რა დაუჯდა საქართველოს კორონავირუსის ორი თვით შეჩერება

რა დაუჯდა საქართველოს კორონავირუსის ორი თვით შეჩერება

წინამდებარე სტატიის მიზანია, გავაანალიზოთ საქართველოში კორონავირუსის პრევენციისთვის მიღებული გადაწყვეტილებები და შევაფასოთ მათი შედეგები.  ვფიქრობთ, ამის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსოფლიოს წამყვანი ეპიდემიოლოგები ვირუსის მეორე და მესამე ტალღას დიდი ალბათობით ელიან. როგორც წინა სტატიებში, ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ მიღებული გადაწყვეტილებების შეფასებით, არამედ, პირველ ყოვლისა, დავასაბუთებთ ამ შეფასებებს და ჩამოვაყალიბებთ, ჩვენი აზრით, რა უნდა გაკეთებულიყო და რა უნდა გაკეთდეს ეპიდემიის მეორე ან მესამე ტალღის შემთხვევაში.

ვფიქრობთ, რომ გადაწყვეტილებებისა და კონკრეტული ზომების მიღებამდე აუცილებელია სიღრმისეული ანალიზი იმისა, თუ რა სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებს მოიტანს ესა თუ ის  გადაწყვეტილება, განსაკუთრებით ისეთი ღარიბი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა. 

1. მარტში მიღებული გადაწყვეტილებები

ვირუსის გავრცელების საპასუხოდ სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა რეაგირება ჰქონდა. საქართველოს რეაგირება ვირუსის გავრცელების პრევენციაზე იყო ისეთი, როგორიც პირველად გამოიყენა ჩინეთმა ვუჰანის პროვინციაში, შემდეგ კი ჩინეთის მაგალითზე სხვა ქვეყნებმა –   საფრანგეთმა, ესპანეთმა იტალიამ, აშშ-მ და სხვა.

რეაგირება იყო  ძალიან მკვეთრი. ქალაქები ჩაიკეტა, კერძო ორგანიზაციებს აეკრძალათ მუშაობა, დასაქმებულებმა მინიმუმ დროებით დაკარგეს შემოსავალი, დაირღვა პროდუქტის მიწოდება, ჩაიშალა და ჩაწყდა მიწოდების მთელი ჯაჭვი, ნედლეული და საბოლოო პროდუქტი ვეღარ მიდიოდა დანიშნულების ადგილზე, შეჩერდა საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტი, შეჩერდა თითქმის ყველა სახელმწიფო დაწესებულების მუშაობა, ღამის საათებში მთლიანად შეიზღუდა მოძრაობა, დაწესდა ოჯახის წევრების ერთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შეზღუდვები და ა.შ. შესაბამისად, ეკონომიკა და ეკონომიკური აქტივობა ფაქტობრივად გაჩერდა.

ამ სტატიის წერისას, მაისის შუა რიცხვებში, მთავრობამ გამოაცხადა გადაწყვეტილება შემზღუდველი ღონისძიებების მოხსნის შესახებ 22 მაისიდან. 

მარტის მეორე ნახევრიდან მაისის მეორე ნახევრამდე მიღებულ ზომებთან დაკავშირებით მთავარი საკითხი არის შემდეგი: მაისის მეორე ნახევარში ვირუსი არ გამქრალა, ის არსებობს და საქართველოშია, როგორც ეს იყო მარტის მეორე ნახევარში. ასევე, ვირუსის გავრცელების თვისებები და რისკი მაისში ისეთივეა, როგორიც იყო მარტში. გარდა ამისა, მაისში ვირუსის ვაქცინა ან მისგან განკურნების პრეპარატები ჯერ შექმნილი არ არის, ისევე როგორც ეს იყო მარტში. ისმის კითხვა: თუ მარტთან შედარებით ეპიდემიური რისკების თვალსაზრისით მაისში  არაფერი შეცვლილა, რატომ ვაუქმებთ მარტში შემოღებულ აკრძალვებს? და თუ ამ აკრძალვების აუცილებლობა აღარ არის მაისში, რატომ იყო მათი აუცილებლობა მარტში, როდესაც სიტუაცია იგივე იყო?

