სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს) (ინგლისურად General Proprietorship Company (GPC)) არის საწარმოს (კომპანიის) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, რომელშიც რამდენიმე პირი (პარტნიორი) ერთობლივად, ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. პარტნიორები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ როგორც სოლიდარული მოვალეები – მთელი თავიანთი ქონებით. სწორედ ამიტომ ჰქვია აღნიშნულ სამართლებრივ ფორმას სოლიდარული პასუხისმგებლობის.
არ არის აუცილებელი, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების მოგება მფლობელების წილების პროპორციულად გაიყოს. მოგების განაწილების წესი, კომპანიის მართვის წესი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები კომპანიის წესდებით დგინდება.
საქართველოში მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ კანონის თანახმად, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს სულ ცოტა ერთი პარტნიორის სახელს „სპს“-ის დამატებით. თუ სპს-ში გაერთიანებული არიან მხოლოდ იურიდიული პირები, მისი სახელწოდება უნდა შეიცავდეს ერთ-ერთი მათგანის საფირმო სახელწოდებას სპს-ის დამატებით.
სპს-ს დაარსება მარტივია და ამავე დროს კრედიტორებისთვის მიმზიდველია, რადგან პარტნიორების მხრიდან კრედიტებზე პასუხისმგებლობა სოლიდარულია.