სახელმწიფო შესყიდვა (ინგლისურად State Procurement) არის საჯარო დაწესებულებების მიერ საქონლის, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა წინასწარ განსაზღვრული წესებით. საჯარო დაწესებულებები სახელმწიფო შესყიდვებს ახორციელებენ როგორც ფუნქციონირებისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესასყიდად, ასევე დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად. მაგალითად, როდესაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო კომპიუტერებს ყიდულობს, ეს არის სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც სამინისტროს ფუნქციონირებისთვის სჭირდება. იმავე სამინისტრომ შეიძლება ასევე შეისყიდოს საავტომობილო გზის დაგების სამშენებლო სამუშაოები.
სახელმწიფო შესყიდვა ტენდერით ან ტენდერის გარეშე ხორციელდება. ტენდერის დროს შემსყიდველი საქონელს ან მომსახურებას ყიდულობს მისგან, ვინც უფრო იაფად შესთავაზებს. ტენდერის გარეშე შესყიდვის დროს კი შესაძლოა ფასის გამოკითხვა არ ჩატარდეს და ისე გაუფორმოს კონტრაქტი საქონლის ან მომსახურების მიმწოდებელს. უტენდერო შესყიდვები გამონაკლის შემთხვევებში ხორციელდება.