პასუხი კითხვაზე არის მხოლოდ  შემდეგი: ყველამ, და მათ შორის მთავრობამ, გაიაზრა, რომ ეს ზომები და ასეთ პირობებში ფუნქციონირება ქვეყანას უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების წინაშე აყენებს. სხვა ახსნა – მარტში ჩაკეტვას და მაისში გახსნას არა აქვს.

განვითარებული და ძლიერი ქვეყნებისაგან განსხვავებით, ჩვენ გაცილებით ღარიბი და მაღალი რისკების ქვეყანა ვართ  და ასეთი მკვეთრი ზომების მიღების ფუფუნება საქართველოს არა აქვს და ის მძიმე სოციალური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებას გამოიწვევს. სიტუაცია შეიძლება ისე დამძიმდეს, რომ ამ გაღარიბებული მდგომარეობიდან ვერც გამოვიდეთ. ამიტომ, იმავე ზომების მიღება, რაც მიიღეს მყარი ეკონომიკის მქონე განვითარებულმა და მდიდარმა ქვეყნებმა, ვფიქრობთ, არ იყო სწორი. ჩვენი აზრით, პირველი შეცდომა დაშვებული იყო სწორედ იმ დრაკონული შეზღუდვების შემოღებისას, რაც მარტში გაკეთდა.  

ისმის კითხვა: რა უნდა გაკეთებულიყო? აქ, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ის, რასაც მსოფლიოს ეპიდემიოლოგები იმთავითვე, წლის დასაწყისიდან მკაფიოდ აღნიშნავდნენ: ვირუსი არსებობს, ის იარსებებს, ვაქცინის შექმნა წლის ბოლოსათვის ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინია და, შესაბამისად, უნდა მოვემზადოთ და ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება.

ნაბიჯები ვირუსთან თანაცხოვრებაზე გადასვლისათვის არის და იქნებოდა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ვირუსთან თანაცხოვრება ნიშნავს ჩვენს ყოველდღიურობაში  მისგან პრევენციის მიზნით გარკვეული ცვლილებების შეტანას, ესენია: ფიზიკური დისტანცირება,  დეზინფექციის საშუალებების რეგულარული გამოყენება, პირბადეების გამოყენება, თავშეყრის ადგილებისაგან და დახურული სივრცეებისაგან თავის არიდება, მაღალი რისკის ჯგუფების – მოსახლეობის ასაკოვანი ნაწილისა და  მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეთა მაქსიმალური დაცვა და იზოლაცია.

დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით თბილისში, გადაადგილების აუცილებლობა მხოლოდ ეკონომიკური აქტივობით არ არის გამოწვეული. გადაადგილების საშუალებების არსებობა დიდ ქალაქებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მათი გაჩერება მნიშვნელოვან სოციალურ პრობლემებს ქმნის. ნაცვლად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მთლიანად აკრძალვისა, საჭირო იყო სატრანსპორტო საშუალებების დამატება იმისათვის, რომ მგზავრთა კონცენტრაცია მაქსიმალურად შემცირებულიყო. შესაბამისად, მეტროს გაჩერების ნაცვლად საჭირო იყო ვაგონების რაოდენობის დამატება და სადღეღამისო გრაფიკზე გადასვლა. ამ გადაწყვეტილებების შესახებ მოსახლეობასთან თანამიმდევრულ, დასაბუთებულ და ინტენსიურ კომუნიკაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

შესაბამისად, მარტიდან დაგვეწყო ცხოვრება ისე, როგორც ვაპირებთ მაის-ივნისიდან ცხოვრებას – ვირუსთან ერთად ვაქცინის გარეშე. ეს გასათვალისწინებელია ვირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში.

2. მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება

მეორე საკითხი, რაზეც ვფიქრობთ, რომ ქვეყანამ თავისი მიდგომა უნდა შეცვალოს, არის ვირუსით ყველა დაავადებულის უპირობოდ უფასო მკურნალობა. ვირუსით დაავადების შემთხვევაში სახელმწიფო მკურნალობს ყველას ერთნაირად: სოციალურად დაუცველს, პენსიონერს, უმუშევარს, დასაქმებულს და კერძო სადაზღვევო პოლისის მქონე პირს. აქ არის პრობლემა.

პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ვირუსის ეპიდემიის პირობებში  თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს მატერიალური მოტივაცია იმისათვის, რომ დაიცვას შესაბამისი წესები და გაუფრთხილდეს როგორც საკუთარ, ასევე სხვის ჯანმრთელობას. თუ სახელმწიფო უპირობოდ მკურნალობს ყველას, ეს მოტივატორი, ცხადია, არ არსებობს.  

მეორე – სახელმწიფომ უნდა უმკურნალოს მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენას და პენსიონერებს. არ არის გამართლებული, ვირუსით დაავადების მკურნალობისათვის სახელმწიფომ იმდენივე დახარჯოს დასაქმებულ და  მაღალშემოსავლიან ადამიანზე, რამდენსაც ხარჯავს, მაგალითისათვის, პენსიონერზე ან სოციალურად დაუცველზე. ვირუსთან დაკავშირებული მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება სახელმწიფოს მიერ, ისევე როგორც ზოგადი მკურნალობის შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს მოქალაქის შესაძლებლობების მიხედვით.

დაბოლოს, თუ ადამიანს აქვს კერძო სადაზღვევო პოლისი, ამ შემთხვევაში მკურნალობის ხარჯები უნდა აანაზღაუროს არა სახელმწიფომ, არამედ სადაზღვევო კომპანიამ, რომელიც დაზღვეულისაგან გამოიმუშავებს სადაზღვევო პრემიას.  

3. შემოსავლების კლების ანაზღაურება ახალი ვალების აღებით

ამ ეტაპზე შეუძლებელია თქმა იმისა, თუ რამდენია მარტში მიღებული გადაწყვეტილებებით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური ზარალი. მძიმე სოციალური და ეკონომიკური შედეგები ჯერ კიდევ წინ გველოდება და მეორე კვარტალში დავინახავთ პრობლემების მხოლოდ დასაწყისს. ამიტომ არასწორია შერჩეული ბიზნესსექტორებისადმი დახმარებების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება აპრილ-მაისის პერსპექტივით.

შესაბამისად, არსებულ სიტუაციაში, ბიუჯეტიდან სექტორული დახმარებებისათვის (ტურისტული სექტორი, სოფლის მეურნეობის სექტორი, უძრავი ქონების სექტორი) ფულის გამოყოფა არასწორად მიგვაჩნია. მიმდინარე საბიუჯეტო განხილვაც ემყარება მხოლოდ დღეის მდგომარეობით დანახულ პრობლემებს და კონკრეტული ეკონომიკური სექტორებისადმი სელექციურ მიდგომას.

ჯერ არავინ იცის, ეს კრიზისი რომელ სექტორს უფრო მეტად დააზარალებს – საწარმოებს,  ტურიზმს, ვაჭრობას, სოფლის მეურნეობას, ტრანსპორტს თუ განათლებას და ა.შ. რეალური შედეგები წინ გველოდება. როდესაც ეს შედეგები საბოლოოდ დადგება, შემდეგ იქნება გასაანალიზებელი და დასათვლელი, რომელმა სექტორმა რამდენით იზარალა.

