ქანთრის ამერიკელი ვარსკვლავი ტეილორ სვიფტი, კარიერის განმავლობაში უდიდესი ტურნეს ფარგლებში გაყიდული ბილეთების წყალობით, ღამეში საშუალოდ $13 მილიონს გამოიმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ თანხის უმეტესი ნაწილი ტურნეს წარმოების ხარჯებზე მიდის, The Eras-ი 33 წლის სვიფტს მაინც მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიან მუსიკოსად აქცევს.
შედეგად, სვიფტის შემოსავალმა შესაძლოა $1 მილიარდს გადააჭარბოს – ზღვარს, რომელიც ჯერ არცერთ ხელოვანს არ გადაულახავს. Pollstar-ის მონაცემებით, მხოლოდ პირველი ოცდაორი კონცერტის შემოსავალმა $300 მილიონს მიაღწია, მომღერალს კი აშშ-ისა და მის ფარგლებს გარეთ კიდევ 50-ზე მეტი კონცერტი აქვს დაგეგმილი, რომელთა საერთო შემოსავალმაც შესაძლოა $1.3 მილიარდზე მეტი შეადგინოს.
სვიფტის კონცერტზე დასასწრები ბილეთის საშუალო ფასი $254-ია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველი ნახევრის 25 ყველაზე შემოსავლიანი კონცერტიდან, შვიდზე დასასწრები ბილეთის ღირებულება $200-ს აღემატებოდა, მათ შორის იყო: Phish – $206, ბრიუს სპრინგსტინი – $224, ჯორჯ სტრეიტი – $282.
ცნობისთვის, ქანთრის მომღერლის ბოლო ტურნე 2018 წელს შედგა. გასულ ტურნესთან შედარებით, ინფლაციის გავლენით, The Eras-ის ბილეთის ღირებულება $134-ით გაიზარდა, თუმცა ფასის თითქმის გაორმაგებას ბილეთების საყიდლად 1.1 მილიონი მსურველისთვის ხელი ნამდვილად არ შეუშლია.