საფონდო ბირჟა (ინგლისურად Stock Exchange) არის ფასიანი ქაღალდების ბაზარი, სადაც ვაჭრობის სპეციალური პირობები და ინფრასტრუქტურა არსებობს. საფონდო ბირჟებზე ვაჭრობა ძირითადად შუამავლების – ბროკერების ან დილერების გამოყენებითაა შესაძლებელი. ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების გამყიდველები ასახელებენ საწყის ფასს და შემდეგ ყიდულობს ის, ვინც აუქციონის პრინციპით ყველაზე მაღალ ფასს დაასახელებს. საფონდო ბირჟის მიზანი ფასიანი ქაღალდების მყიდველებისა და გამყიდველების ერთმანეთთან დაკავშირებაა. ამისათვის მათ ყველა იმ მომსახურებას უწევს, რაც გარიგების დადებას შეუწყობს ხელს.
საფონდო ბირჟებს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე დასაშვებად დადგენილი აქვს თავისი წესები, ამიტომ ყველა კომპანიას არ შეუძლია საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა. საფონდო ბირჟის დადგენილი წესების დაკმაყოფილება პოტენციურ ინვესტორებს მეტ ნდობას ანიჭებს ბირჟაზე მოვაჭრე კომპანიების მიმართ.
საფონდო ბირჟა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ის უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ამასთან ერთად, საფონდო ბირჟები აქვეყნებენ ინდექსებს, ე.წ. საფონდო ბირჟის ინდექსებს, რომლებიც ბირჟაზე აქციების საშუალო ფასის ცვლილებას უჩვენებს. საფონდო ბირჟის ინდექსი მნიშვნელოვანი ინდიკატორია, თუ როგორ იცვლება ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა.
დღეს მსოფლიოს უმსხვილესი საფონდო ბირჟებია: ნიუ-იორკის, ნასდაქის, შანხაის, ტოკიოს, ლონდონის, ჰონგ-კონგის და სხვა.