ამიტომ, ნაცვლად შერჩეული სექტორებისადმი დახმარებებისა და შესაბამისი საბიუჯეტო კორექტირებებისა, სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა გადასახადების შემცირება რამდენიმე წლით, რასაც ეფექტი ექნება არა მარტო კონკრეტული ეკონომიკური სექტორისათვის, არამედ მთლიანად ეკონომიკისა და ყველა ბიზნესსუბიექტისათვის. მარტში მიღებული რადიკალური გადაწყვეტილებით ქვეყნის, ბიზნესებისა და ინდივიდუალური ოჯახების დონეზე შემოსავლების თუ არა სრული, მინიმუმ მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც გავანულეთ და ხარჯები მეტ-ნაკლებად უცვლელი დავტოვეთ. როდესაც სახელმწიფოს შემოსავლები უმცირდება, არსებობს ორი შესაძლო გამოსავალი: ხარჯები შეამცირო და ის მოარგო შემცირებულ შემოსავლებს, ან ხარჯები არ შეამცირო და საჭირო დანაკლისი შემოსავლებში ახალი ვალით აანაზღაურო.

ჩვენ გადავწყვიტეთ, ხარჯები არ შევამციროთ და ახლა ვფიქრობთ, თუ ვინ დაგვეხმარება. ნებისმიერ სესხს, რომელსაც ხშირად რატომღაც „დახმარებად“ მოიხსენიებენ, აქვს თავისი ფასი. თუ ეს „დახმარება“ მივიღეთ, საჭირო იქნება უფრო მეტი ხარჯის – სესხის საპროცენტო ხარჯის მომსახურება ბიუჯეტიდან. ანუ ხარჯები უფრო მეტად გაიზრდება და  საქართველოს ბიუჯეტის უფრო მეტი ნაწილი, ვიდრე ახლა, წლების განმავლობაში მოხმარდება ამ „დახმარების“ პროცენტის მომსახურებას.

ფასი, რომელსაც ჩვენ დღეს ვიხდით ამ მარტში მიღებული გადაწყვეტილებების სანაცვლოდ, ძირითადად არის სწორედ ის ახალი საერთაშორისო კრედიტები, რომელთა აღებასაც ვაპირებთ ამ გადაწყვეტილებებით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად.

თუ ხარჯებს არ შევამცირებთ და შემოსავლების დანაკლისს ახალი ვალებით დაფარვის სტრატეგიის ერთგულნი დავრჩებით, ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპების გათვალისწინებით, ძალიან მაღალია რისკი იმისა, რომ საქართველო ამ გაზრდილ ვალებს ვეღარ მოემსახუროს ანუ დადგეს დეფოლტის წინაშე. დეფოლტი უახლოეს წარსულში მომხდარა ჩვენს ახლო სამეზობლოშიც და ეკონომიკურად უფრო ძლიერი და დიდი ქვეყნების შემთხვევაშიც, და ამ დეფოლტების უმრავლესობა სწორედ მყარ უცხოურ ვალუტაში არსებული სესხების მომსახურების შეუძლებლობამ გამოიწვია.

დამატებით ფინანსური ვალდებულებები ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო ასუსტებს, აუარესებს მის საინვესტიციო რეიტინგს, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო გაართულებს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას. გარდა ამისა, ჩვენი ეკონომიკა ახალი ფინანსური ვალდებულებების გამო იმდენად არამდგრადი და მოწყვლადი ხდება, რომ  არასტაბილურობის კიდევ ერთმა, თუნდაც მცირე, ფაქტორმა ის შესაძლებელია ძალიან ხანგრძლივად მთლიანად ჩამოშალოს. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში  ფინანსური სექტორის წარმომადგენლების მიერ გამოქვეყნებული საქართველოს ეკონომიკური ზრდის არც ერთი პროგნოზი არ ითვალისწინებს ვირუსის მეორე ან მესამე ტალღას. სწორედ ამიტომ ე.წ. კონსენსუსი 2020 წელს საქართველოს მშპ-ის 4.0-5.5-პროცენტიან კლებაზე ძალიან ოპტიმისტურად გვეჩვენება. უნდა დავგეგმოთ და მოვემზადოთ ეკონომიკის არა 4.0-5.5%-იანი, არამედ მისი 10%-12%-იანი შემცირებისთვის უკეთეს შემთხვევაში.

