რას წერდა ხელისუფლება IMF-ს "ოქროს სიის" გაუქმებაზე?

რას წერდა ხელისუფლება IMF-ს "ოქროს სიის" გაუქმებაზე?

ე.წ. „ოქროს სიის“ წევრი კომპანიებისთვის, საგადასახადო შეღავათების გაუქმებით, მთავრობა 100 მილიონი ლარის მიღებას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია ხელისუფლებამ საერთაშორისო სავალუტო ფონდს ივნისის დასაწყისში, კერძოდ კი 3 ივნისს გადაუგზავნა, მანამ სანამ ბიზნესის ნაწილი ცვლილებების შესახებ შეიტყობდა.

სსფ–ს პროგრამის მიმოხილვის დოკუმენტში ხელისუფლება წერს, რომ  პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დეფიციტის ზღვრული ნორმა შენარჩუნებული იქნება. კერძოდ, კი საუბარია მოდიფიცირებულ წმინდა დაკრედიტების დეფიციტზე, რაც სსფ–ს პროგრამით შემდეგნაირად განისაზღვრება: წმინდა დაკრედიტება/სესხებას გამოკლებული ბიუჯეტის მიერ გაცემული სესხი.

„განათლების რეფორმიდან გამომდინარე, საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების წახალისებას, ასევე კვალიფიციური მასწავლებლებისთვის ანაზღაურების ზრდას ვგეგმავთ.  

მიზნობრივი სოციალური დახმარებებით ვგეგმავთ არასრულწლოვნებში სიღარიბის დონის აღმოფხვრას.

აღნიშნული რეფორმების ფისკალური მხარდაჭერისთვის, ჩვენ გავზარდეთ გადასახადები სიგარეტზე და სამომავლოდ კვლავ ვგეგმავთ გადასახადების გაზრდას სხვა თამბაქოს ნაწარმზე. ჩვენ ასევე ვაუქმებთ გადასახადის გადამხდელთა ე.წ. „ოქროს სიისთვის“ შეღავათებს, რაც 100 მილიონი ლარის მიღების შესაძლებლობას მოგვცემს“, – ნათქვამია ხელისუფლების განცხადებაში, რომელიც სსფ–ს პროგრამის მიმოხილვას ერთვის.

ფინანსთა მინისტრის 31 მაისის ბრძანებით, “ოქროს სიის” 218 წევრ კომპანიას იმპორტის გადასახადის 30–დღიანი ვადა გაუუქმდა და 5 დღემდე შეუმცირდა. “ოქროს სიის” მონაწილის სტატუსი ენიჭება პირს, თუ იმპორტში ან ექსპორტში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების მაღალი მაჩვენებელი (არანაკლებ 5 მილიონი ლარი) უფიქსირდება. ასევე, მის მიერ გადახდილი იმპორტის გადასახდელების მაღალი მაჩვენებელი (არანაკლებ 900 000 ლარის)  ან საქონლის იმპორტის ან ექსპორტის მიზნით წარდგენილი საბაჟო დეკლარაციების დიდი ოდენობა უფიქსირდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.