რამდენი იყო საქართველოში მოქმედი ბანკების მოგება პირველ კვარტალში?

რამდენი იყო საქართველოში მოქმედი ბანკების მოგება პირველ კვარტალში?

2021 წლის პირველ კვარტალში ქართული ბანკების მოგებამ 412 მილიონი ლარი შეადგინა. მარტში კი საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკის მთლიანი მოგება 166.3 მილიონი ლარი იყო.

ცნობისთვის, 2020 წლის პირველ კვარტალში ბანკებს მოგების ნაცვლად 747 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდათ, რაც მათ მიერ სესხების შესაძლო დანაკარგებში 1.1 მილიარდი ლარის დარეზერვებამ განაპირობა.

მიმდინარე წელს კი ბანკების საოპერაციო მაჩვენებლები გაუმჯობესებულია. მთლიანობაში ბანკების შემოსავალი მარტის განმავლობაში 473 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 17%-ით არის გაზრდილი. აქედან საპროცენტო შემოსავლები, ანუ მომხმარებელთა მიერ სესხების მომსახურება 334 მილიონი ლარი იყო. მათ შორის ფიზიკური პირების სესხებიდან შემოსავალი 198 მილიონი ლარი (ზრდა 21%), იურიდიული პირების სესხებიდან შემოსავალი კი 136.7 მლნ ლარი (ზრდა 24%). რაც შეეხება ბანკების სხვა შემოსავლებს, საკომისიოების ჯამი წლიურ ჭრილში 85%-ით არის გაზრდილი და 37.6 მლნ ლარს შეადგენს.

ამასთან, 2021 წლის მარტში ბანკებმა 300.3 მილიონი ლარის ხარჯები გასწიეს. აქედან საპროცენტო ხარჯები 192.8 მილიონი ლარი იყო. მათ შორის დეპოზიტებზე დარიცხული სარგებელი – 111.4 მილიონი ლარი, ბანკების სხვა ვალდებულებების მომსახურების საფასური კი 58 მლნ ლარი. ამასთან, ბანკებმა მათი აპარატის შენახვაზე – ოფისებზე, თანამშრომლებსა და დირექტორთა საბჭოებზე ჯამში 65 მილიონი ლარი დახარჯეს. 11.3 მილიონი კი აქტივების შესაძლო დანაკარგების ბუფერში გადადეს. შედეგად წმინდა მოგებამ 166.3 მილიონი ლარი შეადგინა.