შემოსავლების კლებაზე ერთადერთი სწორი, გრძელვადიანი და მდგრადი პასუხი არის არა ვალების აღება, არამედ ხარჯების შესაბამისად შემცირება. ამისათვის საჭიროა, განვსაზღვროთ და შევინარჩუნოთ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დაცული პოზიციები: პენსიები, სოციალური დახმარებები, ჯარის, პოლიციის ხელფასები. დანარჩენი ხარჯები – როგორიც არის, მაგალითად, სუბსიდიების პროგრამები, აწარმოე/დანერგე/დათესე საქართველო, პროფესიონალური სპორტი, საზოგადოებრივი ტელევიზია და ასობით აიპ-ები და სსიპ-ები  – მთლიანად უნდა განულდეს. ასევე მაქსიმალურად უნდა შემცირდეს უზარმაზარი სახელმწიფო ბიუროკრატია ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე, და შემცირდეს ამ ბიუროკრატიასთან დაკავშირებული საბიუჯეტო ხარჯები; ასევე დაჩქარებული წესით მოხდეს სახელმწიფო აქტივებისა და კომპანიების განკერძოება. 

ანუ ჩვენი ხარჯვითი მადა უნდა მოვარგოთ ჩვენ მიერ შემოსავლების მიღების შესაძლებლობას. ეს იქნებოდა ფუნდამენტურად სწორი სტრატეგია. ხოლო თუ დავრჩებით  დღეს არჩეულ ახალი ვალების აღების სტრატეგიაზე, ქვეყნის სავალუტო შემოსავლები აღარ იქნება საკმარისი ვალუტაში დენომინირებული ვალების მომსახურებისათვის. მხოლოდ ლარის ბეჭდვით, გაუფასურებით, ეკონომიკაში გაუფასურებული ქაღალდის ფულის მატებით იქნება შესაძლებელი უცხოურ ვალუტაში დენომინირებული  ვალების გასტუმრება.

ეს გამოსავალი არ არის, რადგან ასეთი გადაწყვეტილებების გარდაუვალი შედეგი სოციალური აფეთქება და პოლიტიკური არასტაბილურობაა. ყველაფერი ის, რაც შეიძლება სოციალური თუ პოლიტიკური აფეთქებით დამთავრდეს, ჩვენ გამოსავლად და პრობლემის გადაწყვეტად არ მიგვაჩნია.

რომ შევაჯამოთ, შემოსავლების დანაკლისის ანაზღაურება, რაც გამოიწვია ვირუსის პრევენციის მიზნით მარტში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, ახალი ვალებით – არ არის სწორი გადაწყვეტილება. ნაცვლად ამისა, უნდა მოხდეს ხარჯების შესაბამისი შემცირება და შემოსავლებზე მორგება.

4. ახალი ვალების ხარჯვის მიზნობრიობა

ასევე უნდა შევაფასოთ, რა მიზნით აპირებს მთავრობა ახალი ვალებით მიღებული თანხების ხარჯვას.  ინვესტიციის განხორციელებისას, ცხადია, ყველა ინვესტორი ახდენს რისკების შეფასებას, იქნება ეს ინვესტიცია მცირე და მსხვილ ბიზნესში, ახალი ბიზნესის დასაწყებად, არსებული ბიზნესის გასაფართოებლად, არსებული ბიზნესის შესაძენად თუ პრობლემური ბიზნესის შემოსაბრუნებლად.

განვითარებადი ქვეყნები და მათში არსებული კომპანიები, რასაკვირველია, გაცილებით მაღალი რისკებით ხასიათდება, ვიდრე განვითარებული ქვეყნები.

