლისურად Protectionism) არის სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა, რომლის მიზანი იმპორტირებული საქონლისგან ადგილობრივი წარმოების დაცვაა. პროტექციონისტული პოლიტიკის გასატარებლად ქვეყნები იყენებენ საბაჟო ტარიფებს, საიმპორტო კვოტებს, სახელმწიფო სუბსიდიებს, საიმპორტო სტანდარტებს და სხვა ღონისძიებებს. ყველა ღონისძიების მიზანი იმპორტირებული საქონლის გაძვირება ან ადგილობრივი წარმოების საქონელთან არათანაბარ პირობებში ჩაყენებაა.
გასულ საუკუნეებში პროტექციონიზმს ბევრი ქვეყნის მთავრობა იზიარებდა, თანამედროვე დროში კი უფრო ნაკლებად ან ნაკლები სიმკაცრით გამოიყენება. საერთაშორისო ინტეგრაციულმა პროცესებმა ქვეყნები უფრო თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკაზე გადაიყვანა.