Meama ყავის კაფსულების მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც ქართული ბაზრის ათვისებასთან ერთად ყავის კაფსულების ექსპორტის ზრდასაც გეგმავს. Meama მომხმარებელს ევროპული და ამერიკული ფორმატის ყავის კაფსულებს, ყავის მარცვლებს, ჩაისა და ყავის აპარატებს სთავაზობს.
კომპანიის ინოვაციური ქარხანა, რომელიც 30,000 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული 2020 წელს დასახელდა საუკეთესო საოფისე სივრცედ „Architizer Awards 2020“ მიხედვით. 2019 წელს კი „მეამას“ შენობა არქიტექტურული კონკურსის Archdaily & Strelka Awards-ის გამარჯვებული გახდა საუკეთესო ინდუსტრიული შენობის კატეგორიაში.
Meama-მ ბაზარზე აქტიურად საქმიანობა 2020 წლიდან დაიწყო, კომპანიის 2020 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, მისმა შემოსავალმა გასულ წელს 4.99 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო შემოსავლები მთლიანი ხარჯების დასაფარად საკმარისი არ აღმოჩნდა და კომპანიამ გასულ წელს 8.72 მილიონი ლარით იზარალა, თუმცა კომპანიის ზარალი გასულ წელს არსებული პანდემიური ვითარებით და სწრაფ განვითარებაში ჩადებული მსხვილი ინვესტიციებით იყო განპირობებული.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, Meama-ს აქტივები 46.88 მილიონი ლარია, ხოლო სასესხო ვალდებულებები კი 30.3 მილიონს შეადგენს.
კომპანიის ძირითადი აქციონერია ბიზნესმენი სულიკო ვარსემაშვილი, რომელიც Meama-ს 50%-იან წილს ფლობს. ის ამასთანავე, აზარტული თამაშების კომპანია „ბეთლაივის“ 38%-ის მფლობელია, რომელსაც 2020 წელს 89 მილიონი ლარის შემოსავალი და 17.4 მილიონის წმინდა მოგება ჰქონდა.