სააქციო საზოგადოება (სს) (ინგლისურად Joint-Stock Company (JSC)) არის საწარმოს (კომპანიის) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, რომლის საწესდებო კაპიტალი დაყოფილია წესდებით განსაზღვრული რაოდენობის აქციებად. აქცია არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებს პარტნიორის (აქციონერის) მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო საზოგადოებაში. სააქციო საზოგადოების პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მხოლოდ კომპანიის ქონებით. სააქციო საზოგადოების აქციონერი პასუხს არ აგებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებისათვის საკუთრი ქონებით. კომპანიის მოგების (დივიდენდის) განაწილების წესი, კომპანიის მართვის წესი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები კომპანიის წესდებით დგინდება.
სააქციო საზოგადეობა არ არის ვალდებული, აქციებს საჯაროდ ყიდდეს, მაგრამ თუ აქციების საჯაროდ გაყიდვას დაიწყებს, კომპანიის კაპიტალი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზრდოს და კომპანიას საბაზრო ფასი დაედოს, რასაც საბაზრო კაპიტალიზაციას უწოდებენ. სწორედ ეს არის სააქციო საზოგადოების უპირატესობა – აქციების გაყიდვით ინვესტორების შედარებით იოლად მოზიდვა. აქციის ყიდვასთან ერთად ინვესტორი კომპანიის შესაბამის წილს ყიდულობს.