მაგალითისთვის, ამერიკული და ბრიტანული ბანკების წილს (აქციას) დღეს შეიძენთ გასული 12 თვის მოგების საშუალოდ 7-9 წლის ნამრავლად ანუ კომპანიის საბაზრო ფასი არის 7-9 წლის მოგების შესაბამისი. ქართული ბანკების – რომლებიც დალისტულია ლონდონის ბირჟაზე – წილობრივი მონაწილეობა ანუ აქცია შეგიძლიათ შეიძინოთ 3 წლის მოგებად. ე.ი. ინვესტორებს ურჩევნიათ, მოგების ერთ დოლარში სამჯერ მეტი გადაიხადონ ბრიტანულ და ამერიკულ ბანკებში ინვესტიციისას, ვიდრე ქართულ ბანკებში. ინვესტიციის ფასთა შორის ამ სხვაობის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი ინვესტორების მიერ რისკების შეფასებაა.

რისკების განსაზღვრა და ინვესტიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ინვესტორის საქმეა. თუ ინვესტიცია გაამართლებს, ინვესტორი სანაცვლოდ მიიღებს ჯილდოს – მოგებას; და ამ მოგებას მიიღებს მხოლოდ ის. თუ ინვესტიცია არ გაამართლებს ანუ რისკები რეალიზდება – ინვესტორი სრულად ან ნაწილობრივ კარგავს თანხას; ისევე როგორც მოგება, ზარალიც მხოლოდ მისია.

ვფიქრობთ, რომ ფუნდამენტურად არასწორია, სახელმწიფოს მიერ, მაგალითად, სასტუმროებისთვის 5 მილიონ ლარამდე სესხების საპროცენტო ხარჯის 80%-ის დაფარვა ექვსი თვის განმავლობაში – სახელმწიფოს მიერ ბიზნესის მხარდაჭერის ახლად გამოცხადებული პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტი.

აქ ისმის კითხვა: რატომ უნდა დაფაროს ბიუჯეტმა ანუ გადასახადების გადამხდელებმა კერძო ბიზნესის რისკები?  ინვესტორმა აიღო რისკი. ბანკმაც აიღო რისკი. როდესაც ყველაფერი კარგად იყო, ამ რისკების სანაცვლოდ ერთს რჩებოდა მოგება, მეორეს – საპროცენტო შემოსავალი. თუმცა როდესაც საქმე ცუდად წავიდა და რისკები რეალიზდა, რატომ არ უნდა დარჩეთ მათ ზარალი, ისევე როგორც რჩებოდათ მოგება და საპროცენტო შემოსავალი? გადასახადების გადამხდელებს არ ჰქონდათ წილობრივი მონაწილეობა ინვესტორის მოგებაში და ბანკის საპროცენტო შემოსავლებში, შესაბამისად, არანაირი არგუმენტი არ არსებობს იმისათვის, რომ გადასახადის გადამხდელებმა გაინაწილონ სასტუმროს ინვესტორის ზარალი ან ბანკის ზარალი. ეს არის პირველი ფუნდამენტური პრობლემა, როდესაც სახელმწიფო კერძო ბიზნესს უფარავს გარკვეულ ხარჯებს, ამ შემთხვევაში საპროცენტო ხარჯებს გადასახადების გადამხდელების ხარჯზე.  

ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება სახელმწიფოს მხრიდან იქნებოდა შემდეგი: თუ კონკრეტულ ბიზნესს აქვს დიდი სოციალური დატვირთვა, მნიშვნელოვანია ინდუსტრიისთვის და მისი გაკოტრება გამოიწვევს ჯაჭვურ პრობლემებს, სახელმწიფოს შეუძლია დაეხმაროს ამ კომპანიას, თუ მისი ინვესტორები დახმარების სანაცვლოდ დათმობენ კომპანიის წილს. და ეს წილის დათმობა უნდა მოხდეს ძალიან იაფად, იმიტომ რომ სახლის ფასი და იმავე სახლის ფასი, როდესაც ეს სახლი ხანძარშია გახვეული, ერთი და იგივე არ არის. როდესაც კომპანია გამოჯანმრთელდება, მის ინვესტორს ექნება შესაძლებლობა, სახელმწიფოსაგან წილი გამოისყიდოს გაცილებით ძვირად, გადარჩენილი და გამართული ბიზნესის წილის ფასის შესაბამისად. ეს იქნებოდა სწორი და ამის მაგალითები უამრავია –  თუნდაც 2008-2010 წლებში ფინანსური კრიზისის დროს განვითარებული ქვეყნების მთავრობების მიერ გაკოტრებული ბანკების გადასარჩენად მათი წილების დროებით შეძენა.

5. სოციალური არასამართლიანობა

პრობლემური ბიზნესის საპროცენტო ხარჯის დაფარვა საკითხის მხოლოდ ერთი მხარეა. კერძოდ,  გავაანალიზოთ, ვის ეხმარება სახელმწიფო. იმისათვის, რომ ინვესტორმა სასტუმროსათვის ბანკიდან აიღოს 5 მილიონი ლარის სესხი, მას, მინიმუმ, თავისი კაპიტალის სახით მოეთხოვება 5 მილიონი ლარის ინვესტირება. ანუ ჯამში სასტუმროში განხორციელებულია 10 მილიონი ლარის ინვესტიცია ე.ი. ინვესტორი ფლობს 10 მილიონი ლარის ღირებულების ქონებას – აქტივს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი ქონების პატრონი ღატაკი, ღარიბი, სოციალურად დაუცველი და პენსიაზე დამოკიდებული არ არის.

გარდა ამისა, მართალია, ამ ინვესტორს ხარჯი დაუფარეს, მაგრამ საბოლოოდ გადასახადების გადამხდელის ფული წავიდა საბანკო სექტორში ინვესტორის სესხის პროცენტის დასაფარად.  ინფორმაციისთვის, საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ 2019 წელს 953 მილიონი ლარი შეადგინა.

ეს ციფრები მოვიყვანეთ იმისათვის, რომ წარმოდგენა გვქონდეს, ვის ეხმარება სახელმწიფო ამ პროგრამების ფარგლებში. პირველი პრობლემა არის ის, რომ ფუნდამენტურად არასწორია, კერძო ბიზნესის ხარჯები დაფარო გადასახადების გადამხდელის ფულით და მეორე პრობლემა არის ის, რომ სახელმწიფო ამ ფულს ჩუქნის მოსახლეობის ძალიან მცირე და თან შეძლებულ (!) ნაწილს.

6. ლარი

დაბოლოს, პრობლემა, რომელიც ვირუსით გამოწვეულ კრიზისამდეც მწვავედ იდგა, ხოლო მომავალში უფრო გამწვავდება: თუ ლართან მიმართებით დღევანდელ მიდგომას უცვლელად დავტოვებთ, გარდაუვალია ლარის მომავალი გაუფასურება, რაც გააუარესებს კომპანიებისა და კერძო პირების ფინანსურ მდგომარეობას, ხოლო გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო არამიმზიდველს გახდის.  

სუსტი ადგილობრივი ვალუტის პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია, გადავიდეთ გადახდის მულტისავალუტო რეჟიმზე, როდესაც ქვეყანაში დაშვებული იქნება როგორც ლარით, ასევე სხვა მყარი კონვერტირებადი ვალუტით ოპერირება და ანგარიშსწორება, ისევე როგორც დაშვებულია მყარ ვალუტაში დანაზოგის გაკეთება, სესხის გაცემა თუ ფასიან ქაღალდებში ინვესტირება.

უფრო მოკლევადიან პერიოდში, ვიდრე მულტისავალუტო რეჟიმზე გადავალთ, საჭიროა ასი პროცენტით დაიბეგროს სავალუტო ოპერაციებიდან საბანკო სექტორის მიერ მიღებული მოგება. ასეთი დაბეგვრა ბანკებს ხელს არ შეუშლის, მართონ თავიანთი სავალუტო პოზიციები და რისკები დეპოზიტართა ინტერესების დასაცავად და ამის კეთებას გააგრძელებენ ისევ ისე, როგორც ახლა აკეთებენ, მხოლოდ მოგების მიღების გარეშე. სავალუტო ოპერაციების ბაზარი (წელიწადში დაახლოებით 11-12 მილიარდი დოლარი და 5-6 მილიარდი ევრო) არის იმ კანონის მიერ შექმნილი ბაზარი, რომელიც ხელოვნურად კრძალავს მულტისავალუტო რეჟიმს.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ გადაწყვეტილებების კატეგორიული წინააღმდეგი იქნება საქართველოს საბანკო სექტორი და მის მიერ მართული/რეგულირებული საქართველოს ეროვნული ბანკი. ინფორმაციისათვის, 2020 წლის იანვარ-აპრილში, როდესაც ლარი მორიგ ჯერზე გაუფასურდა, საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ მხოლოდ სავალუტო ოპერაციებიდან შეადგინა 251 მილიონი ლარი, რაც 2019 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით 129%-ით მეტია.

დასკვნისთვის: პირველი – მარტში შემოღებული ტოტალური შეზღუდვები იყო შეცდომა და ეს გასათვალისწინებელია იმ შემთხვევაში, თუ ვირუსს მეორე ან მესამე ტალღა ექნება. ნაცვლად მკვეთრი შეზღუდვებისა, უნდა ვისწავლოთ და გადავერთოთ ვირუსთან ერთად ცხოვრებისა და ფუნქციონირების ახალ წესებზე. მეორე –   შეზღუდვებით მიღებული სოციალური და ეკონომიკური ზარალის ანაზღაურება ახალი ვალებით არის შეცდომა და შეიძლება ქვეყნისათვის მძიმე შედეგებით დამთავრდეს. ნაცვლად ახალი ვალების აღებისა, აუცილებელია ხარჯების შემცირება და მათი შემოსავლების რესურსზე ადაპტირება. მესამე –  გადასახადების გადამხდელის ფულით სახელმწიფომ არ უნდა აანაზღაუროს კერძო ბიზნესის ზარალი. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ეს არ არის საქართველოს მთავრობის ფუნქცია.

მისაღებია ზომიერი და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები.  არ უნდა იქნეს მიღებული არც ერთი ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას სოციალური თუ პოლიტიკური აფეთქების საფრთხის წინაშე დააყენებს. ასეთი გადაწყვეტილებები არ არის პრობლემის გადაჭრის გზა და გამოსავალი. იმისათვის, რომ შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლა მოვახერხოთ, უფრო სწრაფად უნდა გატარდეს სწრაფი ეკონომიკური ზრდისათვის აუცილებელი ის რეფორმები, რომლებიც ჩვენს წინა სტატიებში განვიხილეთ: სავალუტო რეჟიმი („ფორბსი“, ივნისი 2019), განათლება („ფორბსი“, ივლისი 2019), საბიუჯეტო პოლიტიკა (ფორბსი, აგვისტო-სექტემბერი 2019), სოფლის მეურნეობა („ფორბსი“, ოქტომბერი 2019), ენერგოპოლიტიკა („ფორბსი“, ნოემბერი 2019), ჯანდაცვა („ფორბსი“, დეკემბერი 2019), საინვესტიციო კლიმატი („ფორბსი“, იანვარი 2020), ინფრასტრუქტურა („ფორბსი“, თებერვალი 2020) სახელმწიფო საწარმოები („ფორბსი“, მარტი 2020), უსაფრთხო საინვესტიციო გარემო („ფორბსი“, აპრილი 2020).